"ამბობდა, რომ COVID-19 დაუდასტურდა, მაგრამ იძულებული იყო ემუშავა" - რუსეთში მესამე ექიმმა სცადა თვითმკვლელობა - კვირის პალიტრა

"ამბობდა, რომ COVID-19 დაუდასტურდა, მაგრამ იძულებული იყო ემუშავა" - რუსეთში მესამე ექიმმა სცადა თვითმკვლელობა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. მარტო ბოლო დე-ღამის განმავლობაში ეს რიცხვი 10 633 -ით გაიზარდა. ამ ფონზე კი ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაში უკვე მესამე ექიმმა სცადა თვითმკვლელობა. აღნიშნულის შესახებ "დეილი მეილი" წერს. გამოცემის ცნობით, ექიმი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა და ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია.

თვითმკვლელობის მცდელობამდე კი მან კოლეგა ექიმთან ერთად ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ექიმების გაუსაძლის პირობებზე საუბრობდა. ის ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 დაუდასტურდა, იძულებული იყო ემუშავა.

37 წლის ალექსანდერ შულეპოვი ვორონეჟის კლინიკაში მუშაობდა. როგორც "დეილი მეილი" წერს, თავის მძიმე ტრავმის გამო ექიმი უგონო მდგომარეობაშია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ექიმებმა კორონავირუსის გამო შექმნილი პირობების გამო, თავის მოკვლა სცადეს. როგორც გამოცემა "ნიუ იორკ პოსტი" წერს, ექიმი ნატალია ლებედევა საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლებედავასაც COVID-19 დაუდასტურდა. გამოცემის ცნობით, ის უშუალოდ იყო ჩართული ე.წ. ნულოვანი პაციენტის მკურნალობაში. ლებედევა, რომელსაც მოსკოვის კლინიკაში მკურნალობდნენ, მეექვსე სართულიდან გადმოხტა.

ამ ამბამდე კი კრასნოიარსკის საავადმყოფოს 47 წლის ექიმი გადმოხტა კლინიკის ფანჯრიდან, თუმცა მანამდე კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობის დეფიციტზე საუბრობდა. ექიმი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. "დეილი მეილის" ცნობით, ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 24 საათში ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში კორონავირუსის 134 687 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 1 2 80 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 16 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა. (წყარო)