"რატომღაც ვიღაცებს ეგონათ, რომ ქვეყნის ექიმები განცალკევებულები ვიყავით, არა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ!"
რატომღაც ვიღაცებს ეგონათ, რომ ქვეყნის ექიმები განცალკევებულები ვიყავით, არა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ! - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, დღეს ექიმების შეკრების მიზანი მკურნალობის ერთიან სქემაზე შეთანხმება იყო.
"ექიმები ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ, აქედან გამომდინარე, ინტერნეტ სივრციდან გადმოვედით სამუშაო სივრცეში. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს, იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ. დღევანდელი შეკრების მიზანი ჩემი ინიციატივა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივა სწორედ ეს არის. ქვეყნის ექიმები, რატომღაც ვიღაცებს ეგონათ, რომ ვიყავით განცალკევებულები, არა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ სანამ ეს ქვეყანას სჭირდება,"- განაცხადა ლევან რატიანმა.
რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში "პლაქველინის" გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"ეფ დი აის" "პლაქველინი" იმ პრეპარატის ნუსხიდან არ ამოუღია და უარყოფითი ნიშანი მისთვის არ დაუწერია. დღეს უკვე 9 პაციენტი გაეწერა ჩვენი კლინიკიდან გამოჯანმრთელებული მდგომარეობით, გვაქვს დადებითი დინამიკა მიღწეული და ლეტალობის ინდექსი ძალიან დაბალი, ალბათ ეს სქემა ამართლებს. მინდა გითხრათ, რომ ხვალ თუ დაიდო შედეგი, რომ უნდა ამოვიღოთ "პლაქველინი" პროტოკოლიდან, აუცილებლად...
ეს არის ჩვენი ნებით გამოსაყენებელი პრეპარატი, ამის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამბულატორიულ პირობებში და ისეთ პაციენტებთან, რომლებიც არიან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, კრიტიკულ პაციენტებთან რა თქმა უნდა, ვიყენებთ პროტოკოლის გათვალისწინებით. ქართველმა ექიმებმა ძალიან კარგად ვიცით "პლაქველინის" როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში "პლაქველინის" გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა", - განაცხადა რატიანმა.