"როგორც კი პირველი პაციენტი შემოვიდა, ერთადერთი რაც აზრად მომივიდა..."- ვირუსთან ბრძოლის დაწყების წინ რა მეთოდს მიმართა ლევან რატიანმა? - კვირის პალიტრა

"როგორც კი პირველი პაციენტი შემოვიდა, ერთადერთი რაც აზრად მომივიდა..."- ვირუსთან ბრძოლის დაწყების წინ რა მეთოდს მიმართა ლევან რატიანმა?

"მაესტროს" გადაცემა "ახალ ამბებში" სტუმრობისას, ლევან რატიანმა კოვიდინფექციასა და პაციენტებზე ისაუბრა:

"კლინიკაში ძალიან გვიხარია, რომ ბოლო 4-5 დღის განმავლობაში მომართვიანობა საგრძნობლად შემცირებულია. გვახარებს ისიც, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გვაუწყა, ეს ვირუსი აღმოაჩინა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს და აქედან ითვლება ამ ვირუსის ისტორია. 4 თვეა გასული, რაც ამ ვირუსის ბუნებას სწავლობენ მსოფლიო მეცნიერები. უმეტესწილად, ამ ვირუსის ბიოლოგიური ფუნქცია შესწავლილია და ალბათ, ძალიან მალე დაიდება საბოლოო რეზულტატი ამ ვირუსის გავრცელებასა და ბიოლოგიურ ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე ორგანიზმში შეჭრის შედეგად რა პათოგენეზს იწვევს ის.

არსებობს ვირუსის რამდენიმე ქვეტიპი. ეს ვირუსი განიცდის მუტაციას და ამ მუტაციაზეა დამოკიდებული, ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შედეგად როგორ ვლინდება ის. არ ვარ ვირუსოლოგი და ინფექციონისტი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მინდოდა ეს ვირუსი ბოლომდე შემესწავლა და მინდა გითხრათ, რომ ვირუსს გადაცემის გაღალი უნარი ახასიათებს და ორგანიზმში შეჭრის შედეგად, უმეტესწილად ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს კლინიკური გამოვლინება...

საქართველოში არსებული კოვიდინფექცია ისეთი აგრესიით არ მიმდინარეობს როგორც ევროპასა და ამერიკაში. შესაძლებელია ეს იყოს მუტირებული ვირუსი, რომელიც დამოკიდებულია გეოგრაფიაზე, კვებაზე, ეთნიკურ ჯგუფზე და ა.შ.

ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპია, რაც არ უნდა მძიმე პაციენტი მივიღოთ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის. შეიძლება ამ პაციენტების ყველას ფსიქოლოგია არ ვიცოდე, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი რა განწყობით შემოდიან, მანამდე იყო ცნობილი, რომ გაჩნდა სასიკვდილო ვირუსი... აქედან გამომდინარე, ამ პაციენტებისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია განწყობას.

როდესაც ეს დაავადება გაჩნდა, პირდაპირ გადმოვიღე უზნაძის "განწყობის თეორია". სიმართლე გითხრათ, მეტი გზა არ არსებობდა, რადგან არ ვიცოდით პროფილაქტიკური მედიცინა და როგორც კი პირველი პაციენტი შემოვიდა, ერთადერთი რაც აზრად მომივიდა, განმეორებით უნდა წამეკითხა უზნაძის "განწყობის თეორია". რადგან სხვა საშუალება არ არსებობდა გარდა სიმპტომური და ინდივიდუალური მიდგომისა, რაც შეიძლება კარგ განწყობაზე უნდა ვყოფილვიყავი", - განაცხადა ლევან რატიანმა