"სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისთვის იმ მძიმე ჩემოდნად იქცა, რომელსაც სატარებლად სახელური არ აქვს, გადაგდება კი - შეუძლებელია" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისთვის იმ მძიმე ჩემოდნად იქცა, რომელსაც სატარებლად სახელური არ აქვს, გადაგდება კი - შეუძლებელია"

მიხეილ სააკაშვილი "სავარძლის"ძიებაში - სავარაუდო ვიცე-პრემიერობიდან ოდესის მერობამდე

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა, რომელიც ახალ თანამდებობას - რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტს უმიზნებდა, გადაიდო და შეიძლება საერთოდ არც მოხდეს. საქმე იმაშია, რომ მან ვერ მოახერხა, ვერ შეძლო უკრაინის "ვერხოვნა რადაში"დეპუტატების უმეტესი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება, უკრაინის ლიდერი ვლადიმერ ზელენსკი კი მიხეილ სააკაშვილის ღიად ლობირებაზე თავს იკავებს. თუმცა, ამის მიუხედავად, კაცმა რომ თქვას, საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაბრუნება უკრაინის პოლიტიკაში უკვე მოხდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020 წელი ქვეყანაში წინასაარჩევნო წელია, მალე გახდება ნათელი, რომელი კურსით მიმართავს თავის ენერგიას ტემპერამენტიანი პოლიტიკოსი.

"დანიშვნა და არდამტკიცება - საკითხავი აი ეს არის" მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ერთი კვირის წინ თანხმობა გამოაცხადა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზებაზე უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დასაკავებლად, ჯერჯერობით ისევ კანდიდატის სტატუსით რჩება, მაგრამ უკვე გაურკვეველი ვადით. მისი კანდიდატურა აგერ უკვე ერთი კვირაა იხილება, მასზე მსჯელობენ, მაგრამ უკრაინის პარლამენტში დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის მიერ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის შეტანილი.

უფრო მეტიც - ბატონ ვლადიმერ ზელენსკის, რომლისგანაც, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან შეთავაზება მიიღო, დღემდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს ექს-ლიდერის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინის ხელისუფლებაში.

მივყვეთ მოვლენათა ქრონიკას:

22 აპრილს პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს შეხვდაო, მაგრამ არაფერი თქმულა იმის შესახებ, გაუწევს თუ არა ლობირებას უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ვიცე-პრემიერად დანიშვნისათვის. მასში მხოლოდ აღნიშნული იყო, რომ ბატონი ვლადიმერ ზელენსკის აზრით, მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი სპეციალისტია, მას აქვს რეფორმების წარმატებით გატარების გამოცდილება. შესაბამისად, ვლადიმერ ზელენსკიმ მას შესთავაზა, რომ თავისი იდეები მთავრობისათვის და "ვერხოვნა რადისათვის" გაეზიარებინა.

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის ნათქვამი სამოქმედო სახელმძღვანელოდ მიიღო, აქტიურად მოჰკიდა საქმეს ხელი და ქვეყნის მთავარ ინფორმაციად გადააქცია. 23 აპრილიდან დაიწყო ინტერვიუების მარჯვნივ და მარცხნივ დარიგება, დადიოდა რეიტინგულ თოქ-შოუებზე - მაგალითად, ტელეკომპანია "უკრაინის"პროექტ "სავიკ შუსტერის თავისუფალ სიტყვაში"და ყველაგან ლაპარაკობდა, ყველას უყვებოდა, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს პანდემიით გამოწვეული კრიზისი დროს უკრაინის ეკონომიკის გადასარჩენად... "მზად ვარ ჩემი გამოცდილება ყველას გავუზიარო... ასევე შემიძლია ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოვიყენო ჩემი ფართო ნაცნობობა უცხოეთის ქვეყნების ლიდერებთან", - არწმუნებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინელ პოლიტიკოსებს და საერთოდ, ტელემაყურებელს.

მიხეილ სააკაშვილი 26-27 აპრილს პრეზიდენტის პარტიის "ხალხის მსახურისა"და იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინის"საპარლამენტო ფრაქციის წევრებს შეხვდა, 28 აპრილს კი კონსულტაციები გამართა ფრაქცია "ხმის"(გოლოს") წევრებთან. როგორც დეპუტატმა იულია კლიმენკომ განაცხადა, ფრაქციის წევრებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ხმას მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას ერთი უბრალო მიზეზის გამო - "ვერხოვნა რადის" მუშაობის დღის წესრიგში მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნა-დამტკიცების საკითხი არავის არ შეუტანია.

იგივე განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი რაზუმკოვმაც სააგენტო «РБК-Украина»-სთან ინტერვიუში: მინისტრთა კაბინეტის წარდგინება ვიცე-პრემიერად დანიშვნის თაობაზე ვერხოვნა რადაში ჯერ არ არის შემოტანილიო. ანუ რა გამოდის?

გამოდის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები პარლმანეტში დეპუტატებთან ნახევრადოფიციალურად მიმდინარეობდა, მისი კანდიდატურის ყოველგვარი დოკუმენტური უზრუნველყოფის გარეშე. შეხვედრა-გასაუბრება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: "დაზვერვას", თუ როგორი განწყობაა დეპუტატებს შორის. თუ დამტკიცებისთვის საჭირო პოზიტიური ფონი გამოიკვეთებოდა, განაცხადი მინისტრთა კაბინეტიდან პარლამენტში გაიგზავნებოდა, თუ არა, ესე იგი, საკითხის მსვლელობა დამუხრუჭდებოდა.

პრინციპში, ასეც მოხდა.

