"ექიმები რვა საათს ატარებენ ასე! ამ დროის განმავლობაში ვერც ჭამ, ვერც სვამ და საპირფარეშოთიც ვერ ისარგებლებ"
კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე სახიფათო ზონის ამსახველი კადრები, რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში არხის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა და ოპერატორმა ლევან აბულაძემ გადაიღეს.
ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც 12 წელი BBC-ში მუშაობდა, ამბობს რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი გადაღება იყო. AMBEBI.GE-სთან საუბარში ის იხსენებს, რა ნახა საკუთარი თვალით რეანიმაციულ განყოფილებაში.
- გვიამბეთ, როგორ და რა მიზნით მიიღეთ საკმაოდ სახიფათო ზონაში შესვლის გადაწყვეტილება?
- უპირველესად დავიწყოთ იმით, რომ მე როგორც არხის აღმასრულებელი დირექტორი, ვერ გავუშვებდი ვერც ერთ ჟურნალისტს ამ რისკზე! საქართველოში ამაზე მაღალი რისკის გარემო ახლა არ არსებობს. კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზია. თანამშრომელი არ უნდა გაუშვა ისეთ დავალებაზე, რაზეც შენ თავად არ წახვიდოდი.
მე ცხელ წერტილებში მუშაობის საკმაოდ დიდი, 12-წლიანი გამოცდილება მაქვს, როდესაც BBC-ში ვმუშაობდი. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ ამ რთულ ვითარებაში, ასეთ დავალებაზე არ გაგვეშვა ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც ისედაც ორ ჯგუფად არიან დაყოფილები, კვირაში 7 დღე მუშაობენ და შემდეგ 7 დღე ისვენებენ, რათა შევქმნათ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გუნდი.
მიზეზი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ბოქსირებულ რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლა, იყო ის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სერიოზულად არ ეკიდებოდა კარანტინის რეგულაციებს და იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში ვითარება მსუბუქია და განსხვავდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული რეალობისგან.
მაშინ როდესაც უცხოური მედიები აჩვენებდნენ კადრებს, სადაც ჩანდა თუ რა მძიმე შრომას ეწევიან ექიმები პაციენტების გადასარჩენად. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება შევსულიყავით ბრძოლის წინა ხაზზე და გვეჩვენებინა ჩვენი მაყურებლისთვის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ექიმები სარეანიმაციო ბლოკში. იქ ლევან რატიანთან და მის გუნდთან ერთად ვიყავით, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მკურნალობენ უმძიმეს პაციენტებს.
- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები? ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე რამ იქონია?
- ეს არის ორი პარალელური სამყარო. ერთში ცხოვრობენ ექიმები, რომლებსაც თვეობით არ უნახავთ ოჯახის წევრები და მეორე რეალობაში ვართ ჩვენ, დანარჩენები. ექიმები მთელ დღეებს იქ ატარებენ, ვისაც საშუალება აქვს, მიდიან ცარიელ ბინებში და იქედანაც მხოლოდ სოციალური ქსელებით, ვიდეოთვალებით ხედავენ საკუთარ ოჯახის წევრებს.
24 საათიდან 8 საათს ატარებენ სრული ეკიპირების რეჟიმში, რაც არის ადამიანისთვის წარმოუდგენელი როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად
მე ახლა მოგიყვებით რას ნიშნავს სრული ეკიპირება, რომ შეგვექმნას წარმოდგენა რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა. დამცავი კოსტიუმი წარმოადგენს ოთხ შრეს, პირველი - რეზინის ჩექმა, თხელი შარვალი და მაისური, მას კიდევ სამი შრე ემატება და ჩაცმის პირველივე წუთიდან გცხელა. მიუხედავად იმისა, რომ ჩექმა წყალგაუმტარია და რეზინისაა, მასზე იცმება ცელოფნის პარკი, რომელსაც ამაგრებენ და შემდეგ მეორე ფენა.
შემდეგ იცვამ ქირურგიულ ხალათს და ზემოდან კომბინიზონს კაპიუშონით, შემდეგ კიდევ ერთი ქირურგიული ხალათი, ქირურგიული ქუდი, კაპიუშონი და კიდევ მეორე ქირურგიული ქუდი. სათვალე, რომელიც მყვინთავების სათვალეს ჰგავს და ძალიან მაგრად გიჭერს სახეზე და ამის ზემოდან ე.წ. ფარი. ოთხი წყვილი ხელთათმანი, რისი ჩაცმის შემდეგ გგონია, რომ ხელები გაგიხევდა, მოძრაობა გიძნელდება და სისხლის მიმოქცევის პრობლემა იქმნება.
ჩვენ ბლოკში ნახევარი საათი გავატარეთ და ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ხელები დამიბუჟდა, სათვალე ძალიან მიჭერდა და მეგონა შუბლს ჩამიმტვრევდა. ნახევარი საათი გამიჭირდა გაძლება და წარმოიდგინეთ, ექიმები რვა საათს ატარებენ ასე! ამ დროის განმავლობაში ვერც ჭამ, ვერც სვამ და საპირფარეშოთიც ვერ ისარგებლებ. ამას ემატება ის, რომ პალატა სავსეა პაციენტებით, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ წამს დამძიმდნენ.
სანამ ჩვენ ვიყავით რეანიმაციაში, ერთი პაციენტი დამძიმდა და სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც უფრო კარგი აღჭურვილობაა ჟანგბადის მიწოდების მხრივ, ჩაატარეს რთული სარეანიმაციო პროცედურები და გაადაარჩინეს პაციენტი - ისევ დაიწყო სუნთქვა.
- როგორია სარეანიმაციო ბოქსირებული განყოფილება, რა სიტუაციაა შიგნით?
- სარეანიმაციო ბლოკი შედგება ორი დიდი პალატისგან, მათ შუაში ჰქონდათ მცირე გამიჯნული ადგილები. ორი დიდი ფანჯარა უყურებს სარეანიმაციო პალატას, ფანჯრიდან პერსონალი აკვირდება, თუ რა ხდება ბლოკში, კონტროლდება ყველა პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრი, მაგრამ ისინი უშუალოდ პაციენტებთან არ შედიან. გარედან აწარმოებენ მონიტორინგს.
შიგნით კი, უშუალოდ პაციენტებთან მუდმივად არის ორი ან სამი ექიმი სრული ეკიპირებით. რადგან მთელი დღის განმავლობაში თითოეული პაციენტი საჭიროებს საკმაოდ რთულ სარეანიმაციო მანიპულაციებს. რვა საათის განმავლობაში შეუძლებელია რომელიმე ექიმი დაჯდეს, თუ რამე სჭირდებათ იმ ფანჯრიდან აწვდიან ყველა საჭირო ნივთს. ისეთი სურეალისტური განცდა იყო, რომ ეს ექიმები სრული ეკიპირებით ღია კოსმოსში არიან და დანარჩენები ხომალდიდან აწვდიან საჭირო ნივთებს. იხილეთ სრულად