მედპერსონალის ნაკლებობა, ექიმთა თვითმკვლელობა, მზადება "გაჩერებული ცხოვრების" ასამუშავებლად - რა ხდება საქართველოს სამეზობლოში? - კვირის პალიტრა

მედპერსონალის ნაკლებობა, ექიმთა თვითმკვლელობა, მზადება "გაჩერებული ცხოვრების" ასამუშავებლად - რა ხდება საქართველოს სამეზობლოში?

კორონავირუსის პანდემიის დასრულებას ჯერ კიდევ პირი არ უჩანს. არიან ქვეყნები, სადაც ვირუსის გავრცელება შეჩერდა, ან მეტ-ნაკლებად დაყოვნებით მიმდინარეობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შენარჩუნებულია იმ სახელმწიფოთა რაოდენობის მატების ტენდენცია, სადაც ინფექციით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. საინტერესოა, ვიცოდეთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

რუსეთი

ჩრდილოელ მეზობლის ტერიტორიაზე, 7 მაისის მდგომარეობით, რეგისტრირებულია Covid 19 -ით ინფიცირების 177 160 შემთხვევა, მათ შორის სრულად გამოჯანმრთელდა 23 803 ავადმყოფი, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 222 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 1615 დაავადებული.

დღეისათვის რუსეთის ჯანდაცვის სისტემის დაწესებულებები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. ყოველდღიურად ათი ათასზე მეტი დასნებოვნების ფაქტი აღირიცხება.

როგორ არის პრემიერ-მინისტრი? მიხეილ მიშუსტინი როგორც ცნობილია, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა გამოაცხადა, რომ იგი კორონავირუსით დაავადდა და მკურნალობას იწყებს. მთავრობის პრეს-მდივნის ბორის ბელიაკოვის თქმით, ამჟამად, 5 მაისისთვის, პრემიერი მოსკოვის ერთ-ერთ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის იმ წამლებით, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა რეკომენდებული, მისი მდგომარეობა ზოგადად ნორმალურია. ვირუსით ასევე დაინფიცირდნენ რუსეთის მშენებლობის მინისტრი და მისი მოადგილე.

აქვე ვიტყვით, რომ კორონავირუსით რუსეთში რამდენიმე ცნობილი პიროვნება გარდაიცვალა, მათ შორის 64 წლის სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია "ენერგიის" გენერალური კონსტრუქტორი, აკადემიკოსი ევგენი მიკრინი,  (4 მაისს), უფრო ადრე კი ინგუშეთის რესპუბლიკის მთავარი მუფტი აბდულრახმან მართაზანოვი.

ექიმთა თვითმკვლელობა

ბოლო დროს რუსეთში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თავი ორმა ექიმმა მოიკლა: ნატალია ლებედევამ - მოსკოვის "ზვეზდნი გოროდის" სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგემ, რომლის თანამშრომლები კორონავირუსით დასნებოვდნენ და ელენა ნეპომნიაშაიამ - მოსკოვის სამხედრო ვეტერანთა ჰოსპიტლის მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელმაც სუიციდი იმ დროს განახორციელა, როცა ბრძანება მიიღო საავადმყოფოს პროფილის შეცვლის თაობაზე Covid 19"-ით ავადმყოფებისათვის.

რასაკვირველია, ექიმები და მედიცინის დები თავს მხოლოდ რუსეთში არ იკლავენ. მსგავსი ფაქტები ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ხდება აშშ-ში და ევროპაში.

