"კორონავირუსით მოვკვდებით რუსეთში თუ ბულინგით საქართველოში, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?" - რას პასუხობს კრიტიკოსებს თეონა კონტრიძე? - კვირის პალიტრა

"კორონავირუსით მოვკვდებით რუსეთში თუ ბულინგით საქართველოში, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?" - რას პასუხობს კრიტიკოსებს თეონა კონტრიძე?

ფოტოგრაფ მარი ნაკანის სოცალურ ქსელშ "ინსტაგრამის" ლაივჩართვაში მომღერალმა თეონა კონტრიძემ, რომელიც წლებია მოსკოვში ცხოვრობს და საქმიანობს, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და რუსეთიდან სპეცალური ავიარეისის დანიშვნა მოითხოვა, რასაც საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.  ამის მერე "ფეისბუკის" გვერდზე მარი ნაკანმა გამოაქვეყანა თეონა კონტრიძის ვიდეომიმართვა, ამგვარი ტექსტით:

"რამოდენიმე დღის წინ, ლაივში სტუმრად მყავდა თეონა კონტრიძე. მან გამოხატა წუხილი, რომ ვერ ჩამოდის საქართველოში, რადგან რუსეთის ავიახაზები ჩაკეტილია და ემიგრანტები ვერ ბრუნდებიან სამშობლოში. როცა იტალიიდან, ესპანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან აბრუნებენ ქართველ ემიგრანტებს და მათთვის ინიშნება სპეცრეისები. მე გამოვხატე სურვილი, რომ დავხმარებოდი თეონას და ჩემი ლაივის ნაწყვეტი ავტვირთე აქ ("ფეისბუკში"). მინდოდა ხმა მიმეწვდინა იმათთვის, ვისაც საგარეო საქმეები ეხება და შეძლებდნენ თეონას დახმარებას. ინსტაგრამზე მიდევს მთლიანი ვიდეო, აქ ავტვირთე მხოლოდ მისი მიმართვა.

საზოგადოება ორად გაიყო, ზოგს გაეხარდა თეონას დანახვა, მისი ხმის გაგება და შვილებიანად დაბრუნების სურვილი. ზოგმა პირდაპირ მიწაში ჩადო, ისე უტიფრად გალანძღა და დაადანაშაულა, რომ ერთი წამითაც არ დაფიქრებულა.. გუშინ თეონამ გამომიგზავნა ეს ვიდეო და მთხოვა რომ აქ ამეტვირთა, თქვენთვის. როგორც ჩანს ძალიან ატკინეთ გული. მე პირადად ვიცი, რამდენ კეთილ საქმეს აკეთებს და რამდენ ადამიანს ეხმარება თეონა რუსეთიდან საქართველოში.

ასობით და ათასობით ქართველი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში. ისინი ჩვენი მტრები არ არიან. ისინი ქართველები არიან...", - წერს სოციალურ ქსელში მარი ნაკანი.

ვიდეომიმართვაში მომღერალმა თეონა კონტრიძემ იმათ უპასუხა, ვინც ის რამდენიმე საკითხში დაადანაშაულა:

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ განრისხებული ვარ. წავიკითხე კომენტარები ჩემს ვიდეოზე. ჩემი მიმართვა ეძღვნებოდა საქართველოს მთავრობას, რომ დაგვხმარებოდა ამ პანდემიის დროს რუსეთიდან დახსნაში. აბსოლუტურად ამაზრზენი, შემაძრწუნებელი იყო კომენტარები...

მინდა თავიდან დავიწყო. მე რუსეთში წამოვედი 1994 წელს. ამ პერიოდშე რუსეთში ძალიან ბევრი ქართველი წამოვიდა. ვიღაც დარჩა, ვიღაც - არა. ვინც არ დარჩა, დღემდე ამბობს, რომ პატრიოტიზმი აწუხებდა, ამ დროს ეს არის ტყუილი. მე კი უბრალოდ ინსტიტუტში ჩავაბარე. შემდეგ ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, რომ მოვხვდი მიუზიკლში. შეგახსენებთ, რომ 90-იანების დასაწყისში საქართველოში იყო სამოქალაქო ომი და არავის არ ეცალა მუსიკოსებისთვის. მუსიკოსებისთვის დღესაც ცოტას სცალია. თქვენ შეგიძლიათ პრეტენზია წამომიყენოთ: "ჩვენ ვუძლებდით და შენ რატომ არ უძლებდიო?" - გპასუხობთ მაგაზეც, ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც მუშაობს და სადაც არის აქტუალური და სადაც შეუძლია სამყაროსთვის, ხალხისთის რამის გაკეთება. თუნდაც საქართველოსთის, რუსეთიდან უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე საქართველოში. ელემენტარულად, ჩემმა შემოსავალმა 14 ადამიანი მაინც შეინახა. შეიძლება თქვენ, ვინც ამ კომენტარებს აკეთებთ, უფრო მეტ ადამიანს ინახავთ, მაგრამ მე რაც შევძელი, ისე გავაკეთე.

