12 მაისს პატრიარქი მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს - კვირის პალიტრა

12 მაისს პატრიარქი მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს

12 მაისს საქართველოში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის - იმედის დღე და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვას-ლოცვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, 10:00 საათზე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მატიანე “ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს შემდეგს:

“შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული. ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის შესახებ, მაცხოვარმა ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ, ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა მცველად უკუნისამდე ჟამთა, ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს. შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და საყოველთაო ზეიმის ხასიათს იძენს.

ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა - ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას - იმედის დღე“, -ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"