ექსპერტთა აზრით, ეს მხოლოდ დასაწყისია, აისბერგის ზემო ნაწილი. ბევრია სუიციდის რაოდენობა ახალგაზრდა მედიკოს-სპეციალისტთა და უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელების სტუდენტებს შორის, რომლებსაც გამოცდილება არ აქვთ და ადამიანთა ტრაგედია მათ ფსიქიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ბევრი ექიმი თავს იკლავს სწორედ იმ საავადმყოფოში, სადაც მორალური ტრამვა მიიღო. როგორც მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს ანესთეზიოლოგი ჰყვება, "საქმე მხოლოდ ჯოჯოხეთურ დაღლილობაში არ არის, როცა ცვლის შემდეგ ფეხზე ვეღარ დგები. ჩვენთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმაა პაციენტების, მათი ნათესავებისა და სამსახურის ხელმძღვანელობის არასერიოზული დამოკიდებულება პანდემიის მიმართ. გარდა ამისა, ექიმებს ეშინიათ იმისიც, რომ კარგად არ არის გარკვეული მკურნალობის მეთოდიკა, ეშინიათ შეცდომის დაშვებისა... თუმცა ისიც არ ვიცით, თუ რა არის შეცდომა და რა - არა. ყოველი დაავადებულის სიკვდილში ექიმი თავს დამნაშავედ გრძნობს. ასეთ გაურკვეველ, უცნობ მდგომარეობას ბევრი ვერ უძლებს, ნერვები მოშლილი აქვთ. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, ყველას გვყავს ოჯახის წევრები, ახლობლები, მათზე ვდარდობთ, აქ კი ასობით ავადმყოფი მოჰყავთ. ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა, რომ კორონავირუსით დაავადებულების სამკურნალოდ მედინსტიტუტების სტუდენტები არიან ჩაბმულნი. ეს იმას ჰგავს, რომ ჯარში ახლადგაწვეული საბრძოლო ოპერაციაზე გაგზავნო. ახალგაზრდების ფსიქიკა სიკვდილს ვერ ეგუება და რამდენიმე დღის მუშაობის შემდეგ მათ თვითონ სჭირდებათ დახმარება".

ექიმთა თავის არიდება

რუსეთის ზოგიერთ რეგიონში შეინიშნება მასობრივი თავის არიდება სამსახურისადმი ექიმების და მედიცინის სფეროს სხვა მუშაკების მხრიდან. ასე მაგალითად, კალინინგრადის ოლქის 350-მა ექიმმა და მედიცინის მუშაკმა უარი განაცხადა მოვალეობის შესრულებაზე და სამსახურიდან თავიანთი ნებით გათავისუფლდნენ. გარდა ამისა, 60 წლის ასაკს გადაცილებულმა 65-მა მედიკოსმა უფასო შვებულებაში გასვლა გადაწყვიტა.

კიდევ ერთი სამწუხარო სტატისტიკა: კორონავისრუსის ეპიდემიის დაწყების დროიდან რუსეთში Covid 19-ით დაახლოებით 80-მდე მედიცინის მუშაკი გარდაიცვალა. მათ შორის არიან როგორც მეცნიერები და ცნობილი ვირუსოლოგებიც, ასევე სხვადასხვა სპეციალობის მქონე რიგითი ექიმებიც.

რა ხდება რუსეთის საპყრობილეებში

მაშინ როცა პანდემიით მოცული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პატიმრებს ციხის გარეთ უშვებენ, რუსეთში ასე არ ხდება. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (ФСИН) 28 აპრილის მონაცემებით, მათი სისტემის დაწესებულებებში კორონავირუსით დაავადების 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული: ვირუსი დაუდასტურდა უწყების 271 თანამშრომელს და 40 პატიმარს (ციფრებში სხვაობა განპირობებულია იმით, რომ თანამშრომლებს მეტი კონტაქტი ჰქონდათ სისტემის ფარგლებს გარეთ). მოსკოვში გადაასადგილებლად ისევ საშვია საჭირო

საინტერესოა, რომ რუსეთში ამჟამად თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელს ნახევარ მილიონზე მეტი მსჯავრდებული იხდის, რომელთა "უსაფრთხოებას" ФСИН-ის 300 ათასამდე თანამშრომელი იცავს.

როგორც რუსი უფლებადამცველები აცხადებენ, სასჯელაღსრულების ადგილებში ამჟამად მკაცრი ზომებია მიღებული, რითაც ისედაც დახურული სისტემა კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდა. შესაბამისად, ხშირად ირღვევა პატიმრების უფლებები: აკრძალულია ნათესავების მისვლა, ამანათების გადაცემა, წამლების მიტანა. სამედიცინო განყოფილებებში არ აქვთ ან დეფიციტშია ანტივირუსული პრეპარატები, სანიტარული ხელთათმანები და პირბადეები. გართულებულია ადვოკატების დაშვება სასჯელარსრულების დაწესებულებებში. რასაკვირველია, ასეთ პირობებში არ აა გამორიცხული პატიმართა ბუნტი, რაც ბოლო დროს ხდება კიდეც: ასე, მაგალითად, აპრილის ბოლოს "აჯანყდნენ" ირკუტსკის ოლქში მდებარე მე-15 შრომა-გასწორების კოლონიის პატიმრები.

