"პრემიერო, თქვენი ნიანგის ცრემლების არ გვჯერა"-ანა დოლიძე გიორგი გახარიას მიმართავს - კვირის პალიტრა

"პრემიერო, თქვენი ნიანგის ცრემლების არ გვჯერა"-ანა დოლიძე გიორგი გახარიას მიმართავს

პრემიერო, თქვენი ნიანგის ცრემლების არ გვჯერა, რადგან თქვენ, ერთი ხელით, ვითომ რაღაცას აკეთებთ და მეორეთი ქვეყანაში აძლიერებთ იმპორტს, რომ საქართველო ბოლომდე იყოს დამოკიდებული უცხოურ პროდუქციაზე, ანუ, თქვენი ხელისუფლება ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის გაღარიბებას, - ასე შეაფასა იურისტმა ანა დოლიძემ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მოწოდება, რომლის თანახმადაც პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქართული პროდუქცია შეიძინოს.

"ამ ინიციატივას ორი ხელით დავუჭერდი მხარს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა დაიქოქოს და აღორძინდეს. მართლაც, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფულადი რესურსი და ფინანსური დახმარება ჩავდოთ ქართულ პროდუქტში და აქაურ წარმოებას, ჩვენს ეკონომიკას მოხმარდეს, მაგრამ გახარიას შემთხვევაში, კვლავ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე - ცალსახად „ნიანგის ცრემლებთან“, ანუ ყალბი გრძნობების გამოვლენასთან და მეორეს მხრივ, არაფრის კეთებასთან.

ყველამ ვიცით, რომ ქართულ წარმოებასთან და ქართულ პროდუქციასთან მიმართებით „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და აქვს ორმაგი სტანდარტი. მაგალითად, კორონას ჟამიანობისას ხელისუფლებამ მოახერხა და ორი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩაკლა ქართული სოფლის მეურნეობა, იმის მაგივრად რომ დაეორგანიზებინათ და ყველა რესურსი მიემართათ ამ მიმართულებით. საკმარისია ლაგოდეხის, მარნეულის და ბოლნისის ფაქტების გახსენება, სადაც ხელშეწყობის ნაცვლად, დაალპეს კიტრი და სხვა სოფლის მეურნეობის ათასი პროდუქტი. ანუ, სინამდვილეში, კოვიდის განმავლობაში, წიხლით ჩაკლეს ქართული სოფლის მეურნეობა. სამაგიეროდ, დაასუბსიდირეს იმპორტი, მაგალითად შაქარი, წიწიბურა,“- აცხადებს ანა დოლიძე.

"ფეისბუკმიმართვაში" ანა დოლიძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა, საახალწლო განათებები, რომლის იმპორტში მისი თქმით, ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. დოლიძის განმარტებით, ამ თანხით თავისუფლად შეეძლო „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა ქართული წარმოება, შეექმნა ქართული საწარმო, საიდანაც შეიძენდნენ ქართულ განათებებს და ამ გზით გააძლიერებდნენ ქვეყნის ეკონომიკას.

„ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ თავის გეგმაში დღემდე არაფერი უთქვამს და გაუკეთებია ქართული წარმოების დასახმარებლად. მათ უნდათ არსებობდეს ქვეყანა, რომელიც იქნება დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმის შემოსავლებზე. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკა, რომ ვერ განვითარდება, ამას ნობელის პრემია არ სჭირდება. როგორც შეიძლება ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ სახსრები ადგილობრივ წარმოებაზე და მეორეს მხრივ, არაფერს ამბობდე, როგორ აპირებ დაქოქო ქართული წარმოება. იმიტომ, რომ ამ მიმართულებით არანაირი ხედვა არ აქვს ხელისუფლებას“,-აცხადებს დოლიძე.

პრემიერისადმი მიმართვაში ანა დოლიძე მოითხოვს, წარმოადგინონ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ანგარიში, რა შედეგი მოიტანა ამ პროექტმა და სად არის ის ათასობით საწარმო, რომელიც მის ფარგლებში უნდა შექმნილიყო.

"ინტერპრესნიუსი"