რომელ წმინდანებს მიიჩნევდნენ სხვადასხვა ეპიდემიის დროს სნეულთა მფარველად? - ხატმწერი, რომელმაც ეს წმინდანები ერთ ხატში გამოსახა - კვირის პალიტრა

რომელ წმინდანებს მიიჩნევდნენ სხვადასხვა ეპიდემიის დროს სნეულთა მფარველად? - ხატმწერი, რომელმაც ეს წმინდანები ერთ ხატში გამოსახა

მხატვარი, თამარ გოჩიაშვილი დუშეთში, სოფელ ნაღვარევში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და იქიდან ცდილობს ახალ კორონავირუსთან გამკლავებაში თავისი წვლილი შეიტანოს. სულ ცოტახნის წინ, თამარმა მეუღლესთან, გიორგი ქურდიანთან ერთად ექიმების შემწეობისთვის ხატები დაწერა და გიორგის დახმარებით ორივე ხატი მოჭედა. მათგან ერთი საუნივერსიტეტო კლინიკას უკვე გადასცა, მეორეს კი მალე ინფექციურ საავადმყოფოში მიაბრძანებენ.

როდესაც ინტერვიუს თაობაზე დავურეკე, - იუარა, ამ ყველაფერს საზოგადოებისთვის თავის გასაცნობად არ ვაკეთებო, თუმცა საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ მისი დათანხმება. ქალბატონი თამარი მოგვიყვება, საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დაავადებათა გავრცელებისას, როდის, რომელი წმინდანი მიიჩნეოდა სნეულთა შემწედ და მფარველად.

-  მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს პროფესიაზე...

- სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, სამედიცინოზე ჩავაბარე და სამი წელიც ვისწავლე.  ჩვენს ოჯახში დიდი სამედიცინო ტრადიციები არსებობდა და სულ იმედს ამყარებდა უფროსი თაობა, რომ მეც მათ კვალს გავყვებოდი, მაგრამ ხატვა მეტად შევიყვარე ბავშვობიდან და ამ პროფესიამ ექიმობას გადასძალა.

დავამთავრე ფერწერის ფაკულტეტი და კედლის მხატვრობის რესტავრაციაც ვისწავლე, ამავე განხრით დავამთავრე ასპირანტურაც. სწავლის დასრულების შემდეგ, საეკლესიო მხატვრობით დავინტერესდი და საქართველოში ამ სკოლის არარსებობის გამო თავად მომიწია მესწავლა ეს დარგი.

მინდა გითხრათ, რომ ხატწერა ინტერდისციპლინური დარგია და არ არის მხოლოდ განწყობა, ხასიათი და ტექნიკა. ხატის დახატისთვის აუცილებელია თეოლოგიური ცოდნა, ისტორიული კონტექსტების გათვალისწინება, სხვადასხვა მასალაში მუშაობის ცოდნა. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის მხოლოდ მუშაობა, ამავდროულად, ეს არის მსახურებაც. ჩემი მეუღლე, ოქრომჭედელია და ჩვენი შექმნილი ხატები მხოლოდ ფერწერული არასოდესაა. ხატის სამშვენისი ჭედურობაა და ვიზუალურად ყოველთვის ამდიდრებს მას. უკვე 25 წელზე მეტია ამ საქმეს ვაკეთებ...

- საიდან გაგიჩნდათ ამ ხატების დაწერის იდეა?

- ამ ხატის შექმნის იდეა ახალი პანდემიის დაწყებისთანავე გაგვიჩნდა. როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს მრავალი ეპიდემია ახსოვს და ჩვენი ყურადღება იმ წმინდანებმა მიიქცია, რომლებიც ამ ეპიდემიების დროს მოღვაწეობდნენ ან რთულ პერიოდებში ხალხის მფარველებად ითვლებოდნენ. ასეთი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა და საბოლოოდ თხუთმეტ წმინდანზე შევჩერდით, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ ეპიდემიების დროს. მეტიც, ზოგი მათგანი მხოლოდ ფიზიკურად და სულიერად დამხმარენი კი არ იყვნენ თავის ხალხისთვის, არამედ ეპიდემიოლოგების შრომაც კი გასწიეს. ეს ხატები ორი რედაქციით შესრულდა. ვრცელი, 15 წმინდანით და მცირე, 9 წმინდანით.

ისინი შესრულდა იმ მიზნით, რომ ექიმებისადმი ჩვენი თანადგომა გამოგვეხატა, გვინდოდა, რომ წმინდანები ყოფილიყვნენ მათი შემწენი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე მკურნალობის კუთხით.

გამომდინარე იქედან, რომ კარჩაკეტილობაში ამოვყავით ყველამ თავი და არაფრის ყიდვა არ შეიძლებოდა, სახლში მხოლოდ ორი დაფა მომეპოვებოდა და ამ მოცულობებით ავაწყეთ ხატები.

- ვისაუბროთ დიდ ხატზე, რომელი წმინდანები არიან გამოსახულები?

- მთავარი ხატის ცენტრში გამოსახულია, წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი რომის პაპი, ღვთისმშობლის ხატით ხელში, რომელსაც "ხალხთა ხსნა" იმ ცნობილი სასწაულის შემდეგ ეწოდა, როდესაც გრიგოლ დიოლოღოსმა რომში ერთ-ერთ ცენტრალურ ხიდზე ღვთისმშობლის ხატით მოაწყო ლოცვით მსვლელობა და მთავარანგელოზმა მიქაელმა მახვილით განგმირა შავი ჭირის ეშმაკი და რომი გათავისუფლდა ამ ეპიდემიისგან.

