"მამაჩემმა ჩემზე თქვა უარი მაშინ, როცა მართლმადიდებელი გავხდი"
ინტერნეტსივრცეში დიდი რეზონანსი გამოიწვია 31 წლის გაბრიელ კამაევის ვიდეომიმართვამ, რომლითაც ის გამოეხმაურა ბოლნისის მუნიციპალაიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარ მოვლენებს, როდესაც ექიმებს და სამართალდამცავებს სოფლიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოყვანისას წინააღმდეგობა გაუწიეს. გთავაზობთ ნაწყვეტს მიმართვიდან:
"ღვთის წყალობით შენ დაიბადე და გაიზარდე საქართველოში. ჩვენ, ამ ქვეყნის უმრავლესობა, ვემორჩილებით კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და იმ წესრიგს, რომელიც არსებობს ქვეყანაში. მიუხედავად შენი ეთნიკური წარმომავლობისა, გენდერული უმცირესობისა, შენ ხარ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შენ ისევე უნდა ემორჩილებოდე კანონს, როგორც მე და როგორც დანარჩენი 99% მოქალაქეების, ანუ ამ ქვეყნის უმრავლესობა. თუ თვლი, შენ ხარ განსაკუთრებული ამ ქვეყანაში და განსაკუთრებული შეღავათებით უნდა სარგებლობდე, მე მაპატიე, იგივე შემიძლია მეც ვიფიქრო და იგივე შეუძლია იფიქროს აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მაგრამ ასე არაფერი გამოვა. მე ეთნიკურად ქართველი არ ვარ, მაგრამ დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა ქართული ენა ესწავლებინა ჩემთვის, მე ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, ეს არის ჩემი სამშობლო. სამწუხარო რეალობაა, ეთნიკური უმცირესობების 90 პროცენტმა ქართული არ იცის, მაგრამ ის მშვენივრად იციან, როგორ უნდა აგინონ ჩვენს სამართალდამცავებს, ჩვენს მედიკოსებს. თქვენ ალბათ მეტყვით, რომ ქსენოფობიურ განცხადებებს ვაკეთებ. ეს იქნება თქვენი მხრიდან აბსურდი და მარაზმი... თუ ვინმეს ეს არ მოგწონთ და თვლით, რომ თქვენი უფლებები იზღუდება, არ არის პრობლემა, დატოვეთ თქვენი მოქალაქეობა, თქვენი პასპორტი და ნახვამდის, ან იცხოვრეთ იმ რეალობაში და შეეგუეთ იმ წესრიგს, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს და რომელსაც ვემორჩილებით ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა. ეს მინდოდა მეთქვა. არ ვთვლი საჭიროდ მოგმართოთ რუსულად, რადგან ეს ქვეყანა არის საქართველო და ჩვენი დედაენა არის ქართული. ქართულად უნდა გაიგოთ ჩემი გზავნილი".
31 წლის გაბრიელ კამაევი თავისი პირდაპირობით გამოირჩევა, უშიშრად გამოხატავს თავის აზრას სხვადასხვა საკითხზე, რის გამოც წინააღმდეგობებიც ხშირად ხვდება. როგორც შევიტყვეთ, ამ ემოციური განცხადების გამო ახალგაზრდა კაცს დაემუქრნენ კიდეც.
- გაბრიელ, თქვენი ემოციური მიმართვა ბევრმა ნახა, იშვიათად ლაპარაკობენ ასე გამართული ქართულით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, გვიამბეთ თქვენზე... - ბათუმში ვცხოვრობ, მყავს მეუღლე და სამი შვილი, საშუალო განათლება თბილისში მივიღე, თავიდან რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ქართული დავამთავრე. სკოლის შემდეგ პროფესიული კოლეჯი. დედა ეროვნებით აზერბაიჯანელია, მამა - ჩეჩენი, მამასთან დიდი ხანია კონტაქტი არ მაქვს. თბილისში ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც ყველა ეთნიკური წარმომავლობის ხალხი ცხოვრობდა: აზერბაიჯანელები, რუსები, იეზიდები, სომხები, ქართველები. უბანში არასოდეს მიგვრძნია დისკომფორტი იმის გამო, რომ არ ვარ ქართველი. დედა სულ ცდილობდა მესწავლა ქართული, საქართველოს ისტორია მცოდნოდა კარგად. 17 წლის ასაკში მართლმადიდებელი გავხდი და აქედან დაიწყო ჩემი პრობლემები, უფრო მამის მხარესთან.
- თქვენს გაქრისტიანებას ცუდად შეხვდნენ?
