"დღეს არსებული საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა" - კვირის პალიტრა

"დღეს არსებული საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა"

ამ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება, დღეს როგორცაა, იქნება სრული კატასტროფა, შეზღუდვები 22 მაისის შემდეგ კი არა, გუშინწინ იყო უკვე გასაუქმებელი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ეკონომიკის სწრაფი გახსნა და შესაძლოა, საგანგებო რეჟიმის მხოლოდ გარკვეული კომპონენტების, მაგალითად უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეების თვითიზოლაციაში ყოფნის შენარჩუნება იყოს რაციონალური, დანარჩენი შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი, 22 მაისამდე უნდა გაუქმდეს.

"დღევანდელ რეჟიმშიც კი ძალიან სწრაფად უნდა გადაიდგას ეკონომიკის გახსნის და აბსურდული რეგულაციების მოხსნის ნაბიჯები. ამისი დისკრეცია აქვს მთავრობას, გახარიას, ანუ ივანიშვილის გარემოცვას, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება კომენდანტის საათს, დროში შეზღუდვა და მანქანებზე შეზღუდვა, პირიქით, მეტ ფიზიკურ კონტაქტს იწვევს ადამიანებს შორის",-აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, ხელისუფლება საგანგებო რეჟიმს პოლიტიკურად იყენებს.

"რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ახლა იყენებენ ივანიშვილის პიროვნების კულტის შესაქმნელად კომიკური და სამარცხვინო ფორმით და თვითქებისთვის. გარეთაც რა პუბლიკაციებიც დაუკვეთეს, შიდა პროპაგანდისთვისაა",-აცხადებს ბოკერია.

"ინტერპრესნიუსი"