"ესაა უნიკალური მეთოდი" - რას გულისხმობს კორონავირუსთან დაკავშირებული "ჯინ ექსპერტის" აპარატი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიტესტა - კვირის პალიტრა

"ესაა უნიკალური მეთოდი" - რას გულისხმობს კორონავირუსთან დაკავშირებული "ჯინ ექსპერტის" აპარატი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიტესტა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში დაიტესტა "ჯინ ექსპერტ"მეთოდი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტირებისთვის იმ პაციენტებთან გამოიყენებენ, ვინც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

"ჩვენს კლინიკაში დაიტესტა "ჯინ ექსპერტ" მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოხდება ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ და მხოლოდ, იმ პაციენტებთან, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიაზაციას, ეს არ იქნება მასიური, ეს იქნება მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკოდ. ესაა უნიკალური მეთოდი, ალბათობა იმისა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმალურია, რადგან მასში ადამიანის მონაწილეობის ფაქტორი არ არის",- განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება პრეპარატ "რემდესივირს", რომელიც სახელმწიფო პროტოკოლშია შეყვანილი, რატიანის თქმით, მის კლინიკაში ამ საშუალებით მკურნალობა არ ხდება. "რემდესივირი" ამ ეტაპამდე არ გამოიყენება, რადგან არსებობს ფაქტები, რომ მკვეთრ შედეგს არ იძლევა",- განაცხადა რატიანმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ხატია მიქაბერიძის განცხადებით, "ჯინ ექსპერტის" აპარატი საშუალებას იძლევა, რომ "ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა, გამორიცხული იყოს".

"ჩვენმა ლაბორატორიამ ლევან რატიანთან ერთად მოახერხა ის, რომ ყველა კვლევა, რაც კი აბსოლუტურად დაკავშირებული იყო კორონავირუსთან, არის აწყობილი. ყველა ის საშუალება და რესურსი გაგვაჩნია, რომ პაციენტები გავტესტოთ სხვადასხვა კვლევებზე, მაგრამ არის ისეთი კვლევაც, რომელიც არის საკმაოდ მაღალტექნოლოგიური. ეს არის "ჯინ ექსპერტის" აპარატი, რომელიც ზუსტად 50 წუთში გვაძლევს შედეგს. აქ ხდება თვითონ ვირუსის, ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კარტრიჯული მეთოდით. აბსოლუტურად დახურული სისტემაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა, გამორიცხული იყოს.

გარდა ამისა, ძალიან სწრაფ დროში ჩვენ გვაქვს ზუსტი შედეგი, რადგანაც სხვა მეთოდით შედეგი მეორე დღეს გვაქვს. მადლობელი ვარ ჩვენი კლინიკის და იმ ადამიანების, ვინც ეს მოახერხა და ეს აპარატი დაგვიდგა, იმიტომ, რომ საშუალება გვაქვს, რომ საკმაოდ მაღალი სპეციფიურობის, მაღალი მგრძნობელობის მქონე ტესტი გვქონდეს იმ პაციენტებისთვის, ვისაც ასე სჭირდება დადასტურება იმისა, რომ არის გამოჯანმრთლება, თუ არის ინფიცირება და ა.შ", - განაცხადა ხატია მიქაბერიძემ.

მისივე განმარტებით, "ჯინ ექსპერტ" მეთოდი და აპარატი მსოფლიოში აპრობირებულია და მისი მწარმოებელი არის აშშ. ექიმის თქმით, ეს მეთოდი საკმაოდ ზუსტია, გამოიყენება სხვადასხვა კვლევებისათვის, მაგალითად, ტუბერკულოზის , ჰეპატიტის კვლევების და ა.შ.

"ინტერპრესნიუსი"