- ძალიან ნეგატიურად. ახლა ჩემი განცხადების მერე აზერბაიჯანელებთან რომ მაქვს პრობლემები, ასე იყო მაშინ პრობლემები ჩეჩნებთანაც, ოღონდ იმათთან სარწმუნოების გამო. მცირე პრობლემები ზოგადად ყოველთვის მქონია ჩემი შეხედულებების გამო, მაგრამ, არ მგონია, განსაკუთრებული იყოს ამაში რამე. ვამბობ ყოველთვის იმას, რაც მგონია, რომ ყველა ქართველმა უნდა თქვას. ბოლო მიმართვა რომ მოისმინეს, უფრო მეტად ნეგატივი ეთნიკურად აზერბაიჯანელებისგან წამოვიდა, საბედნიეროდ, ბევრმა სწორად გაიგო ჩემი გზავნილი. პოზიციას ამის გამო არ შევიცლი, თქვენთანაც იგივეს გავიმეორებ, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ეთნიკური წრის წარმომადგენელია, პირველ რიგში უნდა მეტყველებდეს ქართულად, საქართველოს უნდა სცემდეს პატივს, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა. ელემენტარულად ქართული ენა უნდა იცოდეს ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ, საქართველოს ისტორიაზე წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეს. გარკვეული წლები უცხო ქვეყნებში მომიწია ცხოვრება, თავის ენას და ისტორიას ყველგან პატივს სცემენ. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებ იმ ქვეყნის ისტორიის და ენის ცოდნა აუცილებელია. საქართველოში კი მთელი ცხოვრება ცხოვრობენ და ქართული არ იციან. ამაზე მწყდება გული. საბედნიეროდ, უმცროსი თაობის 80%-მა ქართული იცის და ეს ძალიან მომწონს.
განსაკუთრებით მწვავედ დგას ენის პრობლემები მარნეულში, ბოლნისში და იმ რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ. ბევრი ნათესავი მყავს და ენის არ ცოდნის გამო ამ კორონავირუსის თაობაზეც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ მიღებული. ბევრს საერთოდ ეგონა, რადგან აზერბაიჯანელები იყვნენ, საერთოდ ყურადღებას არ მიაქცევდნენ. ბევრი რეალობას მოკლებული ინფორმაცია იყო. რაც ბოლო დროს ვნახეთ, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე მიმემართა მათთვის. კანონმდებლობას უნდა დავემორჩილოთ ყველა, არავის უნდა ეგონოს, რომ რაღაც განსაკუთრებული უფლებით სარგებლობს.
- მიმართვის ჩაწერა ბოლნისსა და მარნეულში მომხდარმა ფაქტებმა გადაგაწყვეტინათ?
- ჩემს მეგობრებსაც უნდოდათ აღნიშნულის თქმა, მაგრამ რადგან ეთნიკურად ქართველები იყვნენ, ამას მოყვებოდა ხმაური და ქსენოფობობა დაბრალდებოდათ. ასევე ვნახე ამ ფაქტებზე რამდენიმე ადამიანის მიმართვა, რომელიც ძალიან არ მომეწონა, იქ შეურაცხყოფის გარდა ვერაფერი მოვისმინე, ის პოზიციაც მოვისმინე, რომ თურმე აზერბაიჯანელები უნდა გადევნონ და ა.შ. ამიტომ გადავწყვიტე ჩამეწერა ის, რასაც ვფიქრობ რეალურად. ეს იყოს და ეს.
- უმცირესობების პრობლემებზეც ხომ არ ისაუბრებთ? - არსად, კავკასიიც არც ერთ ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობები არ არიან ისეთ კომფორტში, როგორც საქართველოში. აზერბაიჯანში წელიწადნახევარი ვიცხოვრე ყველგან, სადაც კი მივსულვარ მთხოვდნენ მესაუბრა აზერბაიჯანულად, არანაირი რუსულად ლაპარაკი... სამწუხაროდ, საზოგადოებაში ისეთი ჯგუფები არიან, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის ეთნიკური უმცირესობები. ეს არაერთხელ მომხდარა. არ ვარ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ საქართველოს სიყვარული მაქვს და ეს ეთნიკურობასთან არ არის კავშირში. ჩემი სამშობლოა საქართველო, აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ ვცხოვრობ, აქ უნდა მოვკვდე და რითაც შემიძლია უნდა დავუდგე ჩემს სამშობლოს გვერდში.
- როგორც შევიტყვე, ცოტა ხნის წინ თქვენ გამოეხმაურეთ "იუთუბზე" ატვირთულ სიმღერას და ამის გამო პრობლემები ჩეჩნებთან და აფხაზებთან შეგექმნათ, ამ ინციდენტზე ისაუბრებთ?
