"აბა, ერთი გაბედეთ და გაანთეთ ანძა ლგბტ ფერებში" - როგორ ეხმაურება სანდრო ბრეგაძე "თბილისის პრაიდის" მოთხოვნას? - კვირის პალიტრა

"აბა, ერთი გაბედეთ და გაანთეთ ანძა ლგბტ ფერებში" - როგორ ეხმაურება სანდრო ბრეგაძე "თბილისის პრაიდის" მოთხოვნას?

"თბილისის პრაიდი" დედაქალაქის მერიას და მერს კახა კალაძეს მიმართავს და მოუწოდებს, 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, სატელევიზიო ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათონ.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ანძის განათებას არა მხოლოდ დეკორატიული და სიმბოლური, არამედ პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მათი თქმით, ეს იქნება გზავნილი, რომ სახელმწიფო მათ პრობლემებს ხედავს.

როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს,  17 მაისის აღნიშნავნას რამდენიმე აქტივობით აპირებენ ერთ-ერთის ფარგლებში, "თბილისის პრაიდი" თემის წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად აივნებიდან ლგბტ დროშები გადმოკიდონ. გარდა ამისა, გეგმავენ ინტერნეტკონფერენციის მოწყობას და სოლიდარობის აქციის გამართვას. მათი თქმით, ამ კონფერნეციაში მონაწილეობაზე უარი მიიღეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძისგან.

სატელევიზიო ანძის ლგბტ დროშის ფერებში გაანათებას საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" გამოეხმაურა "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე:

"გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. ლგბტ ორგანიზაციებმა, ქალაქ თბილისის მერიას გაუგზავნეს მოთხოვნა, ულტიმატუმის სახით, რომ 17 მაისს, ანუ ოჯახის სიწმინდის დღეს, თბილისის ანძა განათდეს ლგბტ ფერებში. მათ განაცხადეს, რომ ისინი ვერ ატარებენ მიტინგებს, მანიფესტაციებს, მაგრამ მოითხოვენ, რომ ლგბტ ფერებში განათდეს თბილისის ანძა. იგივე მცდელობა მათ შარშანაც ჰქონდათ. მე მინდა, ახლა კონკრეტულად და მოკლედ ვთქვა, იმიტომ, რომ ენის მოჩლექის დრო ამათთანაც და ამათ მხარდაჭერებთან ხელისუფლებაში, მორჩა. აბა, ერთი საქართველოს ხელისუფლებამ და თბილისის მერიამ გაბედეთ, არათუ გაანთეთ ანძა ლგბტ ფერებში,  არამედ საეთოდ განიხილეთ ეს საკითხი... ჩვენ ასეთ პროვოკაციულ იდეებზე აყოლას არ ვაპატიებთ ხელისუფლებას".