საათის ისრის მიმართულებით რომ მივყვეთ, შემდეგ გამოსახულია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელი, რომელიც ითვლება ქოლერის ეპიდემიის დროს ადამიანების მფარველად. შემდეგ წმინდამართალი ლაზარე, რომელიც ყველანაირი ხორციელი ხრწნილებით გამოწვეული დაავადების მფარველია. წმინდა მღვდელმოწამე ხარლაამბოსი მაგნეზიის ეპისკოპოსი, ის ღრმა მოხუცებულობაში შეიპყრეს ქრისტეს აღსარების გამო, გადმოცემის თანახმად, ის კურნავდა სნეულებსა და კეთროვნებს, ხოლო ვიდრე გარდაიცვლებოდა, იესო ქრისტეს გამოცხადებისას, ითხოვა, რომ მის ნეშტს შეძლებოდა რწმენით მისულთა განკურნება.

მის შემდეგ გამოსახულია, წმინდამღვდელმთავარი რიგინოსი, რომლის დროსაც მალარიის ეპიდემია მძვინვარებდა და ამ ეპიდემიასთან გამკლავებას არათუ სამღვდელო, არამედ, ეპიდემიოლოგის ღვაწლიც მან გასწია. წმინდა ზოტიკე, კონსტანტინოპოლელი მღვდელმოწამე, მან კონსტანტინოპოლში გახსნა ცნობილი საავადმყოფო (ზოტიკიოსის საკეთროვნო სახლი), ეპიდემიის დროს პირველმა დააწესა ე.წ საიზოლაციო და საკარანტინე სივრცეები და დაადგინა ეპიდემიის დროს ქცევის წესები. ზოტიკი დარჩა ნიკეის აღმსარებლობის ერთგული და ეწამა რწმენისთვის. წმინდა მოწამე სებასტიანე რომაელი, კი ის რომაელი სამხედრო იყო, რომელმაც მიიღო ქრისტიანული აღმსარებლობა. ეწამა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. მისმა თანამებრძოლმა სამხედროებმა ისრებით დაცხრილეს. ითვლება ჭირისა და სხვა წყლულოვანი დაავადებების მკურნალად, რადგან ისრებით მთელ ტანზე მიყენებული ჭრილობები ასოცირდება წყლულით გაჩენილ ჭრილობებთან.

მის შემდეგ გამოსახულია, წმინდამეფე ედვინი, რომლის მოღვაწეობის დროს ერთ-ერთ ომში მტერმა წყალი მოუწამლა მის ხალხს და გავრცელდა ეპიდემია, რომელიც მეფემ სასწაულით დაამარცხა. წმინდა ალექსი შუშანია, მან შავი ჭირის დროს დატოვა მონასტერი და დადიოდა სნეულებთან რათა განეკურნა. იმ დროს ხალხში, გაკვირვებას იწვევდა მისი სითამამე, ის ყოველგვარი მორიდების გარეშე უვლიდა სნეულებს და თავად არ დაავადებულა.

ალექსი შუშანია, ითვლება შავი ჭირის დროს მფარველად. წმინდა ანტონი დიდი - ეკლესიის მამა და მონაზვნობის პატრიარქი მიიჩნევა ინფექციური დაავადებებით სნეულთა მფარველად. ხატზე, მის ფერხთით ხშირად გამოისახება ღორი - XI საუკუნეში, მას შემდეგ რაც მისმა სხეულმა საფრანგეთში დაიდო ბინა, მას მიმართავდნენ ინფექციური დაავადებებით დასნეულებული ადამიანები განსაკურნებლად. ბერები კი, რომლებსაც მონასტერში ღორები ჰყავდათ, ამ სნეულებებს ღორის ქონით მკურნალობდნენ.

წმინდა ალექსი ღვთისკაცი, ითვლება შავი ჭირის ეპიდემიის დროს მფარველად. წმინდა ნიკიფორე ლეპროსი, რომელიც Covid-19-ის პანდემიის დროს გამოეცხადა ათონზე ბერებს და ანუგეშა, რომ ეპიდემიისგან დასაცავად, ელოცათ მისი სახელით. წმინდა კვირინე რომაელი მოწამე, იყო რომაელი ტრიბუნი, რომელსაც უნდა დაესაჯა ქრისტიანი პატიმრები, მაგრამ მათ მიერ აღსრულებული სასწაულების შემდეგ, მოექცა და ეწამა კიდეც.

ქრისტიანებმა ის კატაკომბებში გადაასვენეს. მოგვიანებით წმინდა კვირინეს ნაწილები გადაასვენეს გერმანიის ქალაქ ნოისში, მის ნაწილებს ეპიდემიის დროს საკურნებლად მიეახლებოდნენ. ითვლება ჭირის ეპიდემიისაგან მფარველად. შემდეგ გამოსახულია, წმინდა ბონიფაციუსი, შემწე სხვადასხვა მძიმე დაავადების დროს. წმინდა დიმიტრი თესალონიკელი, რომლის ნაწილებს გადმოცემის მიხედვით, არაერთხელ განუკურნებია ეპიდემიის დროს სნეულები. ის ითვლება მალარიის ეპიდემიის დროს მფარველად.

ხატზე მინანქრის მედალიონში გამოსახულია იმპერატორი იუსტინიანე, რომლის დროსაც რამდენიმეჯერმე იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ და მსოფლიო ხუთ დიდ ეპიდემიებს შორის შედის, როგორც "იუსტინიანეს შავი ჭირი". ის თავადაც იყო დაინფიცირებული, მაგრამ გამოჯანმრთელდა. იუსტინიანე განუზომელ დახმარებას უწევდა ყველას, თავად დადიოდა დაავადებულებთან და ეხმარებოდა ექიმებს მოვლაში. მეორე მედალიონში გამოსახულია მთავარანგელოზი რაფაელი, რომელიც ექიმების მფარველად ითვლება.

(სპეციალურად საიტისთვის)