მიხეილ სააკაშვილი - "საქორწინო გენერალი"?

"როგორც ჩვენ გავიგეთ, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "საქორწინო გენერლის"თანამდებობა შესთავაზეს. მას, თავისი ქარიზმის გარდა, არანაირი ბერკეტი არ ექნება. ვიცე-პრემიერი ერთი ადამიანია 20-კაციანი სამდივნოთი, რომლებიც ქაღლდებს აქეთ-იქით დაატარებენ. მას არ ექნება ინსტრუმენტები, რომლებიც ნებას მისცემენ რეფორმები გაატაროს", - აღნიშნავს დეპუტატი იულია კლიმენკო. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბედი დამოკიდებულია არა იმდენად მთავრობაზე, არამედ პარლამენტში მის მიმართ არსებულ განწყობებზე. "ექსპრეზიდენტისა და ყოფილი გუბერნატორის კანდიდატურას ვიცე-პრემიერად დანიშვნისათვის ოფიციალურად მაშინ წარმოადგენენ, როცა "ხალხის მსახურში"კონსენსუსი იქნება. ცხადია, მას ეს არ უთქვამს, მაგრამ ჩვენ თვითონაც კარგად გვესმის სიტუაცია", - ხაზი გაუსვა დეპუტატმა.

რასაკვირველია, თვით პარტია "ხალხის მსახურს", რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, თეორიულად შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სამთავრობო თანამდებობაზე დამტკიცება, სხვა ფრაქციების დაუხმარებლად, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ "ხალხის მსახურები"თავიანთი იდეის პრაქტიკულ განხორციელებას ვერ ახერხებენ: მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით - მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა-დამტკიცების სასარგებლოს რადაში ხმების საჭირო რაოდენობა არ გროვდება.

პარტია "ხალხის მსახურიდან"ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, თუ საკმარისი ხმები არ მოგროვდება, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვა რადაში არ მოხდება. ამასთან, მან არ გამორიცხა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის წამოყენება სხვა თანამდებობის დასაკავებლად. თითქმის იგივე თქვა პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებულმა პიროვნებამაც: საბოლოო გადაწყვეტილება, რას შესთავაზებენ მიხეილ სააკაშვილს, თუ ვიცე-პრემიერად მისი დანიშვნის იდეა არ განხორციელდება, ჯერ მიღებული არ არის.

ოდესის ნაგუბერნატორალი - ოდესის მერად?  ირინა ვერეშჩუკი

ორიოდე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილს "ხალხის მსახურის"წევრმა, დეპუტატმა ირინა ვერეშჩუკმა შესთავაზა: "მიხეილ ნიკოლოზოვიჩ, თქვენ უფრო მეტად პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილეობა შეგშვენითო"- იმის გათვალისწინებით, რომ ოფისის უფროსი ანდრეი ერმაკი მიხეილ სააკაშვილის ძველი ნაცნობია, ისინი ორივენი კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში სწავლობდნენ. სხვათა შორის, ერმაკი საქართველოშიცაა ნამყოფი, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო. საინტერესო ისაა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სასტიკად იუკადრისა ირინა ვერეშჩუკის რჩევა: "როგორ, მე, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პრეზიდენტი ვიყავი, ახლა ოფისის უფროსის მოადგილეობას მთავაზობ? ძალიან დიდ პატივს გცემ, ირინა, მაგრამ მე არ მაწყობს შენი შემოთავაზება, უარს ვამბობო".

როგორც იტყვიან ასეთ სიტუაციაში, "კომენტარი ზედმეტია".

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო "გადასროლა"სხვა პოლიტიკურ ფრონტზე იულია კლიმენკოსაც დასაშვებად მიაჩნია: მისი თქმით, ფრაქცია "ხმის"წევრებთან საუბრის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტის ოფისში და სავარაუდოდ, არაა გამორიცხული სხვა თანამდებობაზე მისი დანიშვნის ვარიანტი. უკრაინულ მასმედიაშიც გაიჟონა ინფორმაციამ, რომ შესაძლოა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინელებს ამჯერად ოდესის მერის ამპლუაში მოევლინოს. დღეისათვის ქალაქს გენადი ტრუხანოვი ხელმძღვანელობს, რომლის სახელი ხმაურიან კორუფციულ სკანდალებს უკავშირდება . უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარება შემოდგომისთვისაა განზრახული. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ვიცე-პრემიერის პოსტს ვერ მიიღებს (და, ალბათ, ასე იქნება), მაშინ შეუძლია ახალ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს. მით უმეტეს, როცა მისი სახელი მასმედიაში უკვე რეინკარნირებულია და კარგად აჟიტირებული. სხვათა შორის, გასულ კვირას "ხალხის მსახურებთან"შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა ერთგულება შეჰფიცა მათ და თქვა, რომ პრეზიდენტის პარტიას ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო გუნდად თვლის და თუ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობს, მხოლოდ "მსახურებთან"ერთად.

მოკლედ, როგორც უკაინული მედია წერს, -" უკრაინის ხელისუფლებისათვის მიხეილ სააკაშვილი იმ მძიმე ჩემოდნად იქცა, რომელსაც სატარებლად სახელური არ აქვს, მისი გადაგდება კი უკვე შეუძლებელია".

იხილეთ ასევე: "თუ ჰგონიათ უკრაინაში, რომ გახარია ვერ გაბედავს იმას, რაც ვერ გაბედეს მისმა წინამორბედებმა სააკაშვილის გუბერნატორად დაინიშნისას, ძალიან ცდებიან"

სიმონ კილაძე (სპეციალურად საიტისათვის)