- კლიპია გაკეთებული სიმღერაზე, ესალმებიან კავკასიას, თუმცა გამოყოფენ საქართველოს ორ უძველეს რეგიონს. აფხაზეთის და სამაჩაბლოს დროშა ფრიალებს და ისეა გაკეთებული, თითქოს ცალკე რესპუბლიკებია. ამას გამოვეხმაურე და ვთქვი, რომ საქართველოს გარეშე კავკასია არ არსებობს-მეთქი. თუკი გაუცნობიერებლად გაავრცელეს ასე, მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოთ და გამოასწოროთ, თუ ეს განზრახ გააკეთე, მაშინ ეს სეპარატიზმს ემსახურება-მეთქი. ეს მიმართვა ჩავწერე რუსულ ენაზე და დავდე. მივმართავდი იმ ჩეჩენ მომღერალს და ამ კლიპში მონაწილეებს. ამას დიდი რეზონანსი მოყვა ჩეჩნების და აფხაზების მხრიდანაც. საბოლოოდ ყველაფერი დამიბლოკეს, რადგან გულზე მოხვდათ. არადა, ახლაც იგივეს ვიტყვი, კავკასია საქართველოს გარეშე იგივეა, რაც ქორწილი სიძის გარეშე. საქართველო იყო კავკასიის ცენტრი ყოველთვის და იქნება. მითხრეს, რომ არასოდეს არ უნდა ჩავიდე მათთან, თორემ გამისწორდებიან. იყო მუქარები. საქართველოში რამდენიმე ადამიანთან შეხვედრაც მქონდა, კონფლიქტიც იყო.
- საქმის გარჩევა, ალბათ ჩეჩნებისგან არა?
- დიახ, ჩეჩნები იყვნენ ძირითადად და არ მოეწონათ, ახლა ეს ბოლო განცხადება არ მოეწონათ აზერბაიჯანელებს. იმათმაც შემომითვალეს, რომ აზერბაიჯანში თუ ჩავალ შემექმნება პრობლემა, მათი აზრით, მოღალატე ვარ.
- მერე გიწევთ ახსნა-განმარტებების გაკეთება?
- თუ ვერ იგებს, რა აზრი აქვს ახსნას? საქართველოს ყველამ უნდა სცეს პატივი. როგორც მე მეწყინება და ნებისმიერს, დედას რომ მიაყენონ შეურაცხყოფა და ამას ვერ მივიღებ და გავცემ საკადრის პასუხს, ასეა ჩემი სამშობლო და ანალოგიურ პასუხს გავცემ ყველას. რომ ჩავიდე აზერბაიჯანში პრობლემა შემექმნება, ეს მუქარა რეალურია. პრობლემა იქ მაშინაც მქონდა იმის გამო, რომ სომეხი მეგობრები მყავს.
- ჩეჩნები საქმეს რომ გირჩევდნენ, ბოდიშის მოხდას გთხოვდნენ? - რაც ჩავწერე იმის წაშლას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ მაშინაც, მაგრამ ეს არ გავაკეთე. რა სისულელეა. ბევრმა გააზიარა ეს სიმღერა. მინდა მათ მივმართო. ვინც აღნიშნულ კლიპს "ვირუსის" მსგავსად აზიარებთ. გასაგებია რომ "ლეზგინკა" ყველას მოგვწონს და რთულია დაიწუნო ჰანგებიც და ცეკვაც. თუმცა: აღნიშნულ ე.წ შემოქმედებაში, საქართველოს ორი უძველესი და განუყოფელი რეგიონი, მოხსენებულია როგორც ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკები. მინდა ეს "სეპარატისტული ჩანართი" ყველამ კარგად გავიაზროთ... ყველა ვინც არ სცემს პატივს და არ სცნობს ჩემი სამშობლოს ერთიანობას, ის ჩემი მტერია! გინდ ჩრდილო კავკასიელი იყოს და თუ გინდ სამხრეთ აფრიკელი.
- თავად ქართველების რეაქცია როგორი იყო თქვენს ბოლო მიმართვაზე? - უმრავლესობა მამხნევებს, მაგრამ არის რაღაც კატეგორია, რომელმაც ვერ გაიგო ჩემი გზავნილი ვის ეხებოდა. უხეშად ვიტყვი იმ სიტყვას, რაც მითხრეს, შენ რა უფლება გაქვს თათარს, რომ მე მომიწოდებ, რადგან კანონს არ ვემორჩილები ქვეყნიდან წავიდე, ეს ჩემი სამშობლოაო. ადამიანს ვერ ასწავლი რა არის სამშობლო და ვერც იმას ავუხსნი, რომ ეს იყო კონკრეტული გზავნილი, თუ არ მოგწონს და თვლი, რომ ეს ქვეყანა არ არის ის, სადაც შენ უნდა ცხოვრობდე და შენი უფლებები იზღუდება, შეგიძლი თამამად წახვიდე. მე კარგად ვიცი აზერბაიჯანში ან ჩეჩნეთში მსგავს ქმედებაზე რა მოხდებოდა. მინიმუმ ოჯახებს შეექმნებოდათ პრობლემა, გინდაც სომხეთში. საქართველოში ღირსეულად იქცევა ხელისუფლება, ზოგჯერ ძალიან ლოიალურები არიან უმცირესობის მიმართ.
- ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს როგორ შეაფასებთ? - როგორც რიგით მოქალაქეს რაღაცეები არ მომწონს და ვთვლი, რომ გამოსასწორებელია. განსაკუთრებით სოციალურ თემატიკას ვგულისხმობ. ბევრი ადამიანი ვისაც სჭირდება, ვერ იღებს დახმარებას, ამ დროს ბევრი ისეთი იღებს, რომელსაც არ ეკუთვნის. გამოსასწორებელია ბევრი რამე. მაგრამ რასაც ხელისუფლება აკეთებს ამ ბოლო დღეებში ხალხისთვის, ეს მისაღებია. უბრალოდ ვეტყოდი ხელისუფლებას, ნურც ერთ ჯგუფს ნუ მოექცევიან განსაკუთრებულად ლოილურად. მე ვემორჩილები კანონს და ვიცავ წესებს, მაგრამ როცა ვუყურებ რომ სხვები აყენებენ შეურაცხყოფას ექიმებს, არღვევენ კანონს და არავინ ისჯება, მიჩნდება მაშინ განცდა, რომ არ არის სამართალი და ეს ჩემთვის მიუღებელია. ნებისმიერ სიტუციაში ყველასთვის კანონი ერთი უნდა იყოს. ბოლნისში რაც მოხდა, როგორ მოექცნენ ექიმებს ამის ყურებაც კი შეუძლებელი იყო. ხშირად პოლიტიკური ძალა დგას ამ ინციდენტების უკან. ასეთ დროს მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს რომ მათ იყენებენ. რასაც ხელისუფლება ითხოვს ეს მათი ჯანმრთელობისთვის კეთდება. ამას უნდა მიხვდნენ.
- პროფესიით ვინ ხართ? - კინოოპერატორი ვარ, ბოლოს ამწეზე ვმუშაობდი სამშენებლო ფირმაში, მემანქანედ. ამ წუთას არსად ვმუშაობ. ასევე მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ მოძრაობა "მწვანე მოვლილი საქართველოსთვის" და ეკოლოგიური საკითხებით ვართ დაკავებული, ესეც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.
- მართლმადიდებელი რატომ გახდით? - მე რწმენა არ შემიცვლია, მაჰმადიანად მონათლული არასოდეს ვყოფილვარ, 17 წლის ასაკში მოვინათლე მართლმადიდებლად. ასეთი იყო ჩემი მსოფლმხედველობა ბავშვობიდან და იმიტომ, დიდება უფალს. მამაჩემმა ჩემზე თქვა უარი მაშინ, როცა მართლმადიდებელი გავხდი. დიდად არც ვახსნებ რომ მამა ჩეჩენი მყავს, რადგან მისგან ამის თქმის უფლებაც არ მაქვს. მითხრა, არასოდეს ახსენო ჩეჩენი რომ ხარო. რაც შეეხება დედას, დედაჩემმა გამზარდა. ყოველთვის მისი მხარდაჭერა მქონდა, მაშინაც, როცა მართლმდიდებლობა მივიღე. დედის მხარდაჭერას ვგრძნობ ცხოვრების ყველა ეტაპზე. ნათესაობამ როცა ჩემზე უარი თქვა სარწმუნოების გამო, დედაჩემმა ისევ გამამხნევა და გვერდში დამიდგა. ის განსაკუთრებული ადამიანია. ასე გამართული ქართულით რომ ვმეტყველებ, მისი დამსახურებაა. დედა საქართველოში გაზრდილია. ბებიამ და ბაბუამ შეიყვანეს ქართულ სკოლაში... ბევრჯერ მომისმენია ეს ფრაზაც, რატომ არ იცვლი გვარს? მათ ვეტყოდი, არ გრცხვენიათ? გვარი რომ გამომეცვალა - არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ, შემირცხვენია ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე სახის სარგებლის და პირადი კეთილდღეობის გამო საკუთარ გვარსა და წარმომავლობაზე უარს იტყვის! ჩემი გვარი, რომ მთავრდებოდეს "ძეზე" ან "შვილზე" უფრო მეტად მეყვარებოდა ჩემი ქვეყანა? აუცილებლად დავანგრევ ამ სტერეოტიპს, რომელიც უფლის წყალობით ცოტაღა შემორჩა - თითქოს არაქართველს ვერ ეყვარება თავისი სამშობლო ისე, როგორც ეთნიკურად ქართველს!
იხილეთ ვიდეომიმართვა სრულად