"არ მინდა, უდანაშაულოდ დავისაჯო, მაგრამ ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ასეთი მუხლი წამიყენეს" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, უდანაშაულოდ დავისაჯო, მაგრამ ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ასეთი მუხლი წამიყენეს"

"17 წელი ვიცხოვრეთ ერთად. 17 წლის მანძილზე უამრავი ფიზიკური შეურაცხყოფა მიმიღია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. მინდოდა, კანონისთვის მიმემართა, ჩემი მშობლებისთვის მეთქვა, მაგრამ ქმარი სულ მაშანტაჟებდა შვილებით"

2 წელია ინგა კაპანაძე, სასჯელს უმძიმესი ბრალდებით იხდის - მას საკუთარ შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ამ საქმემ ყველა ინსტანცია მოიარა და საბოლოო ვერდიქტიც გამოტანილია. მართალია, ბრალდებული ქალი შვილის ცემასა და მასზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფდა, პროკურატურა სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ საქმეში სამხილი იყო და მის დაპატიმრებას ითხოვდა. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის, ინგა კაპანაძე გაასამართლა.

სასამართლომ ამ ფაქტის შესახებ მაშინ ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისამდე, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ინგა კაპანაძე სისტემატურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილზე, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სცემდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალი 2018 წლის 10 მაისს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ინგა კაპანაძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" იცავს. ადვოკატი ელისო რუხაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალი გაასამართლეს დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და ციხეში მის ყოფნას ძალიან განიცდის:

- ჩვენს ორგანიზაციას ბევრი მსხვერპლი მომართავს. ერთ-ერთი კონსულტაციის ფორმა ონლაინკონსულტაციაა. ქალბატონმა ინგა კაპანაძემ მოგვწერა, რომ წლების მანძილზე ძალადობის მსხვერპლი იყო და აინტერესებდა, დეტალურად რა ზომები არსებობდა ამ პრობლემის დასაძლევად. მან თავის ცხოვრებაზე დეტალურად მიამბო, თუმცა, მერე აღარ გამოჩნდა. ხშირად კონსულტაციის აღების შემდეგ, მერე იკარგებიან, ესეც მსგავსი შემთხვევა იყო. ერთ დღეს ციხიდან მოგვივიდა წერილი: მე ის ვარ, დახმარებას რომ გთხოვდით, ახლა ციხეში ვარო. ამბავი ასეთია: ინგა კაპანაძეს მოძალადე და ნარკოდამოკიდებული ქმარი ჰყავდა, ქალი მუდმივად ძალადობის მსხვერპლი იყო და ერთ დღეს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა მეუღლემ ცემა ისევ რომ დაუპირა, ქალმა გაბედა და 112-ზე დარეკა. თქვა, ჩემი ქმარი ნარკოტიკული თრობის ქვეშაა და მიშველეთო. პატრული მივიდა, მაგრამ ქმარი, ნიკოლოზ სადღობელაშვილი მიხვდა, ცოლმა რომ გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი; ცოლს დაემუქრა, - დამაცადე, ყოფას გიტირებო, - შიგნით ცოლ-შვილი დატოვა, სახლის კარი გადაკეტა და პატრულს წაჰყვა. ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა, პოლიციამ 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა და გაუშვა. შინ დაბრუნებულმა, ცოლს ისე სასტიკად სცემა, რომ ექსპერტიზის დასკვნიდანაც ჩანს, 12 მძიმე დაზიანება ჰქონდა ქალს. ბავშვები ამბობენ, წაუჭირა ყელში ხელი დედას და არაყი ჩაასხა, რომ გაეთამაშებინა, თითქოს ცოლი ნასვამი იყო, მერე ბავშვის მაისური დახია და ამჯერად, უკვე მამაკაცმა 112-ზე დარეკა და თქვა, თითქოს ინგა კაპანაძე ძალადობდა მის ორ შვილზე, ამიტომ ითხოვდა საპატრულო ეკიპაჟის დახმარებას. ამ ჩვენებით დააკავეს ინგა კაპანაძე.

