"აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიით მოკლული..." -უჩვეულო საფლავის ქვების ისტორიები
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უამრავ განსხვავებულ საფლავის ქვას წააწყდებით - უჩვეულო წარწერებით თუ ფორმით... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელდარ ნადირაძემ პირველმა გამოიკვლია საქართველოს მემორიალური კულტურა - მოახდინა ძეგლების კლასიფიკაცია, ქრონოლოგია, შეისწავლა მათზე არსებული სიმბოლიკა, რომლებიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
საფლავის ქვებსა და გლოვის ტრადიციებზე ელდარ ნადირაძემ AMBEBI.GE-ს უამბო:
- ბატონო ელდარ საქართველოში ბევრი საფლავია განსხვავებული წარწერებით, მაგალითად სოფელ გოსტიბეში საფლავის ქვაზე ვკითხულობთ - "აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიისგან მკვდარი წიკლაური..."
- გოსტიბე სოფელია შიდა ქართლში, სადაც ადრე ხევსურები ჩამოასახლეს... იქ საფლავის ქვები ქართლური წესითაა გაფორმებული და ხევსურული ტრადიცია ნაკლებად სჩანს. ზოგადად, ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებული ასეთი წარწერები გავრცელებული იყო მთელს საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენთან. საფლავის ქვაზე წარწერის შინაარსში ჩადებულია გარდაცვლილის პროფესიის, ხელობის, წარმომავლობისა და განათლების აღმნიშვნელი მონაცემები: მწყემსი, გუთნის დედა, ქვითხურო, კალატოზი, სასულიერო პირი, საერო მოღვაწე და ა. შ.
როგორც წესი, გამორჩეულია ტრაგიკულ ნიადაგზე გარდაცვლილთა საფლავები და ეს გამოხატულია, როგორც ძეგლთა შემკულობაში, ასევე წარწერათა შინაარსში. საგულისხმოა, რომ ორიგინალური და შედარებით პომპეზური ტიპის საფლავის ძეგლები გვხვდება ქვითხუროობით განთქმულ ცენტრებში მაგ. იმერეთში. ასეთია: ჭოგნარი, ჭილოვანი და კურსები.
- ყველაზე უცნაური წარწერები სად შეგხვდათ?
- ასე ვერ გამოვყოფ, რადგან ესაა ცალკეული შემთხვევა და ასეთი წარწერა ძირითადად ჭირისუფლის განწყობასა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ტრაგიკული მოვლენა ბევრად განაპირობებს წარწერის ხასიათს. სევდა და წარმავლობის მძაფრი განცდა საერთო ფონად გასდევს ეპიტაფიათა უმრავლესობას. ამ მომენტითაა განპირობებული ადამიანთა განცდა - რაც შეიძლება განსხვავებული იყოს მათი საყვარელი მიცვალებულის ძეგლი.
ამის საილუსტრაციოდ დავასახელებ მემორიალურ კულტურაში გავრცელებულ ტოტებშეჭრილი ხის ეგზემპლარებს, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ადამიანის შეწყვეტილ ცხოვრებას. ამ ფაქტში მოსჩანს ასევე უძველესი ტრადიციის ნაკვალევი ხის თაყვანისცემისა, რომელიც აღიარებულია მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ და ეს მარადიულობა ამ ფორმითაა გადატანილი საფლავის ძეგლში. იხილეთ სრულად