ეს სიყვარულის ნაკლებობაა, ძმებო! - კვირის პალიტრა

ეს სიყვარულის ნაკლებობაა, ძმებო!

საქართველოს რაღაც დიდი უბედურება სჭირს, შესაძლოა იმაზე მეტი, ვიდრე დაკარგული ტერიტორიები თუ სოციალური სიდუხჭირე. ერი გულგრილი გახდა ყველაფრისადმი და რაც ყველაზე საგანგაშოა, მას უდარდელობით გაჟღენთილი ამნეზია შეეყარა. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილ ქართველთა დიდ ნაწილს აღარ აღელვებს სამშობლოს ბედი და ვერ აცნობიერებს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქვეყნისა და საკუთარი შვილების მომავალს უთხრის სამარეს.

როცა ლიბერალური ქვეყნის აშენებისა და დემოკრატიის ეტალონ ერად ქცევის საბაბით ქართული ეკლესიისა და ჩვენი სულიერი ღირებულებების აუგად ხსენება დაიწყეს, ამნეზიის ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ დაეტყო ქართველობას. სიცილით კვდებოდნენ ზოგიერთნი: - ეს ჭიაღუები რას დაგვაკლებენო(?!), ილაქლაქებენ და გაჩუმდებიანო, გიჟები თავისუფალები არიანო, თვით შეეყრებიან სნებასაო... გაუშვეს, მიუშვეს და... სნება აქეთ შეგვყარეს, თანაც ისეთი, რომ ჭაბუასი არ იყოს, ჩვენს გვერდით წმინდა გიორგის რომ ყელი გამოსჭრან, თითსაც არ გავატოკებთ.

ამ ახალი ჯიშის ქართველებს, გვეგონა რომ შეუბილწავი აღარაფერი დარჩენოდათ, მაგრამ თურმე ვცდებოდით. ახალი წელიწადი ახალი უზნეობით დაიწყეს და ამჯერად ასი ათასი წმინდა მოწამის და დიდგორის ბრძოლის გმირობა შებღალეს(!). გასაკვირი კი სულ სხვა რამ იყო: ამ უზნეობის პროპაგანდა KvirisPalitra.Geილია ჭავჭავაძისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა და პროფესორმა რევაზ მიშველაძემ ითავა.

მე პირადად, ცოდვის სიმძიმით სხვებზე უარესად დაცემულს, არანაირი უფლება არ მაქვს ბატონ რევაზს ველაპარაკო პიროვნულ ნაკლოვანებებზე, მაგრამ ვერც იმის უფლებას მივცემ თავს, რომ ყურიდან ყურში მშვიდად გავატარო იმ სათაყვანებელი სიწმინდეების აუგად ხსენება, რომელიც ჩვენს სულკურთხეულ მამა-პაპას საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენამდე შეურყვნელად მოუტანია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველობას არ ესმოდეს, თუ რას ნიშნავს მისთვის დიდგორი და ასი ათასი მოწამის ზვარაკობა, მაგრამ რაკი ზოგიერთი მაინც საჭიროებს ამას, წმინდა მამის, პაისი მთაწმინდელის სიტყვებს შევახსენებ:

”არის შემთხვევები, როცა არაა საჭირო ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა შემართებით უნდა ვაღიაროთ ჩვენი რწმენა!.. ერთმა რაღაც უმსგავსობა დაწერა ღვთისმშობელზე და ყველა დუმდა. თანამოძმეს ვუთხარი: - ხედავ, რას წერს მავანი?.. - ეჰ, - ამბობს იგი, - მას თუ ვუპასუხებ, დავისვრები(?!).. ეშინია თქმის და ითმენს ღვთისმშობლის გმობას(?!). ეს სიყვარულის ნაკლებობაა, ძმებო. თუ წინ არ აღვუდგებით, მაშინ საფლავებიდან აღდგებიან ჩვენი წინაპრები, მათ ხომ იმდენი იტანჯეს მამულისათვის, ხოლო რას ვაკეთებთ ჩვენ?.. თუ არ აღვუდგებით წინ ბოროტებას, მაშინ დამაქცევარნი უფრო მეტად გათავხედდებიან...”

