"სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც რუსთველსა და გალაკტიონს აუგად იხსენიებენ" - რას პასუხობს გია მურღულია მათ? - კვირის პალიტრა

"სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც რუსთველსა და გალაკტიონს აუგად იხსენიებენ" - რას პასუხობს გია მურღულია მათ?

უკვე რამდენიმე დღეა ჩვენში რამდენიმე ახალგაზრდის მიერ რუსთაველსა და გალაკტიონზე გაკეთებული განცხადებების გამო აღშფოთება არ წყდება, არადა, საზოგადოება ამდენ დროს არც უნდა უთმობდეს მავანის აზრს. სწორედ ამის თაობაზე წერს ფილოლოგი, სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, გია მურღულია "ფეისბუკის" პირად გვერდზე:

"სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც რუსთველსა და გალაკტიონს აუგად იხსენიებენ და კითხვას სვამენ: რა არის მათში კარგი, განა ისინი ძალიან ცუდები არ არიანო?

როგორც კი დასაბუთებას დაიწყებ, რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანნი და კარგები, იმ წუთას ბითურად არის საქმე. არა, გაბრაზებად ეს ამბავი არ ღირს. პასუხი მარტივია:

ისინი მათი უარმყოფელებისთვისაც ტოვებენ ადგილს სამყაროში, რომელიც სიცარიელეს ვერ იტანს - რუსთველი და გალაკტიონი არაფრობასაც დროს აძლევენ მცირედის მისახვედრად მაინც.

და თუ მაინც ვერაფერს მიხვდებით, ეს ორი (მსგავსი კიდევ 2-3 გვყავს) ილოცებს, რომ მარადისობის ბედნიერებას ეზიაროთ, რათა რაც წუთისოფელში გულმა და გონებამ დაგაკლოთ, დრომ მაინც აგინაზღაუროთ, რომელიც, ხანდახან მაინც, ყველაფერს შველის.

თქვენ ისინი უფლებას გაძლევენ, მათი პოეზია არ მოგწონდეთ.

უბრალოდ, ჩვენ გვიკრძალავენ - ამას ზედმეტი ყურადღება მივაქციოთ.

რუსთველი და გალაკტიონი გვეუბნებიან, რომ თქვენ ძალიან კარგი ადამიანები ხართ - ღმერთის ცოტა დაბნეული შვილები.

არ ღირს საკუთარი თავის პრობლემური წარმოჩენისთვის "საზღვარგარეთ" წასვლა.

გინებისა და კატეგორიული უარყოფის სამყაროსაც თავისი საზღვრები აქვს.

ამის შემდეგ "საბრალოთა" მიწები იწყება".