"შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" - ბესტსელერი, რომელიც ჟურნალ "გზას" მოჰყვება - კვირის პალიტრა

"შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" - ბესტსელერი, რომელიც ჟურნალ "გზას" მოჰყვება

"წიგნის სიუჟეტი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი, ვისაც ზუსტად და მძლავრად გამოუცდია შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი მაინც"

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ის ახალგაზრდა მწერალია, რომლის რომანი "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" 2019 წლის ბესტსელერი გახდა ნომინაციაში "ქართველი ავტორი", 2018 წელს კი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის გამარჯვებული.

პრესის პროექტების ფარგლებში, მკითხველი ამჯერად "შვიდ მომაკვდინებელ გრძნობას" მიიღებს სპეციალურ ფასად - წიგნი ჟურნალ "გზასთან" ერთად 28 მაისს გამოვა და მისი ფასი 8.50 ლარი იქნება, ჟურნალთან ერთად კი - 10 ლარი.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L"-ი და ქართველი ავტორები გაერთიანდნენ, რათა პროექტ "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული წიგნები მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს. "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"-ის გამარჯვებული რომანი, თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე" მკითხველმა ჟურნალთან ერთად უკვე შეიძინა.

ამჯერად ამბავი უცნაურ მხატვარზე, იან კლაინზეა, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა... ავტორი გვიამბობს, თუ როგორ დაიწერა და რის შესახებაა მისი პირველი რომანი "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა":

- ვერ გეტყვით, წერა ზუსტად როგორ დავიწყე, მაგრამ მახსოვს, რომ ლექსები იყო, საბოლოოდ კი "შვიდ მომაკვდინებელ გრძნობამდე" მივედი - ეს დეტექტიური რომანი უცნაურ მხატვარზე, დეტექტივებზე, მის სიყვარულსა და შვიდ მომაკვდინებელ გრძნობაზეა. მთავარი გმირი იანი მარტოსული, სევდიანი და ცოტათი უცნაური პერსონაჟია, საკუთარი რწმენით და ცხოვრების ფილოსოფიით, მის შემთხვევაში კი ეს რწმენა დამღუპველი აღმოჩნდება.

- როგორ ვითარდება მოვლენები? - იანის ნიჭს მალევე შეამჩნევს დეტექტივი ფორდი, რომელიც განსაკუთრებით მის მიერ შექმნილი პორტრეტებით მოიხიბლება და მასთან მუშაობას შესთავაზებს, კერძოდ, დამნაშავის ფოტორობოტების დახატვას სთხოვს.

წიგნში სიუჟეტი ასე ვითარდება: ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავის კვალი იან კლაინთან მიდის, მათ შორის, ის საკუთარ თავს ხატავს ერთ-ერთი დამნაშავის ადგილას, თუმცა მას ყოველთვის აქვს ალიბი. ამას თან ერთვის საყვარელი ქალისგან უარყოფა და მის ქვეცნობიერში შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა იღვიძებს - პერსონაჟი მათთან დიალოგში შედის და წარმოიდგენს, როგორი იქნებოდა გრძნობები, თუკი მათ ადამიანის ფორმა ექნებოდა. პარალელურად, მკვლელობის საქმეში შვიდი ეჭვმიტანილი ჩნდება და შვიდივე იდეალურად ჰგავს იანის წარმოდგენილ გრძნობებს.

- რა არის მორალი? რას ამოიკითხავს საბოლოოდ თითოეული ადამიანი? - ვერავის დავპირდები, რომ ეს წიგნი იდეალური მასწავლებელი ან მრჩეველი იქნება მკითხველისთვის, დაპირებები ისედაც არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, წიგნის კითხვის დროს ნებისმიერი ადამიანი ერთ პატარა მონაკვეთში მაინც იპოვის საკუთარ თავს და ეს წიგნი, მასწავლებელი თუ არა, მისთვის მეგობარი მაინც იქნება.

