"ნებისმიერ პოსტზე მიხეილ სააკაშვილის გამწესება იქნება საქართველოს და უკრაინის ხალხის შეურაცხყოფა"
არათუ ვიცე-პრემიერად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნებისმიერ პოსტზე მიხეილ სააკაშვილის გამწესება იქნება საქართველოს და უკრაინის ხალხის შეურაცხყოფა , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმში" განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საკითხის კომენტირებისას "საქართველოში ძალიან ბევრმა პოლიტიკაში ჩართულმა პირმა გამოავლინა საკუთარი რეალური სახე, ასევე ის, თუ ვისთან არიან ვალში, რამდენად არიან ანგარიშვალდებულნი ერთი კონკრეტული დამნაშავის წინაშე და რამდენად პატივს სცემენ საკუთარ პრინციპებს".
"საქართველო-უკრაინის მეგობრობა და პარტნიორობა არის მუდმივი და შეუძლებელია კითხვის ნიშნის ქვეშ მისი დაყენება. მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის შემდეგ შემიძლია შევაფასო თავად ფაქტი. თუმცა, ერთი რამ არის ცხადი და მკაფიო - ჩვენ, პოლიტიკოსები პირველ რიგში ვართ ვალდებულები გავუფრთხილდეთ იმ ღირებულებებს, რომელიც ამ ორ ქვეყანას აკავშირებს. იმედი მაქვს, უკრაინის მთავრობა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა სააკაშვილი უკარაინაში პოლიტიკურ თანამდებობაზე, ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოში ძალიან ბევრმა პოლიტიკაში ჩართულმა პირმა გამოავლინა საკუთარი რეალური სახე; ასევე ის, თუ ვისთან არიან ვალში, რამდენად არიან ანგარიშვალდებულნი ერთი კონკრეტული დამნაშავის წინაშე და რამდენად პატივს სცემენ საკუთარ პრინციპებს. ეს ყველაფერი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახეთ", - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა სააკაშვილთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადებები კომპანია "ფრონტერას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეადარა და აღნიშნა, რომ "საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად პრინციპული და რა ღირებულებების მქონე პოლიტიკოსები არიან ისინი".
"მაგალითად, დღეს მოვისმინე მწვავე კრიტიკული განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინიდან ელჩის გამოწვევა უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა. ამ ყველაფერმა ერთი შემთხვევა გამახსენა, როდესაც იგივე ადამიანები, ვინც დღეს ზემოთაღნიშნულ განცხადებას ავრცელებდნენ, პირდაპირ მიესალმებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებას იმ კომპანიის გამო, რომელმაც საქართველოსთან დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წააგო. მხედველობაში მაქვს კომპანია "ფრონტერა". დიახაც, სწორედ ეს ადამიანები უჭერდნენ მხარს ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიის მიმართ მედიაში სრულიად უსაფუძვლოდ იყო ატეხილი აჟიოტაჟი. ძალიან კარგად ვიცი ეს კომპანია, ძალიან კარგად ვიცი თუ რას აკეთებდა წლების განმავლობაში საქართველოში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად პრინციპული და რა ღირებულებების მქონე პოლიტიკოსები არიან ისინი.
რაც შეეხება სააკაშვილს, არათუ ვიცე-პრემიერად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნებისმიერ პოსტზე სააკაშვილის გამწესება იქნება საქართველოს და უკრაინის ხალხის შეურაცხყოფა", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში თავისი კონტაქტები სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საწინააღმდეგოდ არ გამოუყენებია.
"რასაც ვფიქრობდი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გავაკეთე", - განაცხადა კალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"