გია ხუხაშვილი: "ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული დივიდენდები სულ თავზე დაიმხო" - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილი: "ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული დივიდენდები სულ თავზე დაიმხო"

"მართალია, ოპოზიციას ახალი თემების გახსნა უნდა, მაგრამ ამ კანონზე შეთქმულების თეორიების აგება არ ღირს"

"მივიღეთ კანონი, რომელიც საგანგებო ვითარების მოხსნის პირობებში მთავრობას აძლევს საშუალებას სიტუაცია იმდაგვარად მართოს, რომ არ დაემუქროს დაავადების საფრთხე საზოგადოებას", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, ოპოზიცია ძალიან ცუდ ხასიათზე დადგა, როდესაც ხელისუფლებისთვის დამატებითი მექანიზმების მინიჭების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა და შეურაცხყოფაზე გადავიდა. ოპოზიცია ხელისუფლებას შეურაცხყოფაში იქით ადანაშაულებს და ახსენებს, ირაკლი კობახიძემ როგორ მოიხსენია გოიმებად ოპოზიცია. ოპოზიციის აზრით, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები, ვადის განსაზღვრის მიუხედავად, არაკონსტიტუციურია... "რა ლოგიკას ეფუძნება ის, რომ ადამიანის უფლებების შეზღუდვა და საპარლამენტო კონტროლის გაუქმება უვადოდ არა, თუმცა 15 ივლისამდე მოხდება?" - ამბობს ოპოზიცონერი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონით მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. ამ შემზღუდავი ღონიძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი და არა უვადოდ. რამდენად აუცილებელი იყო ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით კანონში ცვლილებების შეტანა, არღვევს თუ არა ხელისუფლების ეს ინიციატივა კონსტიტუციას, ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- ეს კანონი, ანუ ადამიანის უფლებების შეზღუდვა და საპარლამენტო კონტროლის მხოლოდ 15 ივლისამდე გაუქმება ზედმეტი აჟიოტაჟის საფუძველს არ იძლევა. ოპოზიციის რეაქცია გადაჭარბებული იყო. უნდა გვესმოდეს, რა მასშტაბის პრობლემის წინაშე ვდგავართ და უნდა ვხვდებოდეთ, რომ ხელისუფლებას შეზღუდვების უფლება ერთხანს უნდა ჰქონდეს. მართალია, ოპოზიციას ახალი თემების გახსნა უნდა, მაგრამ ამ თემაზე შეთქმულების თეორიების აგება არ ღირს. თემების გახსნის საბაბს ისედაც უხვად იძლევა ხელისუფლება. მაგალითად, სამარკო ნიშანზე - "გადაგდებაზე". სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლების რეპუტაცია პლინტუსს ქვემოთ არის. მივიღეთ ტყუილების კასკადი, დაწყებული საპრეზიდენტო არჩევნებით, გაგრძელებული საარჩევნო კანონით და დამთავრებული ე.წ. პოლიტპატიმრების თემით. მათ მონდომებით დაიწყეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება. დღემდე ჩვენი დასავლელი პარტნიორები პოლიტპატიმრებზე საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, "ოცნებამ" კი მანამდე არ მოისვენა, სანამ ოქრუაშვილის, უგულავასა და რურუას პოლიტპატიმრობის სტატუსმა საერთაშორისო ტრიბუნიდან არ გაიჟღერა.

- საზოგადოების ნაწილი მიესალმა ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებისთვის დასავლეთის ზეწოლას, თუმცა ნაწილმა ეს სახელმწიფოს საშინაო საქმეში უხეშ ჩარევად აღიქვა... - დასავლეთი ჩვენს საქმეში უხეშად ჩაერეოდა, რაიმე გადაწყვეტილება რომ მოეხვია თავს. ჩვენგან რას ითხოვენ? პოლიტიკური პროცესის მშვიდობიანად წარმართვას, შეთანხმებების შესრულებას და არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლას. არ მესმის, სად ხედავენ ჩარევას? ე.ი. თუ ხელისუფლებას საზოგადოების გადაგდება უნდა, ამაში ხელი არავინ უნდა შეუშალოს?