ვფიქრობ, წიგნის სიუჟეტი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი, ვისაც ზუსტად და მძლავრად გამოუცდია შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი მაინც.

- თქვენ შესახებ გვიამბეთ, რა პროფესიის ხართ? როდის დაიწყეთ რომანის წერა? - წერა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როდესაც პროფესია არჩეული არ მქონდა, შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე და წარჩინებით დავასრულე. ამჟამად კლინიკაში ვმუშაობ, უმცროსი ორთოპედ-ტრავმატოლოგი ვარ.

- "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" - პროექტი, რომელმაც წარმატება უკვე ლიტერატურული კუთხით მოგიტანათ, რა შეიცვალა თქვენთვის? - ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი და გამარჯვება. წიგნი დაწერილი მქონდა, თუმცა დაბეჭდვას ვერ ვახერხებდი, რადგან ყველა სხვა გამომცემლობამ უარი მითხრა ფინანსური თუ მარკეტინგული თვალსაზრისით, ფიქრობდნენ, რომ ქართველი თანამედროვე ავტორი გაყიდვადი ვერ იქნებოდა. 2019 წელს კი "შვიდმა მომაკვდინებელმა გრძნობამ" გამამარჯვებინა ნომინაციაში "ყველაზე გაყიდვადი ქართველი ავტორი".

უამრავი უარის შემდეგ ჩავთვალე, რომ პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთადერთი შესაძლებლობა იყო, რომ ეს წიგნი ადამიანებამდე მისულიყო. არჩევანმა გაამართლა, რის გამოც დღემდე მადლიერი ვარ გამომცემლობა "პალიტრა ლL"-ის. ყველაზე მეტი - საკუთარი თავის რწმენა მომცა და შემდეგ სტიმული, უფრო მეტი შესაძლებლობა და გზა წარმატების მისაღწევად.

- ლიტერატორმა ივანე ამირხანაშვილმა ასე დაგახასიათათ: "ნიკოლოზი მშვიდი, აუღელვებელი მთხრობელია, რაც პროზის ძალიან დიდი პლუსია. წერის მანერას რომ თავი დავანებოთ, ორიგინალურია თვითონ სიუჟეტიც. მან შეიძლება მკითხველს რომელიმე დასავლური ან სულაც, ქართული რომანი გაახსენოს, თუმცა მოქმედებების განვითარება სრულიად განსხვავებულია და არ მისდევს რომელიმე ავტორს. ვინმემ შეიძლება ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტთანაც" გაავლოს პარალელი, თუმცა ნიკოლოზი არ სცდება რეალობას, იყენებს ზღაპრულ მოტივებსაც, ფენტეზისაც, მაგრამ კარგად ხედავს და აღწერს ცხოვრებას, ასახავს ქართულ ყოფიერებას. ნიკოლოზ ტოტოღაშვილის პირველი ეპიკური ცდა - შეკითხვების რომანი, სადაც პერსონაჟები პასუხებს არ ეძებენ, რადგან ისინი გრძნობენ, განიცდიან, ცხოვრობენ", - რას ნიშნავს თქვენთვის მისი ეს შეფასება? - ბატონი ივანე ამირხანაშვილის კომენტარი როდესაც წავიკითხე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მივხვდი, რომ რასაც ვაკეთებდი, სწორად ვაკეთებდი.

- როგორია თქვენი სამწერლო გეგმა? - დაახლოებით ერთ თვეში ჩემი ახალი რომანი "მე არ ვარ ნეონი" გამოვა. წიგნი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და მისი თითოეული პერსონაჟი ნამდვილია, თუმცა, ვფიქრობ, მკითხველი აქაც იპოვის ელემენტებს, რაც აფიქრებინებს, რომ ისტორია არ არის ნამდვილი. სწორედ ამიტომ ძალიან საინტერესო ანოტაცია დავურთე თან.

თამთა დადეშელი