"ადამიანები, ვინც უჩინრებივით იყვნენ, უკვე ისე მოიქცევიან, როგორც მათ ღირსებას შეეფერება" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის
იტალიის მთავრობამ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ემიგრანტებისთვის "სანატორია" - დროებითი ბინადრობისა და მუშაობის უფლება გამოსცა.
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესა და პარლამენტის უმრავლესობაში მყოფ პარტიებს შორის, რამდენიმედღიანი კონსულტაციებისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, წუხელ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა იტალიაში მყოფი იმ მიგრანტების შესახებ, რომლებიც შინამოსამსახურეებად თუ მომვლელებად მუშაობენ.
რეგულაციები ორ მიმართულებას მოიცავს: ერთია არალეგალური, "შავი" სამუშაოების აღიარება, მეორე კი - უცხოელი მუშახელისთვის დროებითი ბინადრობის უფლებების გაცემა. მართალია, ზუსტი ციფრები ცნობილი არ არის, თუმცა შესაძლოა, რეგულაციებს 500 ათასი უცხოელი დაექვემდებაროს, მათ შორის ათიათასობით ქართველი.
ერთი მხრივ, იტალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილების, მეორე მხრივ კი - პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ AMBEBI.GE იტალიაში მცხოვრებ ჟურნალისტს ნინა მამუკაძეს ესაუბრა. ის 8 წელია, ფლორენციაში ცხოვრობს და მუშაობს.
- რას გულისხმობს ახალი რეგულაციები, რომელზეც იტალიის მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია?
- ბოლო რამდენიმე დღე აქტიურად განიხილებოდა არალეგალების პრობლემის მოგვარების საკითხი. ძირითადად სამი პარტია იყო მოლაპარაკებაში ჩართული - დემოკრატიული პარტია, "იტალია ვივა" და "5 ვარსკვლავის მოძრაობა". სწორედ ეს უკანასკნელი პარტია იყო არალეგალთა, ასე ვთქვათ, ლეგალიზების დიდი წინააღმდეგი, მაგრამ გუშინ გვიან ღამით მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ პარტიებს შორის და დამტკიცდა დეკრეტი, რომელიც შეეხება რამდენიმე ასეულ ათას არალეგალ უცხოელს.
ეს ძირითადად აგრარულ სექტორს მოიცავს, ასევე, შეეხება იმ სექტორს, სადაც არალეგალი ქართველების უდიდესი ნაწილია დასაქმებული - შინამოსამსახურეები, მომვლელები და ძიძები. ყველაზე გაიცემა 6-თვიანი მუშაობისა და ცხოვრების ნებართვა და როგორც ირკვევა, 6 თვის შემდეგ, თუ პიროვნებას ისევ ექნება სამუშაო კონტრაქტი, შესაძლებელი იქნება ამ საბუთების გახანგრძლივება.
ეს სიახლე კანონის სახით ჯერ არ გამოსულა, აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს Gazzetta Ufficiale-ში, სადაც იბეჭდება ოფიციალური ტექსტი, რომელსაც მთავრობა გამოსცემს. ამის შემდეგ გვექნება საშუალება, დეტალებზე ვისაუბროთ.
ბოლო "სანატორია" 8 წლის წინ, 2012 წელს გამოიცა. ამჯერად კორონავირუსმა დააჩქარა ამ საკითხის გადაწყვეტა, რადგან კრიზისი შეიქმნა აგრარულ სექტორში, რამაც ბიძგი მისცა, რომ მომხდარიყო სხვა სექტორში მომუშავე არალეგალების ლეგალიზებაც - მომვლელებისა და შინამოსამსახურეების.
გაგ
- შეთანხმება შეეხება არალეგალ უცხოელებს, ვინც 2020 წლის 8 მარტამდეა იტალიაში ჩამოსული. ასევე, განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ პირებს, ვის ბინადრობის უფლებასაც ვადა გაუვიდა 2019 წლის 31 ოქტომბრამდე, ანუ, შეუძლიათ ის განაახლონ.