თურქეთი

თურქეთში კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია (7 მაისის მდგომარეობით): დაინფიცირებულია 131 744 ადამიანი, მათგან 3 584 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 78 202  პაციენტი. ქვეყანაში სხვადასხვა ამკრძალავი ზომები მოქმედებს: 20 წლამდე უმცროსი და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს გარეთ გასვლის უფლება არ აქვთ. 31 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის რეჟიმია გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვართან მდებარე ართვინის პროვინციაში, ორ კვირაზე მეტია Covid 19-ით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა. უფრო მეტიც - ბოლო დროს, ვინც კი საავადმყოფოში იწვა, გამოჯანმრთელდა და გაეწერა. საერთო მონაცემებით, ართვინის პროვინციაში, სადაც 26 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 39 დაინფიცირებული მოქალაქე გამოვლინდა, მათგან კი ხუთი გარდაიცვალა. ართვინი

როგორც პროვინციის გუბერნატორი ილმაზ დორუკი ამბობს, მოქალაქეები მკაცრად იცავენ მოწოდებას "დარჩით სახლში". ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ძალისხმევას, რაც ადმინისტრაციამ განახორციელა, მათ შორის - თურქეთ-საქართველოს საზღვრზე არსებული სარფის საკონტროლო გამსვლელი პუნქტის დროულ დახურვას, რის შედეგადაც დაავადების რისკები და რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აქვე დავამატებთ, რომ ართვინის ილის (პროვინციის) მუნიციპალიტეტებში - მურღულში, არხავში და არტანუჯში ვირუსით დაინფიცირების ფაქტები არ გამოვლენილა.

ამჟამად თურქეთში პერსონალური დამცავი საშუალებებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არ შეინიშნება, პირიქით - ქვეყანა მეზობლებსაც ეხმარება - აზერბაიჯანს, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთს, უკრაინას და სხვებს.

როგორც თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, 11 მაისითვის მუშაობას დაიწყებს ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმო.

სომხეთი

ბოლო მონაცემებით, 7 მაისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით დასნებოვნებული იყო 2884 ადამიანი, გარდაიცვალა 42, გამოჯანმრთელდა - 1185 პაციენტი.

ჩვენი სამხრეთი მეზობლის ჯანდაცვის სისტემა, ჩრდილოელის მსგავსად, უკიდურესი დატვირთვით მუშაობს, რადგან მედპერსონალის ნაწილი ინფიცირებულია, 60 წელს გადაცილებული პროფესიონალები კი სახლში რჩებიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, სწორედ ეს გარემოება განაპირობებს იმას, რომ რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემა რთულ მდგომარეობაშია.

სომხეთის მთელ ტერიტორიაზე 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე გვიან გამოვლინდა კორონავირუსით პირველი დაავადებული, შემდგომში Covid 19 სწრაფად გავრცელდა და დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთმა რეგიონში დაავადებულთა და გარდაცვლილების რაოდენობით, სამწუხარო რეკორდი დაამყარა. სომხური პრესა ხშირად ავლებს პარალელს მეზობელ საქართველოში არსებულ ვითარებასთან და აღნიშნავენ, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელლების წინააღმდეგ არასწორად იმოქმედა.

აზერბაიჯანი

ამჟამად აზერბაიჯანში გამოვლენილია Covid 19-ით დაავადების 2127 ფაქტი. მათგან 1536 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 28 გარდაიცვალა.

მთავრობამ მოსახლეობის დამატებითი სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად 350 მილიონი დოლარი გამოჰყო, 80 მილიონი კი - კერძო მეწამრმეების დაცვის მიზნით. ყოველმა უმუშევარმა მიიღო ერთჯერადი დახმარება 111 დოლარის ოდენობით.

აზერბაიჯანში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, მოქმედებს მხოლოდ საგანგებო საკარანტინო რეჟიმი, რომელიც მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, 31 მაისამდე გაგრძელდა. თუმცა ოთხი მაისიდან კარანტინის პირობები შემსუბუქდა: განახლდა საპარიკმახეროებისა და სილამაზის სალონების, ტანსაცმლისა და სამკაულები მაღაზიების მუშაობა.

მოამზადა სიმონ კილაძემ