ჩვენი წინაპრების ფრჩხილის ფასადაც აღარ ვღირვართ, რადგან მათ არასოდეს განელებიათ სიყვარული იმ უმთავრესისადმი, რასაც საქართველოს ზნეობრივი ხერხემალი ერქვა და რომელსაც სულმნათმა ილია მართალმა გვირგვინად დაადგა სამი მარადიული სიტყვა – მამული, ენა, სარწმუნეობა!

ჩვენს წინაპრებს ამ ფასეულობების დასაცავად კლიპებით გაპიარებული ყალბი პატრიოტიზმი არ სჭირდებოდათ და სრულიად უანგაროდ აძლევდნენ სამშობლოს ყველაზე ძვირფასს, რაც კი გააჩნდათ – ღვთის ნაბოძებ სიცოცხლეს! დღეს ხმლით და იატაგანით არავინ გვებრძვის, მაგრამ შინა თუ გარე მტერს მომარჯვებული აქვს ბევრად უფრო საშინელი იარაღი – უზნეობა, რომელსაც იმ ტკბილი ნარკოტიკივით გვაჩეჩებენ, რომლის მიღების შემდეგ ჩვენს დეგრადირებულ გონებას აღარც ზნეობა ახსოვს და აღარც ამ მოძალებით შუაში გადამსხვრეული საქართველოს ხერხემალი.

დიდგორი... ქართული და მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების შეუდარებელი ნიმუში, რომელშიც ლაშქარმა, რომლის თითოეული მეომრის წინააღმდეგ ლამის ათი მეტოქე მოდიოდა, უმაგალითო სტრატეგიული სვლების წყალობით სულ რამდენიმე საათში გატეხა იმდროინდელი მსოფლიოს მზარავი, მუსლიმანური აღმოსავლეთის ერთიანი სამხედრო კოალიცია(!). ეს აღიარებულია არა მარტო ქართველი მემატიანების ცნობებით, არამედ უცხოელი ჟამთაღმწერლების მიერაც, რომელთა შორის არიან ანტიოქიის სამთავროს კანცლერი გოტიე და სომეხი ისტორიკოსი ურჰაეცი. გარდა ამისა, ცნობებს გვაწვდიან ალ-ფარიკი და სხვა არაბი ისტორიკოსები, რომლებსაც დავით აღმაშენებელი და ქართველობა შესაძლოა გულზე სულაც არ ეხატებოდათ, მაგრამ იმდენად დიდი დარტყმა მიაყენა საქართველომ  მისი სამუდამოდ განადგურების მსურველ მტერს, რომ ისტორიულ ჭეშმარიტებას წინ ვეღარ აღუდგნენ.

ახლა იმაზე ვთქვათ, თუ რატომ დადგა პროფესორ მიშველაძის აზრით ეჭვქვეშ ყველაზე დიდი ქართული გამარჯვების ბრწყინვალება მაშინ, როცა ამის უარყოფა ასწლეულების მანძილზე არავის მოსვლია აზრად. მტკიცება მიშველაძის მხრიდან, რომ თურმე ქართველებს ტრაბახით მოგვაქვს თავი და დიდგორში ვერანაირად ვერ დაეტეოდა მტრის 400-ათასიანი ჯარი (გოტიეს ცნობით, 400 ათასი ცხენოსანი მარტო სულთანმა მელიქმა გამოიყვანა და ამას მიამატეთ მთავარსარდალ ილღაზის უზარმაზარი არმიაც!), რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა იმ საოცარი გმირობისა, რაც ქართველებმა გამოიჩინეს სამშობლოსთვის. შე დალოცვილო, იპოდრომზე მოვიდა და დაეტია 300 ათასი კაცი, თბილისი ”დინამო” საუკეთესო თამაშებზე კრებდა ერთ სტადიონზე 120 ათასამდე გულშემატკივარს და დიდგორი და მისი შემოგარენი როგორ უნდა გეპატარავოს თვალში, რომ ასე დააკნინო ქართველთა გმირობა. ბავშვმაც კი იცის, რომ სწორედ დიდგორში შემოტყუებით გაწყვიტა დავითმა მტრის საბრძოლო სული და გასაქცევად აშალა...

