"ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით დაინფიცირებული 10 პირი თბილისის კლინიკებშია მოთავსებული"
დეპუტატის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით დაინფიცირებული 10 პირი თბილისის კლინიკებში მოათავსეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით დაინფიცირებული 10 პირი თბილისის კლინიკებშია მოთავსებული, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა განუცხადა.
როგორც დეპუტატი განმარტავს, იმ პირებს, რომელთა გამოც გუშინ ინციდენტი მოხდა, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდათ და შესაბამისად, ისინი სახლში დარჩენასა და დამატებით კვლევებს ითხოვდნენ.
"ათივე პირი სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანილია, ანუ გუშინდელი ინიდენტი ამოწურულია. ყველა მათგანი თბილისშია მოთავსებული, მათ შორის, ინფექციურ საავადმყოფოში. ამ ადამიანებს სიმპტომები არ ჰქონდათ და ითხოვდნენ სახლში დარჩენილიყვნენ და იქ მომხდარიყო მათი მკურნალობა, ან შემდეგი კვლევები. ამას დაემატა ის, რომ ამ პროცესს გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი მეზობლები შეესწრნენ და მოსახლეობის შეკრება, აგრესიული ქმედებები, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დღეს უკვე თითმმართველობების ხელმძღვანელებთან, რეგიონალური პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად პირადად შევხვდით დანფიცირებულ ოჯახს, მდგომარეობა ავუხსენით, ავუხსენით, რომ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა პირველ რიგში მათ ინტერესებში შედის და ეს ყველაფერი მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად კეთდება. ამ ადამიანებმა დაგვიჯერეს და მოხდა მათი ტრანსპორტირება.
დამატებით ტესტირებას ითხოვდნენ, რადგან როგორც გითხარით, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ. მათ გარკვეული მოსაზრებები ჰქონდათ, ამბობდნენ, სხვა გამოკვლევების ჩატარება და დარწმუნება გვირჩევნიაო. ავუხსენით, რომ კლინიკაში, სადაც წავიდოდნენ, უფრო მეტი საშუალება იქნებოდა კვლევების ჩაატარებლად", - განაცხადა მეშველიანმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ცნობისთვის, გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.
"ინტერპრესნიუსი"