"ბათუმში გამოყენებული ერთ-ერთი მიდგომით პაციენტიდან სამს COVID 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს, თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარი იქნება" - კვირის პალიტრა

"ბათუმში გამოყენებული ერთ-ერთი მიდგომით პაციენტიდან სამს COVID 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს, თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარი იქნება"

წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის დროს ოზონოთერაპიის გამოყენება ძალიან წარმატებული იყო. ოთხი პაციენტიდან სამს COVID 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მიდგომებს, რასაც კლინიკები კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.

ცერცვაძის ინფორმაციით, ოზონოთერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება ოზონის (O3) შეყვანა სპეციალური მეთოდით.

"შეხვედრაზე საუბარი იყო ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული. მაგალითად, მე ვისაუბრე ჩვენს გამოცდილებაზე პრეპარატ "ტოცილიზუმაბის" გამოყენების თაობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იქნეს გამოყენებული იმიტომ, რომ სერიოზული შეზღუდვები აქვს. ასევე, საუბარი იყო ბათუმის გამოცდილებაზე, სადაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებული იყო. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ კარგ შემთხვევაში, მე-13 მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს, ხოლო ზოგს შეიძლება სულაც 2 თვის შემდეგ.

ყველამ იცის, რა არის ოზონი. ეს თერაპია გულისხმობს ოზონის (O3) შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერინზე, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 10 აპრილს ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც კოვიდ19-ის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება. ესეც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისაგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, რომელსაც თან მოჰყვება რიგი მავნე ნივთიერებები," - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერეცვაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებსაც.

"შეხვედრაზე იყო საუბარი ამ ბოლო დროს პოპულარულ მედიკამენტზე, "პლაქვენილზე", რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის და რჩება ოფიციალურად. ოღონდ რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ. ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ოფიციალურ რეკომენდაციას. ამ ორგანიზაციის შემოკლებული აბრევიატურაა FDA და ეს არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და ფაქტობრივად უმაღლესი ინსტანცია, რომელიც წყვეტს რომელი მედიკამენტი რომელი დაავადების დროს უნდა იქნას გამოყენებული ან არ უნდა იქნას. ამ ბოლო დროს ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტად მიჩნეულ "რემდესივირზე" გამოქვეყნდა ცნობები, რომ მან ვერ უჩვენა ეფექტურობა კვლევებში. ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ვრცელდება, მაგრამ სანამ FDA ოფიცალურად თვლის, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი დაიდება რამე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას სჯობს, ჩვენ ამას გამოვეხმაურებით", - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"