ვისაც წაუკითხავს სიტყვა, რომლითაც მესიის მახვილად შერაცხულმა აღმაშენებელმა მიმართა ქართველებს, მარტო ეს ეყოფოდა საამაყოდ ნებისმიერ ერს. ანდა, მსოფლიოს ახსოვს შემთხვევა, როცა მთავარსარდალს საკუთარი ხელით და ნებით ჩაეხერგოს უკან დასახევი გზა და ქვეყნის გადასარჩენად ასეთი მკაფიო არჩევანი დაეყენებინოს: ან გამარჯვება ან სიკვდილი?!.. ფხოჭა-გლეჯით კი არ გამოქცეულან ქართველთა მოთავენი იქიდან, არამედ წინა ხაზზე იდგნენ უკლებლივ და ამ სიკვდილზე სრული შეგნებით აწერდნენ ხელს!.. ჩვენზე ნაკლებად უყვარდათ სიცოცხლე თუ ბრმა ფანატიზმი ამოძრავებდათ?.. აი, იმ ზნეობრივ ხერხემალს იცავდნენ, რომელსაც ილია მართალმა უკვდავი სიტყვებით გვირგვინი დაადგა და აი, იმ საოცარ ხალხს ვაყენებთ შეურაცხყოფას, როდესაც ვამბობთ, რომ თურმე დავითმა იმიტომ ჩახერგა უკან დასახევი გზა, არ ჰქონდა იმედი ქართველთა სიმამაცისა(?!)... რა სისულელეაო, რას ვტრაბახობთო, - ამას როგორ უნდა ამბობდეს ქართველი მწერალი და ისიც დღეს, როცა ვისაც არ ეზარება, მიწასთან ასწორებს ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილ საქართველოს სულიერებას და ზნეობას...

ახლა მეორე საკითხი, რომელსაც ბატონი რევაზი შეეხო და არანაკლები დაუდევრობით, ვიდრე დიდგორს. მწერალი გვიმტკიცებს, რომ ჯალალ ად-დინის შემოსევის დროს აღსრულებული ქართველთა უმაგალითო ზვარაკობა, რომელიც ქრისტიანულ ქვეყნებს (არამცთუ ერთ ქალაქს!), ერთად აღებულსაც კი არ მოეპოვებათ მატიანეში, სიცრუეა და თურმე ქართველები ამ ჩვენი ტრაბახით ვაყალბებთ ისტორიას(?!).. იმდროინდელ თბილისში 7 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა და 100 ათას კაცს თავს როგორ მოჰკვეთდა ჯალალ ად-დინიო(?!)..

თავი რომ დავანებოთ ისტორიულ ცნობებს და დღემდე მოღწეულ ეტრატებსა თუ ფოლიანტებში დაცულ სიმართლეს, მხოლოდ ერთი ხელშეუხებელი ჭეშმარიტება ვთქვათ: 100 ათასი მოწამე დედა-ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი! როდესაც ეს ყოველივე უწყი და მაინც ეჭვს გამოთქვამ, ამით ეჭვქვეშ აყენებ წმიდათაწმიდას! ილია ჭავჭავაძის და რუსთაველის პრემიის ლაურეატს კი ეს ჭეშმარიტება ისევე უნდა ესმოდეს, როგორც ილიას და შოთას დიდი მემკვიდრეობა, რომელთა საქმეებსაც ზნემაღალი შეგნებით უნდა აგრძელებდეს თანამედროვე ქართველი მწერალი თუ მას მწერალი ჰქვია...

შეგახსენებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ისტორიის ამ ერთდროულად შავბნელ და ღვთივნათელ ფურცლებს, რომელიც ჯალალ ად-დინის შემოსევის დროს დაიწერა. ხვარაზმელთა ბელადი, რომელიც 120-ათასიან ჯარს მოუძღოდა, თბილისის კედლებთან ქართველთა მთავარსარდლის ივანე ათაბაგის ღალატის წყალობით მოვიდა, თორემ ჯერ კიდევ გარნისში უნდა დაბნელებოდა მზე. ათაბაგმა იმ დროის უმამაცესი სარდალი შალვა ახალციხელი 4 ათასი მესხი მეომრით ისე შეაწყვიტა მტრის ურდოს, რომ შალვას ვაჟკაცობისადმი შურით აღვსილს დარჩენილი 56 ათასი ქართველი მხედრისთვის თითის გატოკებაც არ უბრძანებია, მოტრიალდა და მტრის მზარავი ქართული ლაშქარი, დაქსაქსული და დაშლილი, ციხეებში უბრძოლველად შეხიზნა...

