"ივანიშვილი ამდენს რომ აკეთებს, მასზე ნაკლები ფული კი არ აქვთ სააკაშვილს და სხვებს, მაგრამ ერთი თეთრი არ გაუღიათ!"
"ამ ვირუსმა დედამიწაზე ცხოვრება შეაჩერა და ეს უფლის ნების გარეშე არ მოხდებოდა. ეს დამაფიქრებელია. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის გაფრთხილება და, ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად დამთავრდეს. თუ გონს არ მოეგო ადამიანი, არავინ იცის, კიდევ რა მოგველის" - ამის შესახებ ია მეტრეველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს.
- ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლება ბევრ საჭირო ნაბიჯს დგამს, თუმცა ოპოზიციის კრიტიკა ისევ ისმის...
- ბევრი რამ არ მომწონდა ამ ხელისუფლების, მაგრამ დღევანდელი ვითარების გაანალიზებისას უნდა ვაღიარო, რომ მართლაც ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება გვყოლია. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება. პრემიერი ბრწყინვალედ მართავს პროცესს. ქალაქის მერი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი - რომელი ერთი ჩამოვთვალო...
საოცარი ექიმები გვყავს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლევან რატიანი - უჭკვიანესი ადამიანი. ლევანმა დედა გადამირჩინა და იმ დღიდან მას შვილად ვთვლი. მისი ადამიანობით და პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული ვარ. მადლობა მას და მთელ მედპერსონალს ასეთი თავდადებისთვის... და ამ ფონზე "ნაცმოძრაობა" ვითომ აკრიტიკებს მათ! თუმცა მათგან რა არის გასაკვირი?! ადამიანებს ქუჩაში რომ ხვრეტდნენ და ციხეებში აუპატიურებდნენ, იმ ხალხისგან ვერც კი წარმოვიდგენ, რომ რამეს მოინანიებენ და შეიცვლებიან. ბიძინა ივანიშვილი ამდენს რომ აკეთებს, მასზე ნაკლები ფული კი არ აქვთ სააკაშვილს და სხვებს, მაგრამ ერთი თეთრი არ გაუღიათ! ორი მტერი ჰყავს დღეს ხელისუფლებას - კორონავირუსი და "ნაციონალური მოძრაობა".
- საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია აღდგომის ლიტურგიაზე მორწმუნეების დასწრებამ. თქვენც დაესწარით ლიტურგიას?
- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის, მაგრამ ვეთანხმები ხელისუფლების მოწოდებას და დავრჩი სახლში. უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლების მოთხოვნებს და ასე გადავარჩინოთ უამრავი ადამიანი, თავიდან ავიცილოთ კატასტროფული შედეგები. უფალი ყველგან არის, სადაც მოუხმობ. ჩვენ უნდა ვილოცოთ სახლში, რიტუალების შესრულება არ არის მთავარი, მთავარია, სწორად ვიცხოვროთ, არ ჩავიდინოთ ბოროტება, ვაკეთოთ სიკეთე, რაც ჩვენთვის გვინდა, ის გვინდოდეს სხვისთვისაც. წარმოიდგინეთ, ჩემი შვილის საფლავზეც არ მივდივარ, იმიტომ, რომ დღეს ასეა საჭირო. (იხილეთ სრულად)