"ფეისბუქის" "უზენაესი სასამართლო"- ექსპერიმენტი თუ ახალი სტანდარტი - კვირის პალიტრა

"ფეისბუქის" "უზენაესი სასამართლო"- ექსპერიმენტი თუ ახალი სტანდარტი

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სოციალურმა ქსელმა "ფეისბუქმა", რომელსაც საქართველოში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, უამრავი მომხმარებელი ჰყავს, სამეთვალყურეო საბჭო შექმნა და მისი პირველი 20 წევრი დაასახელა.

ყველა სიახლე, რაც ამ გიგანტურ ქსელს უკავშირდება, გლობალურად ხდება ინტერესის საგანი, რადგან ის ზეგავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სამეთვალყურეო საბჭო საკონსტიტუციო სასამართლოს მოდელზე იქნება მოწყობილი და კონტენტის მოდერაციის და საჩივრების განხილვის ფუნქცია ექნება. საბჭოს წევრებს შორის არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოსამართლე, მეცნიერი, ჟურნალისტი, ციფრული უფლებების დამცველი. მედიამ უკვე უწოდა ამ ორგანოს "ფეისბუქის" "უზენაესი სასამართლო".

სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის იდეა ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორს, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტს ნოა ფელდმანს ეკუთვნის (ნოა ფელდმანი დემოკრატების მოწმე იყო ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში), რომელიც ამჟამად "ფეისბუქის" მრჩეველიც არის. "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მარკ ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ ბორდს ექნება ძალა, რომ შეცვალოს კომპანიის გადაწყვეტილებები პლატფორმაზე არსებულ კონტენტთან დაკავშირებით და ბორდის გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და სავალდებულო, მიუხედავად იმისა, მას კომპანიაში დაეთანხმებიან თუ არა. "ფეისბუქს" არ აქვს უფლება გადააყენოს ბორდის წევრები. როგორც ნოა ფელდმანი ამბობს, "ფეისბუქი" ძალიან თამამ ექსპერიმენტს იწყებს. ის კერძო სექტორში ნერგავს საჯარო სამართლის ინსტიტუტს და ცდილობს, რომ იგი აამუშავოს სოციალური მედიისა და ინტერნეტისთვის.

ეს "თამამი ექსპერიმენტი" რიგ კითხვებს აღძრავს: იცილებს თუ არა "ფეისბუქი" პასუხისმგებლობას, რომელიც დიდი ტვირთი აღმოჩნდა კერძო კომპანიისთვის, რომ ყოფილიყო სიტყვის თვისუფლების დამცველი და ამავე დროს გზა გადაეკეტა სიძულვილისა ენისა და ზოგადად სახიფათო კონტენტისთვის? საიდან მოდის ამ ორგანოს ლეგიტიმაცია?

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად 2 მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს "ფეისბუქს" და გამოხატავს თავის მოსაზრებებს, "ფეისბუქი" არ არის ქვეყანა. ის არის კერძო კომპანია. შესაბამისად, მას არ ჰყავს მოქალაქეები და არ აქვს დემოკრატიული საფუძველი. ჩვენ არ ვირჩევთ წარმომადგენლებს "ფეისბუქზე", რომელთაც შეუძლიათ მიიღონ კანონები. ლეგიტიმურობა ხომ დემოკრატიული პროცესიდან მოდის. სამეთვალყურეო საბჭო კი არ არის არჩეული ორგანო.

და სად არის ბალანსი კერძო კომპანიის საქმიანობასა და დემოკრატიულ რეგულაციას შორის? აქ შეიძლება ასეთი პასუხი გაეცეს: ლეგიტიმაცია შეიძლება მოდიოდეს სამართლიანი პროცესიდან, ბორდის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებიდან, ასევე იმ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან, რასაც დაეყრდნობა ბორდი თავის გადაწყვეტილებებში და რაც მისაღები იქნება ფართო საზოგადოებისთვის, თუკი ეს ღირებულებები დაკავშირებული იქნება საერთაშორისო ადამიანის უფლებებთან, რასაც ქვეყნების უმრავლესობა აღიარებს.

აქედან გამომდინარე, უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, თუ რამდენად ეფექტიანდ იმუშავებს ბორდი და მოიპოვებს მომხმარებლების და საზოგადოების მხარდაჭერას. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბორდს აქვს ამბიცია იყოს სასამართლო, მაგრამ მას არ აქვს პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე. ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ბერნი ჰოგარდი ფიქრობს, რომ "ფეისბუქს" ვერ ექნება სასამართლო, რადგან ერთადერთი ხმა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა, ეკუთვნის მთავარ მეწილეს მარკ ცუკერბერგს.

ცუკერბერგი ვარაუდობს, რომ თუ "ფეისბუქის "ე.წ. "უზენაესი სასამართლოს" მოდელი გაამართლებს, ის შეიძლება პრეცედენტული აღმოჩნდეს სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის და ასევე ხელი შეუწყოს რეგულაციისთვის საჭირო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას. ოპტიმისტური სცენარით, თუ "ფეისბუქის" "უზენაესი სასამართლო" კარგად იმუშავებს, მისი თვალსაზრისი შეიძლება ანგარიშგასაწევი გახდეს სხვადასხვა ქვეყნების სასამართლოებისთვის.

"ფეისბუქის" ახალი მიდგომა საინტერესოა სამართლის მეცნიერების კონტექსტშიც. სამართლის სამეცნიერო დისკურსში აქტუალურია ციფრული კონსტიტუციონალიზმის თემა. თანამედროვე კონსტიტუციონალიზმი, როგორც მმართველობის სისტემა, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა ციფრული სამყაროს გაფართოებამ და გაძლიერებამ. კონსტიტუციონალიზმი, რომელიც მოწოდებულია საზოგადოების კარგად ფუნქციონირებისათვის, ყველა აქტორს შორის წონასწორობის შესაქმნელად და ინდივიდების სასარგებლო გარანტიების დასაცავად, ასევე ეფექტიანად უნდა ვრცელდებოდეს ინტერნეტზე და კონკრეტულად სოციალურ ქსელებზე. ამ თვალსაზრისით ცუკერბერგის კიდევ ერთი ინოვაცია გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას შორის ჰარმონიული ბალანსის ხელშემწყობი შეიძლება აღმოჩნდეს.

ნინი შენგელია სამართლმცოდნე