რაც შეეხება იმდროინდელი თბილისის მოსახლეობას, თამარისეულ ეპოქაში თბილისი რომ ხალხმრავალი და უმდიდრესი ქალაქი იყო, რომელიც თითქმის საუკუნის მანძილზე შენდებოდა და მრავლდებოდა მტრის თავდასხმებისგან მოსვენებული, ეს მთელმა სამყარომ იცის. 7 ათასი მცხოვრები, რომელიც თურმე მაშინ თბილისში ცხოვრობდა, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. თბილისი იმ დროს სამ ძირითად ნაწილად იყოფოდა – ისანი, ტფილისი და კალა და აქ მრავალი ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამის გარდა, მტრის შემოსევების დროს მის მტკიცე კედლებს მთელი შემოგარენის მოსახლეობა აფარებდა თავს და რამდენი ასეთი ”7 ათასი” შეხიზნული მოიყრიდა თავს თბილისის შიგნით, თავად განსაჯეთ.

მას შემდეგ, რაც ჯალალმა ალყა შემოარტყა ქალაქს, გამოუხტა ქართველთა ლაშქარი და პირველ შეტაკებაში მწარე მარცხიც აგემა. თუმცა, თბილისელი სპარსელების ღალატის წყალობით, ხვარაზმელებს ციხის ერთ-ერთი კარი გაუღეს და მტერი შემოუშვეს. ქართველები ცალკე სპარსთ ეომებოდნენ და ცალკე ხვარაზმელებს. რუსუდან მეფისა და მთავარსარდლისგან მიტოვებული თბილისის მცველთა გარნიზონი როდემდე გაუძლებდა აურაცხელი მომხდურის შემოტევას?.. დაეცა საქართველოს დედაქალაქი... ვინც ბრძოლაში შეაკვდა, ხომ შეაკვდა და რამდენი დაატყვევეს, ვინ მოსთვლის, მემატიანეც ასე გადმოგვცემს: ”არამცირედი იყო მაშინ სიმრავლეი ტყვეთაი...”

ქართველთა ჟლეტით, ეკლესიების ნგრევით, ყოველი ნაშენ-ნაგების გაცამტვერებით რომ გული იჯერა ჯალალმა და ვერ იქნა და მაინც ვერ ეღირსა ქედმოხრილ და მისდამი ვედრებით ხელაპყრობილ ქართველობას, ახალი მზაკვრობა მოიფიქრა: სიონის გუმბათი მოანგრევინა, ზედ თავის ”ბილწი საჯდომი დაიდგა”, ტაძრიდან მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა და მათი შეურაცხყოფა უბრძანა დატყვევებულებს, წინააღმდეგობისთვის კი თავის მოკვეთით დაემუქრა...

ვისაც საშუალება მიეცა, რომ ამ ცოტა ხნის წინ პრესის მეშვეობით გასცნობოდა რევაზ მიშველაძის სტატიას ”თავების ჭრა ძნელი საქმეა” და მისივე კომენტარებს, ალბათ ყველა შეურაცხყოფილი დარჩა მწერლის სრულიად უადგილო, ცინიზმნარევი იუმორით. თურმე ჯალალი შეუწუხებია თბილისელების საცოდაობას და სარდლისთვის უბრძანებია: ”მე ვთქვი, სამაგალითოდ ათ ურჩ ქართველს დააყრევინეთ თავები-მეთქი და თქვენ იქ რა სასაკლაო გაგიმართავთ?..” ”აიღეთ ხმლები და ძალით გარეკეთ სახლებში. ოღონდ ქარქაშით და ყუით ურტყით და აუცილებლად მხოლოდ უკანალზე...”

პატიებას ვთხოვთ მკითხველს, რამეთუ ამის არათუ წერა, არამედ ციტირებაც კი ცოდვაა უფლის და წამებულთა სულების წინაშე...