ავტომატურად დაიბლოკება იმ პირების განაცხადები, რომლებიც ნარკოტრაფიკისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ან ადამიანთა ექსპლუატაციისთვის არიან გასამართლებულები. დაიბლოკება ის განცხადებებიც, თუ დამსაქმებელი - ანუ ოჯახის უფროსი, ვინც კონტრაქტს აწერს ხელს, შემჩნეულია ადამიანთა ექსპლუატაციასა ან პროსტიტუციის ხელშეწყობაში.
შრომითი ექსპლუატაცია უფრო აგრარულ სექტორს შეეხება, მაგრამ არაა გამორიცხული, ოჯახის წევრი მანამდე ყოფილიყო შემჩნეული მომვლელთან ცუდ მოპყრობაში. საბუთების შეტანის დრო პირველი ივნისიდან 15 ივლისამდე იქნება. ასევე, შეტანისას, იმ კონკრეტულ მომენტში პირს უნდა ჰქონდეს სამუშაო კონტრაქტი და ასევე, 6 თვის შემდეგაც, როდესაც საბუთების განახლება მოხდება.
სახელმწიფო პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს დამსაქმებლებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაული არაა, რომ არალეგალი ჰყავდათ დასაქმებული, თორემ ისე, იტალიური კანონმდებლობით, ეს დასჯადია. ახლა ბევრი რამ იმპროვიზირებულია, ამიტომ, პროცედურის შესახებ ძნელია რამის თქმა, მანამდე მსგავს დეკრეტებს პარლამენტი ამტკიცებდა.
- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართველებს შეეძლებათ საქართველოში ოჯახის წევრების სანახავად დაბრუნება?
- ამ ეტაპზე ეს საკითხი გარკვეული არ არის. არ ვიცით, ამ ტიპის საბუთი საზღვრის გადაკვეთის საშუალებას მისცემთ თუ არა არალეგალურად მყოფებს. რეგულაციები სანამ კანონის სახით არ გამოვა, ეს მანამდე არ გვეცოდინება.
- როგორც ვიცი, შეთანხმების მიღწევა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა - პარტია "5 ვარსკვლავი" იმ პრობლემაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ბრძანებულება დამსაქმებლების წახალისებას შეუწყობდა ხელს არალეგალურად დასაქმების კუთხით.
- ვეთანხმები "დემოკრატიული პარტიის" ლიდერების მოსაზრებას, რომ თუ არსებულ პრობლემაზე დახუჭავ თვალს, არ ნიშნავს, რომ ის გაქრება. თავის მოჩვენება, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ, უაზრობაა და ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, "შავი ბაზრის" შექმნას. ნებისმიერი ქართველი გეტყვით, რომ მზადაა, გადაიხადოს ნებისმიერი სახელმწიფო გადასახადი, ოღონდ მოიპოვოს ბინადრობისა და მუშაობის უფლება და მიეცეს საშუალება, დაბრუნდეს ოჯახის წევრების სანახავად.
როდესაც საბუთები წესრიგში არ გაქვს და უცხო ქვეყანაში იმყოფები, ფაქტობრივად, ნული ხარ... არსად ფიქსირდები, არ არსებობ სახელმწიფოსთვის და აღარ არსებობ არც შენი ქვეყნისთვის
როგორ ელოდნენ ამ საბუთის დამტკიცებას ქართველი არალეგალები, წარმოდგენაც კი ძნელია, რამხელა ბედნიერება და შვებაა ეს მათთვის. სოფლის მეურნების მინისტრმა, ტელეზა ბელანოვამ, რომლის დიდი დამსახურებაცაა ამ შეთანხმების მიღწევა, მინისტრთა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იტირა და ეს სიტყვები თქვა:
"ადამიანები, რომლებიც აქამდე უჩინრებივით იყვნენ, მუშაობდნენ, ყველამ იცოდა მათ შესახებ, მაგრამ არავინ ამჩნევდა - მომვლელები, დამლაგებლები, აგრარული მუშაკები, დღეიდან - დამცირებულ, მიზერულ ყოფას, არალეგალობას შეწყვეტენ და ისე მოიქცევიან, როგორც მათ ადამიანურ ღირსებას და ჭეშმარიტად დემოკრატიულ იტალიას შეეფერება". გაგრძელება