ანატოლი ბიბილოვი: "გთხოვთ არ დავპანიკდეთ!" - რა ხდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში?
მოგეხსენებათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტს, ასევე დედასა და მის 6 წლის შვილს აღმოაჩნდათ. შექმნილი სიტუაციის გამო, დე-ფაქტო ხელისუფლებამ 10-დან 17 მაისამდე პერიოდში რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პანიკაში არ ჩაცვივდნენ.
"ძვირფასო თანამოქალაქეებო, სამწუხაროდ, Covid 19 ჩვენს სამხრეთ ოსეთს გვერდი არ აუარა. გატარებული ღონისძიებების შედეგად კარანტინში მყოფ პირებს ვირუსი დაუდასტურდათ. ჩემი დიდი თხოვნაა, ყველაზე მნიშვნელოვანია, პანიკას არ მიეცეთ. ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ, ყველა საკითხს გადავჭრით. მთავარია ერთად ვიყოთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, არ დავპანიკდეთ, არამედ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებსა და ახლობლებს", - წერს ბიბილოვი სოციალურ ქსელში.