"მკითხავთან ერთხელ ვიყავი და მეორე დღეს მამაჩემი გარდაიცვალა, მას შემდეგ არ ვყოფილვარ..."
ეპატაჟურობით გამორჩეული ზალიკო ბერგერი შინიდან გვანებივრებს ლაივჩართვებითა და ფრთიანი ფრაზებით. როგორ ატარებს დროს თვითიზოლაციაში, რა ენატრება ყველაზე მეტად და რა აზრის არის ამ ვირუსსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვეული გულახდილობით გვესაუბრა.
- მას შემდეგ, რაც იზოლაცია სავალდებულო გახდა, მე და დედაჩემი ბელა სახლში გამოვიკეტეთ და გაძლიერებულ კვებაზე ვართ. რომ
გითხრათ, ძალიან განვიცდი-მეთქი, ასე არ არის, მაინც კარგის მოლოდინში ვარ და მჯერა, მალე ყველაფერი დამთავრდება. მე შემიძლია სახლშIი დიდხანს გავძლო და ამაზე ბევრი არ ვიწუწუნო, არც ის ვიძახო, დეპრესია და ფსიქიკური პრობლემები გამიჩნდა-მეთქი. ვცდილობ, ჩემი პოზიტიური განწყობა მთელ საქართველოს გადავცე. არადა, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ვიყავი
მიჩვეული. პარასკევი-შაბათი - რესტორნები, ერთი ლაუნჯიდან მეორეში გადასვლა, კლუბის დღეც მქონდა... დღის განმავლობაში შემეძლო 50 მეგობარი მენახა, მომევლო ბევრი ადგილი. რაკი მე მოვახერხე სახლში ჩაჯდომა და არ გავაფრინე, ეს სხვამაც უნდა შეძლოს.
- რას აკეთებ სახლში?
- ბელა ისეთ გემრიელ საჭმელებს აკეთებს, ჩემი გასაკეთებელი არაფერი რჩება. საჭმლის მკეთებელი ოჯახში დედა მყავს და წონაში ვიმატებ... ვარჯიში ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ამას სატრენაჟორო დარბაზებში ვერ ვახერხებდი და ახლა რა მევარჯიშება.
საერთოდ არ გავსულვარ გარეთ. მაღაზიებში სიარული ისედაც არ არის ჩემი საქმე, რომ გამიშვა, მარკეტს ვერ მივაგნებ, პურსაც ვერ ვიყიდი... ერთი ეგ "წიკი" დამემატა - წარამარა ხელებს ვიბან. ისე, "წიკებიანი" ყოველთვის ვიყავი, ჩემი პირსახოცი, ჭიქა და ყველაფერი ჩემი მაქვს...
- ახლა ალბათ, ალკოჰოლს ეძალები...
- დედაჩემისგან "დაბრო" მაქვს და კვირაში ორჯერ ბელამ "ხსნილის დღეები" დამიწესა. ამასობაში გადაცემის იდეა მომივიდა - "ზალიკო ლაივი". სახლიდან ბევრი გადაცემა და ლაივი კეთდება და რადგან ჩემს ლაივებს ისედაც ბევრი მაყურებელი ჰყავს, რატომაც არა, მივანიჭებ გადაცემის სტატუსს და ფორმას. იქნებ სპონსორებიც მოვიზიდო, მთლად ულუკმაპუროდ რომ არ დავრჩე კორონასა და კარანტინის ჟამს.
- რა არის შენი მთავარი ხიბლი? იგინები თუ იწყევლები, მაინც უამრავი ხალხი უყურებს შენს ვიდეოებს.
- მე მარტო ინტერნეტით ხომ არა ვარ ცნობილი, დიდი სამეგობრო მყავს. ბევრს უთქვამს, ისეთი ენერგია გაქვს, სწორად რომ წარმართო, პარლამენტარი ან პრეზიდენტი გახდებიო. მათხოვარსაც კი უთქვამს, იმედია, ხალხი სათანადოდ დაგაფასებს სახალხო არტისტივითო. მე ასეთი ენერგიის მჯერა, თორემ ჯაჯანიძის მკითხავ-მჩხიბავების კი არა... მკითხავთან ერთხელ ვიყავი და მეორე დღეს მამაჩემი გარდაიცვალა, მას შემდეგ არ ვყოფილვარ...
- მახსოვს, ამბობდი, აპრილის შუა რიცხვებში ვაქცინა იქნებაო...
- დიახ, კარანტინი დაწყებულიც არ იყო, პირველი ჩართვა მქონდა ერთ-ერთ ტელევიზიაში და მაშინ ვთქვი... ვფიქრობდი, რომ აპრილის შუა რიცხვებამდე მსოფლიოში ვაქცინა გამოჩნდებოდა, მაგრამ...
რა ვიცი, სადამდე იქნება მსოფლიო გაჩერებული?! ეს ყველაფერი აღარ ჰგავს ვირუსს. ისე გაგრძელდა, ან უცხოპლანეტელებმა დაგვიპყრეს, ან მასონებმა, ან არ ვიცი, ვინ... სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ვიღაცამ ჩიტის სკინტი შეჭამა და მთელ მსოფლიოს ვირუსი მოედო, ეს დაუჯერებელია! მგონი, იმისთვის გვამზადებენ, რომ მსოფლიო აღარასდროს იყოს ისეთი, როგორიც აქამდე... გაგრძელება