და რით ხსნის პროფესორი ამ ”შედევრის” შექმნის ისტორიას? - ეკლესიამ კი შერაცხა წმინდანებად, მაგრამ ნება მომეცით, ქართველებს ვაჟკაცობა დავუწუნო, ერთი როგორ არ აღმოჩნდა მათ შორის, ვინც ტანსაცმელს შემოიხევდა და იტყოდა შევებრძოლოთ ამ გარეწრებსო(?!).. თანაც დასძენს – ამას თანამედროვე ქართველებზე ვწერ და წინაპრები არ მიგულისხმიაო(?!).. ან საიდან მოიყვანეს ასი ათასი კაციო... ან როგორია, ასი ათასივეს ერთ დღეში თავი მოჰკვეთოო(?!).. დაიღლებოდნენ ჯალათებიო...

ამაზე წესით კომენტარი არც უნდა გააკეთო, მაგრამ რაკი დემოკრატიის შუქურით ”გადაბრწყინებულ” საქართველოში ჭილ-ყვავებივით მოსეულ ქართველთმოძულეებს ჩვენი ტვინების იმნაირად ”გადანათება” და აზროვნების დამბლადაცემა მოუწადინებიათ, რომ წმინდანები და ჯალათები ნოველებშიც ვეღარ გავარჩიოთ, მათ გასაგონად ვიტყვით: არც ცხვრებივით ჩავარდნიან ჯალალის ჯალათებს ხელში ჩვენი მამა-პაპანი და არც რიგში ჩამდგარან კუნძზე თავის დასადებად. ისინი, სწორედაც ტანსაცმელშემოხეულები, ბრძოლისგან არაქათგამოცლილები და მომხდურის საშინელი სისასტიკით შეძრულნი, ხელფეხშებორკილნი მიიყვანეს წამების ადგილას. ან რატომ  გაუჭირდებოდა მტრის ასიათასიან ლაშქარს თავების კვეთა, მანამდე ხომ ასე გაილაღეს და გაიწაფეს ხელი უმწეო ქართველების ჟლეტაში...

ცხვრები კი არა, გმირები იყვნენ უკლებლივ, სიკვდილის შიშითაც კი არ შებილწეს წმიდათაწმიდა, პირნათელნი მიუვიდნენ უფალს და დღესაც მფარველობენ საქართველოს! ვინ მოგვცა უფლება, ვაჟკაცობა დავუწუნოთ ხალხს, რომლებსაც არჩევანი ჰქონდათ და მაინც სიკვდილი არჩიეს ქრისტესა და საქართველოსთვის! თუნდაც 7 ათასი ყოფილიყო, რა უფრო ზნეობრივი საქციელია – მათი ღვაწლის კეთილად და მოწიწებით მოხსენიება თუ ეჭვით გაჟღენთილი გმობა და დამცირება მათი გმირობისა? ეს ხომ ჩვენი განძია, ჩვენი სავიზიტო ბარათი, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, თუ რა არის საქართველოს ჭეშმარიტი მისია – ქრისტესთვის სიკვდილის მოძიება!

P.S. 100 ათასი წმინდა მოწამის ზვარაკობის ადგილას, რიყეზე მათი სახელობის ეკლესიის მშენებლობა იგეგმება. ამის საწინააღმდეგოდ მავანთ იქ ბუდას ქანდაკებისა და რესტორნების ქსელის დაფუძნება განუზრახავთ. სანამ ქართველებს ისეთი ამნეზია გვჭირს, რომ ენა ვერ დაგვიძრავს ჩვენი სიწმინდეების დასაცავად, რესტორანს ვინ ჩივის, ხვალ იქნებ ბორდელებიც წამოგვიჭიმონ მეტეხთან.

გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს ჩვენი პატრიარქი – იბრძოლეთ თქვენი წინაპრების მსგავსად, ეს არის ახლა თქვენი დიდგორიო!..ა სეც დავასრულებთ ჩვენს ტკივილიან წერილს - ”არის შემთხვევები, როცა არაა საჭირო ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა შემართებით უნდა ვაღიაროთ ჩვენი რწმენა!..”

KvirisPalitra.Ge

(სპეციალურად საიტისთვის)