"ბევრ საკონცერტო ჰოლში საწოლები­ დადგეს" - რას ყვება სომხეთის მოქალაქე ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე - კვირის პალიტრა

"ბევრ საკონცერტო ჰოლში საწოლები­ დადგეს" - რას ყვება სომხეთის მოქალაქე ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე

"სომხეთში ამ ვირუსმა ბევრი იმსხვერპლა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 27 წლის იყო, ყველაზე ხნიერი კი - 93-ის. ვფიქრობ, სომხეთში ამდენი დაინფიცირებული იმიტომ არის, რომ ადამიანები სახლში არ რჩებიან და რეკომენდაციებს არ იცავენ..."

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საქართველოში ინფიცირებულთა დათვლის მეთოდოლოგიას არ ენდობა. 22 მაისს განაცხადა, რომ სომხეთში ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა უკეთესია, ვიდრე ჩვენთან, 23 მაისს კი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრის სახელით სინანული გამოთქვა მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციის გამო.

"კვირის პალიტრის" მკითხველს სომხეთის მოქალაქე არევიკ მკრტიჩიანი ესაუბრება. მას თავდაპირველად სწორედ არსენ ტოროსიანის განცხადების შესახებ ვკითხეთ:

- სომხური მედია ამ ფაქტზე თითქმის არ ლაპარაკობს, მაგრამ ვფიქრობ, სანამ არსენ ტოროსიანი რამეს იტყოდა, ყველაფერი ზუსტად უნდა სცოდნოდა, ის მონაცემები შეემოწმებინა, რომელთაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მან მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, შემდეგ კი მოიბოდიშა და ეს სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა მისნაირი ადამიანები ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდნენ. რასაც იტყვიან, ყველაფერზე პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ.

- რა მდგომარეობაა დღეს სომხეთში? - ვირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა 27 წლის იყო, ყველაზე ხნიერი კი - 93-ის. ვფიქრობ, სომხეთში ამდენი დაინფიცირებული იმიტომ არის, რომ ადამიანები სახლში არ რჩებიან და რეკომენდაციებს არ იცავენ. სიმართლე გითხრათ, მე უფრო ვნერვიულობ და მეშინია, ვიდრე 90 წლის ადამიანებს. ხანდახან ვფიქრობ, რომ სომხეთში ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც მართლაც სახლში რჩება. ბოლო თვეში სულ ორჯერ გავედი გარეთ... მოხუცები კი სულ ეზოებსა და პარკებში არიან. ყოველდღე სეირნობენ, ერთმანეთს ესაუბრებიან... როგორც არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რაღაც უნდა მოიფიქრონ, რომ მოხუცები სახლში გააჩერონ. ბებიაჩემი და ბაბუაჩემი აშშ-ში ცხოვრობენ ბიძაჩემთან ერთად. როგორც იცით, ამერიკაში ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ მთავრობა მოხუცებს ფულით ეხმარება. გარდა ამისა, მათთვის მედიკამენტები უფასოა. ეს ხდება აშშ-ში, მაგრამ სომხეთში მსგავსი არაფერი მოხდება.

- რა ფუნქციონირებს დღეს სომხეთში?

- სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები დაკეტილია. საქართველოს მსგავსად, სომხეთიც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სწავლა არ შეწყვეტილა და ეს სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადებულა. რაც შეეხება სხვა დაწესებულებებს, მაგალითად, სპორტდარბაზები დაკეტილია, თუმცა მოლები, დიდი თუ პატარა მაღაზიები ღიაა. ზოგიერთი რესტორანიც დაკეტილია, რადგან წესებს არ იცავდნენ.

- ნიღაბს თუ ხმარობს ხალხი? - მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიღბებით და ხელთათმანებით ვიყოთ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებში - ყველა დახურულ სივრცეში, თუმცა ამ მოთხოვნებს ყველა არ იცავს... საზოგადოებრივი ტრანსპორტი 16 მაისიდან მუშაობს. პოლიციელები ქუჩაში დადიან და ხალხს აკონტროლებენ. ნებისმიერი გამვლელი შეიძლება გააჩერონ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელთათმანისა და პირბადის გარეშე ვერავინ ავა და თუ მაინც დაარღვევს ამ წესს, დაჯარიმდება. არც ფეხზე დგომა შეიძლება... რაც შეეხება მიკროავტობუსებს, იქ ასვლა ძალიან სახიფათოა, რადგან დისტანცია მცირეა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს სხედან. მეტროც 16 მაისიდან ამუშავდა, ტაქსებს კი მუშაობა არც შეუწყვეტიათ.

- საავადმყოფოებში რა სიტუაციაა? ადგილების რაოდენობა საკმარისია? - ბევრ საკონცერტო ჰოლში, რომლებიც დღეს არ ფუნქციონირებს, საწოლები დადგეს. შეიძლება რამდენიმე დღეში დასჭირდეთ კიდეც... ასევე აშენებენ შენობებს კოვიდინფიცირებულთათვის. დღესდღეობით კლინიკებში მათ ტოვებენ, ვისაც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა აქვთ და ექიმების დახმარება სჭირდებათ.

- მაღაზიებში რიგები იყო და ყველა ყველაფერს იმარაგებდა?

- 15 მარტს მთავრობამ გამოაცხადა, რომ სახლში უნდა დავრჩენილიყავით და ხალხიც მაშინვე მაღაზიებს მიაწყდა. მიუხედავად ამისა, პროდუქტების მარაგი არ ამოწურულა. მაღაზიებში ყოველთვის ყველაფერი იყო. მერე, როგორც საქართველოში, პირბადეები აქაც გაძვირდა. მაგალითად, ერთი ნიღაბი, თქვენი ვალუტის მიხედვით რომ დავიანგარიშოთ, 1,19 ლარი ღირს, რაც იაფი ნამდვილად არ არის.

იხილეთ ასევე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს "ატკატებში" ადანაშაულებენ - რას წერს ტოროსიანზე სომხური მედია?

ნათია სიბაშვილი