"შეიძლება, სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები გამოვიყენოთ..." - შევა თუ არა ცვლილებები კორონავირუსის მკურნალობის ქართულ პროტოკოლში?
კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების ეფექტურობის შესახებ ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. იკვეთება მკურნალობის ცალკეული ტენდენციები და ინოვაციური მეთოდები.
28 აპრილს თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქართულ კლინიკებს COVID-19-ის მკურნალობაში მნიშვნელოვანი გამოცდილილება დაუგროვდათ, რის გამოც გაიდლაინში ცვლილებები შევა.
როდის და რა ცვლილებები შევა კორონავირუსის მკურნალობის ქართულ პროტოკოლში? - ამ საკითხთან დაკავშირებით AMBEBI.GE ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს, ინფექციონისტ მარინა ენდელაძეს ესაუბრა:
- ჯერჯერობით, უმოკლეს ვადაში, პროტოკოლში ცვლილებები არ შევა. თუმცა ჩვენ უკვე დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება კორონავირუსის მკურნალობაში და ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება. მე ახლა კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით, როდის შეიძლება, რომ მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალოს. რაც მთავარია, პლანქველინი აუცილებლად დარჩება, რადგან მას ძალიან კარგი შედეგები აქვს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიური მსჯელობა ამ მედიკამენტის ირგვლივაა. სიახლე ისაა, რომ მაგალითად, შვეიცარიამ დაიწყო კვლევა იმაზე, რომ შესაძლოა პლანქველინი ვირუსის არამხოლოდ მკურნალობისთვის, არამედ პრევენციისთვისაც აღმოჩნდეს ეფექტური. თუმცა ჩვენ პროფილაქტიკისთვის იგი არ მოგვიხმარია. ვუნიშნავდით საშუალო და მძიმე პაციენტებს, ისიც ყველას - არა, მხოლოდ შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. პაციენტებს მას ვაძლევთ მინიმალური ვადებით და არა დიდი დროით. პროტოკოლში ცვლილება იმ შემთხვევაშიც შევა, თუ შეიქმნება ახალი ანტივირუსული მედიკამენტი და დამტკიცდა.
ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ შეიძლება, გამოყენებული იქნეს სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები... ვირუსი, ზოგადად, აზიანებს სისხლის შემდედებელ სისტემას
ამიტომ ასეთი მედიკამენტები შესაძლოა იქნეს ჩართული მკურნალობაში. საუბარია იმაზეც, რომ ჩატარდეს პლაზმაფერეზი - სისხლის გაწმენდით მკურნალობა. ანუ ვირუსის მოქმედების დროს გამოყოფილი მავნე ნივთიერებებისგან სისხლის გაწმენდა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გადასხმის მეთოდით მკურნალობაზეც და ა.შ. მაგრამ დღეს და ხვალ ეს ცვლილებები პროტოკოლში ვერ შევა.
- რომელია ქართული პროტოკოლით ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობაში წამყვანი მედიკამენტი? პლანქველინი?
- არა! რა თქმა უნდა, არა! და ძალიან დასანანია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით ასე შეზღუდულად და არასწორად ვრცელდება ინფორმაციები. გვყოლია პაციენტები, რომლებთანაც პლანქველინი საერთოდ არ გამოგვიყენებია და მიგვიცია სხვა ძლიერი ანტივირუსული მედიკამენტები. გამოვიყენეთ ძალიან რთული მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ანტისხეულებს და ძალიან დიდი ძალისხმევა მივმართეთ იმაზე, რომ გვერდითი ეფექტი არ ჰქონოდა.
ამ მედიკამენტით, რომლის დასახელება არ მგონია მკითხველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენ გადავარჩინეთ 41 წლის პაციენტი. მას უმძიმესი პნევმონია ჰქონდა. ასე რომ მხოლოდ პლანქველინით არ ვმუშაობთ და რატომ კეთდება განსაკუთრებული აქცენტი პლანქველინზე და თანაც ნეგატიურ ჭრილში ზოგიერთი ტელევიზიის მიერ, გასაგებია. ეს აშკარად პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. იხილეთ სრულად