"მადლობა უნდა გადავუხადოთ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინებამ და სოციალური დისტანცირების დაცვამ განაპირობა ის, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ნაკლები ინფიცირებული და გარდაცვლილია. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
"ამ შეზღუდვებში მთავარი არის მობილობის შემცირება. იგივე დღესასწაულების წინ, ძალიან ხომ გვეშინოდა, მაგრამ ამ მოწოდებებმა, ზოგჯერ ცოტა მკაცრმა (ჩემს თავზეც ვიღებ, შეიძლება ზოგჯერ ზედმეტიც ვთქვი) ალბათ, მაინც ითამაშა როლი, რომ ჩვენ დიდი შეკრებები არ გვქონია, განსაკუთრებით არც დღესაწაულებზე და არც შემდგომ კვირაში. ამან სერიოზული როლი ითამაშა სოციალურ დისტანცირებაში, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი იარაღია. სამწუხაროდ, მეტი არ არის, არ არსებობს პირდაპირი წამალი და ჯერჯერობით, ვაქცინა. ეს ადრეულ თუ გვიან ეტაპზე ყველა ქვეყანამ განახორციელა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
"მადლობა უნდა გადავუხადოთ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას. დამყოლობას ვეძახით ჩვენ მედიცინაში, ამ შემთხვევაში პაციენტები არ არიან, მოსახლეობაა, მაგრამ დამყოლობა საკმაოდ კარგი იყო. ამან მოგვცა ის, რომ ჩვენ დავრჩით ჯერჯერობით ასეულობის ფარგლებში და, ვთქვათ, ათასეულები არ გვაქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
"ინტერპრესნიუსი"