"ერთმანეთს ვეკითხებით, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ ასე, მაგრამ პასუხი არავინ იცის..." - რას ყვება ლონდონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი
ჩვენი რესპონდენტი ეკა უშარიძე 16 წელია, ლონდონში ცხოვრობს. "ახლა ლონდონი მძიმე სანახავია - დაცარიელებული, დაკეტილი სასტუმროებით, კაფე-ბარებით, კინოთეატრებით... კორონავირუსმა თავდაყირა დააყენა ლონდონის 24-საათიანი აქტიური ცხოვრება", - ამბობს ეკა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.
- პირველი პანიკის დროს ხალხი მართლაც შეშინებული იყო. დაიწყო სურსათის დამარაგება, ლონდონისთვის უჩვეულო რიგები, მერე - დისტანციური რიგები... ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი. ხალხი შეშინებულია მოსალოდნელი ეკონომიური კრიზისით, თუმცა რა გასაკვირია - ბევრს არ აქვს დანაზოგი, ზოგმა სამსახური დაკარგა, ოფიციალურად დასაქმებულებს კი ხელფასის 80%-ს მთავრობა უხდის, 20 %-ს - დამსაქმებელი კომპანია.
- რამდენ ხანს გადაუხდიან?
- არავინ იცის... ხალხი ცდილობს შეეგუოს აზრს, რომ მოუწევთ ვირუსთან ერთად ცხოვრება დაწესებული შეზღუდვების დაცვით.
სანქციებია დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობაზე, რაც კანონის დარღვევაა და ცუდად აისახება დამრღვევის პირად დახასიათებაზე, ეს კი უარყოფითად იმოქმედებს მომავალში მათ საქმიანობაზე.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს?
- რამდენიმე დღის წინ ავტობუსების მომსახურება უფასო გახდა, მეტროს ზოგიერთი სადგური დაკეტილია. მსუბუქი ავტომანქანები ჩვეულებრივად დადიან. მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები, ასევე - ტვირთის გადამზიდი კომპანიები. მთავრობა ხალხს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და ამით გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. უმრავლესობა სამედიცინო პერსონალს უჯერებს და რჩევებს ითვალისწინებს. დედოფალ ელისაბედის 94 წლის იუბილე იყო, მაგრამ მონარქის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო ეს დღე ზარზეიმით არ აღუნიშნავთ.
- რამდენი ხანია, იზოლაციაში ხართ?
- მე უკვე ხუთი კვირაა, სახლში ვარ. ერთმანეთს ვეკითხებით, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ ასე, მაგრამ პასუხი არავინ იცის... მედია მუდმივად გვაწვდის სიახლეებს. იმედი გვაქვს, 3 მაისისთვის შეგვატყობინებენ, როდემდე გაგრძელდება ასეთი რიტმი. რამდენიმე დღის წინ მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, საავადმყოფოს მიმღებში ტელეფონზე მოპასუხედ მემუშავა. გაგრძელება