- ხელისუფლება ირწმუნება, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ოქრუაშვილის, უგულავასა და რურუას გათავისუფლებაზე არ შეთანხმებულან. - ვის გულისხმობთ?

- თუნდაც ირაკლი კობახიძეს. - ამ შეხვედრას 30 კაცი, მათ შორის დიპლომატები ესწრებოდნენ. როდესაც ისინი ამას ადასტურებენ, კობახიძე რას იტყვის, მნიშვნელობა არა აქვს. კობახიძე იმასაც ამტკიცებდა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება, ჩვენ ეს ბრიფინგზე შევიტყვეთო. მეორე დღეს გამოვიდა პრეზიდენტი და თქვა, რომ ივანიშვილმა იცოდა ყველაფერი.

- თუმცა სხვა ლიდერები, მათ შორის კახი კალაძე, ნამდვილად არ იყვნენ ინფორმირებული. ეს ფაქტი რაზე მიგვანიშნებს? - ხელისუფლება აფექტის მდგომარეობაშია - დილით ერთს ამბობენ, შუადღისას მეორეს და საღამოს მესამეს... ზურაბიშვილი ზოგმა შეაქო, ზოგმა გააკრიტიკა. პროვინციულ სპექტაკლს გვაყურებინებენ, რომელშიც მსახიობები სუფლიორის საშუალებით კითხულობენ ტექსტებს, თუმცა კითხვასაც ვერ ახერხებენ ხეირიანად.

- ოპოზიცია მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ "ოცნების" ლიდერები მითითებებს მესიჯბოქსით იღებდნენ და ერთი შინარსის განცხადებებს აკეთებდნენ. ახლა დამოუკიდებლად დაიწყეს განცხადებების გაკეთება? - თავად მესიჯბოქსის ავტორია აფექტში და ერთ აზრზე ვერ ყალიბდება. ავტორის ვინაობა ყველამ ვიცით. დილით ერთ აზრს გაახმოვანებს, მერე არ მოეწონება და შეცვლის. რაც მთავარია, მესიჯბოქსის გამხმოვანებლებს ყველანი ბრიყვები ვგონივართ. გამოდიან დაყენებული სახეებით და ათას სისულელეს გვიყვებიან.

- როგორ გგონიათ, ე.წ. პოლიტპატიმრების თემამ ქვეყანაში პოლიტწესრიგი შეცვალა? - ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული დივიდენდები სულ თავზე დაიმხო.

მართლა კარგად იმუშავეს და შანსიც მიეცათ, კონსტრუქციულად გაეგრძელებინათ სიტუაციის მართვა, მაგრამ დახამდნენ - იფიქრეს, ხალხში დაგროვილი პოზიტივი ყველაფრის გაკეთების საშუალებას მოგვცემსო და მიაწვნენ იქ, სადაც არ უნდა მისწოლოდნენ, ანტიკრიზისული გეგმით ყველაფერს წერტილი დაუსვეს. პოლიტპატიმრების თემამ კი ყველაზე ერთგული ამომრჩეველი დააკარგვინა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია დაწინაურდა. არც ისინი ჩანან ადეკვატურად. უამრავ შეცდომას უშვებენ, ხან ეპიდემიოლოგებად ასაღებენ თავს და ექიმების კომპეტენციაში ერევიან, ხან რა სისულელეს აკეთებენ. ის, რომ "ოცნებიდან" ელექტორალური მასა მოდის, იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში გადადის.

- მაშინ სად მიდის? - ნაწილი, რომელსაც სძულს "ნაცმოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსში", უფრო დიდი ნაწილი კი დაბნეულია და მესამე ძალას ელოდება, რომელიც ჯერ ისევ არ ჩანს.

ხათუნა ბახტურიძე