"სამწუხაროდ, მოსამართლემ მამა დავითს პატიმრობა შეუფარდა. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ..." - რა აცხადებს დაკავებული წინამძღვრის ადვოკატი?
ალბათ, მოსამართლე პატიმრობის შეფარდებისას დაეყრდნო იმას, რომ საქმე გახმაურებულია და ვერ გარისკა სასულიერო პირი გამოეშვა , - ამის შესახებ ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებული წინამძღვრის, დავით (კობა) კობაიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც კობაიძემ განაცხადა, საქმეში არ არსებობს არც შესაძლო დანაშაულის ჩადენის იარაღი და არც მოწმეები.
„სამწუხაროდ, მოსამართლემ მამა დავითს პატიმრობა შეუფარდა. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ალბათ, მოსამართლე პატიმრობის შეფარდებისას დაეყრდნო იმას, რომ საქმე გახმაურებულია და ვერ გარისკა სასულიერო პირი გამოეშვა. ადამიანები ხომ უნდა საუბრობდნენ საქმესთან დაკავშირებით? ვიდეომტკიცებულება ან სხვა რაიმე მტკიცებულება ხომ უნდა იყოს, რომ ამ ადამიანმა კონკრეტული ქმედება, დანაშაულებრივი ფაქტი შესაძლოა ჩაიდინა?! ასეთი რამ საქმეში არ არის. მესმის, რომ ე.წ. ორთვიან პატიმრობას უფარდებენ, მაგრამ ეს დაბალი სტანდარტიც იმდენად არ არის მამა დავითის საქმეში, რომ ძალიან მეუცნაურა ეს ყოველივე.
სად არის ავტომატი, რაზეც პროკურატურა საუბრობს? თავად ფაქტიც 20 აპრილს მოხდა, კაცს აკავებენ 7 დღის შემდეგ. ამ 7 დღის განმავლობაში არც მოწმეებზე მოუხდენია ზემოქმედება, არც მიმალულა, ახლა გაჩნდა ეს საფრთხეები, რომ მიიმალება და მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას? ეს ხომ აბსურდია?!“- განაცხადა კობაიძემ.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმ მოსამართლემ იმსჯელა, ვინც მამა დავითის დაკავების განჩინება გამოსცა.
„აქ ყველაფერი ნათქვამი იყო. ბატონმა კუპრეიშვილმა იმსჯელა ისევ ამ სხდომაზეც. ადვოკატები ველოდებოდით, რომ მისივე გამოცემულ განჩინებას შეცვლიდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. მხარეებს მოგვისმინა და ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა კობაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ადვოკატის ინფორმაციით, მამა დავითი ისევ დუმილის უფლებას იყენებს.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 22 ივნისს არის ჩანიშნული.
ცნობისთვის, დავით (კობა) კობაიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს დღეს კი მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულმა დავით (კობა) კობაიძემ გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"