"როცა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს, 14 დღის შემდეგ ტესტირება უტარდება და პასუხი დადებითია, ამ პირიდან სხვა პირზე ინფექციის გადადება არ ხდება"
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, როცა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, 14 დღის შემდეგ ტესტირება უტარდება და პასუხი დადებითია, არ ნიშნავს, რომ ის პაციენტი კვლავ დაავადებულია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის არაცოცხალი ვირუსის ნარჩენები და ასეთი პაციენტი, არც საკუთარი თავისთვის და არც სხვისთვის, საფრთხეს არ წარმოადგენს.
"ეს არ არის დაავადება, რეინფექციაზე არ არის ლაპარაკი და არც სუპერინფექციაზე იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც კარანტინის სივრცეშია მოთავსებული, იქ შეუძლებელია მოხდეს თავიდან ინფიცირება ან რეინფექცია. რეინფექცია ნიშნავს, რომ ამ პაციენტთან აუცილებლად უნდა გამოვლინდეს კლინიკა, ანუ დაავადების გამოვლენა სხვადასხვა სიმპტომებით, განახლება. როცა ასეთი კლინიკა არ გვაქვს და ჩვენ ტესტირებისას, 14 დღის გასვლის შემდეგ, როცა პაციენტს ვუტარებთ ტესტირებას და მიღებული გვაქვს დადებითი პასუხი, ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტი არის დაავადებული იმიტომ, რომ ეს არის არაცოცხალი ვირუსის ნარჩენები, რომლის დეტექციას აწარმოებს ჩვენი მაღალტექნოლოგიური კვლევა, იჭერს ამ ნარჩენებს, მაგრამ ეს ნარჩენები არ არის სიცოცხლისუნარიანი, ანუ ინფექციურობის უნარი არ აქვს, გადამგებლობა ამ პირიდან სხვა პირზე არ ხდება და ეს პირი არ წარმოადგენს ინფექციის წყაროს, გართულებაც არ არის მოსალოდნელი", - განაცხადა ეზუგბაიამ.