2008 წელს, როცა თეონა კონტრიძე აკეთებდა ქორწილს, რაზე ფიქრობდა, რა ექორწილებოდა, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდაო? - გპასუხობთ, ქორწილი არ იგეგმება ერთ დღეში. ქორწილი პროცესია, როგორც თქვენ მოგეხსენებათ. ჩვენ ჩამოვფრინდით 2 აგვისტოს, ყველაფერი დავგეგმეთ, მოსკოვიდან იყო ჩამოსული ჩვენი 34 მეგობარი, 80-კაციანი პატარა ჯვრისწერა გვქონდა 2008 წლის 8 აგვისტოს. ასეც მოხდა, ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დავიწერეთ, დილით ადრე ჯვარი მამა ადამმა დაგვწერა. მცხეთში სუფრაზე დავსხედით და ოფიციანტებმა გვითხრეს, რომ რუსეთმა დაარტყა საქართველოს და ატყდა ომი. რა უნდა გაგვეკეთებია ჩვენ, ჩვენი ჯვრისწერის შემდეგ? რა თქმა უნდა, დაიშალა სუფრა, ზოგი ერევნის გავლით გარბოდა, ზოგი რიგით გაფრინდა, დაიშალა ქორწილი. ჩემი საკუთარი ჯვრისწერის ვიდეოც არ მაქვს, იმიტომ რომ 4 ტელეკომპანია, რომელსაც ჩვენი ჯვრისწერა უნდა გადაეღო, ექსტრემალურად გავარდა ცხინვალში. ესეც ჩემი ქორწილის ისტორია.

რაც შეეხება ცხონებული ტატუნაშვილის სიკვდილს... თქვენ მიყენებთ ბრალდებას, რომ თუ ოდესმე სადმე მითქვამს ამ თემასთან დაკავშირებით, გპასუხობთ: მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ტელეკომპანია "დოჟდს", და ეს არის ერთადერთი სამართლიანი ტელეკომპანია, მივაწოდე ხმა ამ შემაძრწუნებელ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენი ხარჯებით გადმოვაფრინეთ 4 დღეში ჯგუფი, დავაკავშირეთ ქართულ მხარეს, ქართული მხარეა ნანუკა ჟორჟოლიანი და ნიკა გვარამია - სუპერ ანტირუსული განწყობის ხალხი. ქართულმა მხარემ გაუკეთა ყველაფერს ორგანიზება, ტელეკომპანიამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი და მთელ ალტერნატიულ, ანტიპუტინურ რუსეთს მიაწოდეს ხმა.

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ დღეს რუსეთში ნებისმიერი ალტერნატიული სიტყვა არის გადალახვასთან დაკავშირებული. მე კატეგორიულ უარს ვამბობ ყველა სახელმწიფო შეკვეთაზე. რუსეთში ცხოვრების 25 წლის განმავლობაში, არც ერთ სახელმწიფო კონცერტში მე დაფიქსირებული არ ვარ. ყოველთვის ვამბობ უარს ყირიმში კონცერტზე. მინდა იცოდეთ, რომ შარშან ყირიმში 14 კონცერტზე ვთქვით უარი. მინიმალურად რომ გითხრათ, 14 კონცერტი არის 240 000 ევრო. ახლა მიპასუხეთ, ოდესმე საქართველოსთვის თუ გითქვამთ უარი ამხელა თანხაზე? არა მგონია.

კარგით, ფული თქვენთვის არ არის ფასეული, მაღალ მატერიებზეა საუბარი... მოკლედ, მე თქვენს ორ ბანძ, შემაწუხებელ და შემაძრწუნებელ კითხვაზე გითხარით პასუხი. რაც შეეხება მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, მე საქართველოში ვერ ვიცხოვრებ, ეს მიხეილ სააკაშვილის პერიოდშიც მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ კორონავირუსით მოვკვდებით რუსეთში თუ ბულინგით საქართველოში, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მე კორონავირუსით სიკვდილს ვარჩევ ბულინგით სიკვდილს საკუთარ სამშობლოში...

თქვენნაირმა ტუტუცმა და ზედაპირულმა ხალხმა გადამაფიქრებინა საქართველოში წამოსვლა. მე მყავს რუსი ქმარი და ნახევრად რუსი, ქართულად არ მოლაპარაკე პატარა ბავშვი, მათ რომ შეეხოთ ბულინგი და მათ აუცილებლად შეეხება ეს, იმიტომ რომ თქვენთვის ყველა რუსეთში მცხოვრები ადამიანი, საქართველოს სიყვარულით რომც კვდებოდეს, არის მტერი.

რუსეთები... მოსკოვები... თქვენ ხართ ოროსნები. ეს არის სერიოზული პრობლემა. რაღაცის გაკეთება მეც შემიძლია საქართველოსთვის, მაგრამ ვერასდროს გავრისკავ ჩამოვიდე იმ ქვეყანაში, იმ გარემოში, სადაც ბულინგის 1% მაინც არის. იმიტომ რომ, მე ცივ, გაყინულ ჩრდილოეთში დიდ სიყვარულში ვცხოვრობ 25 წელია", - ამბობს ვიდეომიმართვაში მომღერალი.

იხილეთ ვიდეომიმართვა