- როგორც ვიცი, საქმის მასალებში წერია, რომ ბავშვსაც ჰქონდა დაზიანება და დედას საკუთარი შვილი ამხელდა, ამაზე რას იტყვით? - 8 მაისს დეიდამ ბავშვებს უყიდა "როლიკები", საუბარია 10 და 8 წლის ბავშვებზე. პირველად შედგნენ "როლიკებზე", ბავშვი წაიქცა და ზურგი დაიზიანა - ეს დაზიანება ჰქონდა. შემდეგ მამამ კარადას მიანარცხა თურმე საკუთარი შვილი და დაზიანებებიც კარგად ჩაჯდა ბრალის ფაბულაში. მამამ მუქარით აიძულა ბავშვები, დედის წინააღმდეგ ცრუჩვენება მიეცათ. სწორედ შვილების ჩვენების საფუძველზე დააკავეს დედა. ქმარი კი ინგას უთვლიდა, თუ მანქანას გადმომიფორმებ, ბავშვებს სიმართლეს ვათქმევინებო. პირდაპირი გარიგება იყო. წარმოიდგინეთ, დაკავებისას ინგას ჰქონდა 12 დაზიანება, საშინლად იყო ნაცემი, მაგრამ კაციშვილს არ უკითხავს, რატომ ჰქონდა ეს დაზიანებები. დავიწყე ბრძოლა მისი ქმრის წინააღმდეგ. მინიმუმ, გამოძიება ხომ მაინც უნდა დაწყებულიყო?! თქვენ არ იცით, რამხელა შრომის ფასად მივაღწიე საბოლოოდ, მოძალადე მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღძრულიყო. ეს ორი წელია, ვიბრძვი ამისთვის, რადგან მოსვენებას არ მაძლევს ფაქტი, რომ უდანაშაულო ქალი დღემდე ციხეში ზის.

- დედის დაკავების შემდეგ ბავშვები მამასთან რჩებოდნენ? - მამასთან იყვნენ. ხშირად მარტოები ჰყავდა შინ ჩაკეტილი, ამიტომ ჩავრთე სოციალური სამსახური. თავიდან არც კი შეამოწმეს. კარდაკარ დავიწყე სიარული, ჯერ სოციალურ სამსახურს დავუდე მისი ნასამართლობების დამადასტურებელი ჩანაწერები. სოციალურმა სამსახურმა რეაგირება მას შემდეგ მოახდინა, რაც საქმეში ფსიქოლოგი ჩაერთო და თქვა, რომ ბავშვებზე ზემოქმედება ხდებოდა. ნელ-ნელა გავარღვიე ჯაჭვი და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მის წინააღმდეგ. ზუსტად ვიცი, ნარკოტიკის თრობის ქვეშ იყო, მაგრამ წინასწარ აწვდიდნენ ინფორმაციას, გადასხმებს იკეთებდა და სისხლში ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა. წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა, რამდენჯერმე მესტუმრა ოფისში, გარიგება შემომთავაზა. ინგასთან ციხეში მიიყვანა შვილები და უთხრა, ბავშვებს ვათქმევინებ სიმართლესო და სამაგიეროდ, საქმის შეწყვეტაში დახმარებას სთხოვდა. ინგასა და შვილების შეხვედრა საოცარი იყო, მთელი ციხე ტიროდა. ციხიდან რომ გამოვიდა, ამ კაცმა დამირეკა (მისი საუბარი ჩავიწერე) და მითხრა, ინგა თანახმაა, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე შეწყდესო. დამალაპარაკა შვილს, რომელმაც მითხრა, ეს დაზიანება რიყის პარკში მივიღე, როცა "როლიკებით" დავდიოდი და დედას დაზიანება ჩემთვის არ მოუყენებიაო. ეს რომ გავიგე, კინაღამ მოვკვდი. მჯეროდა, დედა შვილებს ამ დაზიანებებს არ მიაყენებდა, მაგრამ მანამდე ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა. ამ ბავშვებს ვათქმევინებ სიმართლეს, მაგრამ ახლა შენ უნდა დაალაგო ყველაფერი, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე შეწყდესო, - კაცმა მითხრა. ეს ის პერიოდი იყო, როცა პოლიცია დასდევდა, ანალიზი რომ ჩაებარებინა. მისი სიტყვები იყო, შენ უნდა გააკეთო ახლა ყველაფერი, ანალიზი რომ არ ამიღონ; ხვალ წახვალ პროკურატურაში და საქმეს შეწყვეტო. ეს ჩანაწერიც მაქვს... ერთი სიტყვით, დიდი ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ, ნიკოლოზი დააკავეს ცოლზე განხორციელებული ძალადობისთვის. ის დღემდე პატიმრობაშია, ერთი წელი და 4 თვე მიესაჯა. ბავშვები კი, მამის დაკავების შემდეგ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.  გაგრძელება