"გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ კორონავირუსი გადატანილი აქვთ"
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ფიქსირდება შემთხვევები, როცა ადამიანებს Covid 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ინფექცია გადატანილი აქვთ.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მათი ყველა კონტაქტი მოკვლეულია.
"ჩვენ, საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როცა პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია ისე, რომ არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა კონტაქტი არის გამოკვლეული და ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს," - აცხადებს ტიკარაძე.
კითხვაზე: მკურნალობდნენ თუ არა ისინი სტაციონარში, მინისტრი ამბობს, რომ ისინი "სტაციონარში არ წოლილან".
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომდევნო წლებში ჩვენ მოგვიწევს კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირება, მოგვიწევს ვატაროთ ნიღბები და ჩავიტაროთ ჰიგიენური ღონისძიებები.
"სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტიდან იანვრის თვიდან მოყოლებული იდება არაერთგვაროვანი სურათები, რაც დამოკიდებულია იმაზე, რომ არცერთმა ქვეყანამ არ ვიცით ინფექციის თვისებები. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში ეპიდემიის დასასრული. შემდეგ წლებში ჩვენ მოგვიწევს კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირება, მოგვიწევთ ვატაროთ ნიღბები და ჰიგიენური ღონისძიებები, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
"ინტერპრესნიუსი"