"ხელისუფლების ნაბიჯები ერთი ერთში ემთხვევა წინასაარჩევნო გრაფიკს"
"ახლა საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ არჩევნებამდე რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას"
"პრემიერმა გახარიამ ჩემი მოლოდინი გაამართლა", - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებებს პარლამენტში. შეგახსენებთ, როგორც პრემიერმა განაცხადა, ხელისუფლებას, რომელიც რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძვის და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ცდილობს, არაკომპეტენტური, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია ხელს უშლის. რას ელოდა საზოგადოება პრემიერისგან, როგორ აფასებს ოპოზიცია ხელისუფლების მუშაობას პანდემიის დროს და რას უნდა ველოდოთ წინასაარჩევნო პერიოდში, ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება.
- პრემიერი ვერაფერს გვეუბნება რეალურად გატარებულ ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე. ლაპარაკობს ვითარებაზე, რომელსაც ჩვენმა მედიკოსებმა შესანიშნავად გაართვეს თავი. გახარია ცდილობს მათი წარმატება საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინოს.
უპასუხისმგებლობად მიმაჩნია ისიც, რომ ისეთ კრიზისულ პერიოდში როგორშიც ახლა ვართ, პრემიერი არ ცდილობს მაკონსოლიდირებელი ფუნქცია შეასრულოს პოლიტიკურ ძალებს შორის. პირიქით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სურს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება გაამძაფროს.
- თქვენი შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიციამ თუ დასვა მწვავე კითხვები და თქვენ რა კითხვები გაქვთ პრემიერთან?
- ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავიანთი ანტიკრიზისული გეგმები აქვთ და მათი კითხვებიც ამ გეგმებიდან გამომდინარეობდა. თუმცა, ჩემი აზრით, არის კითხვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დასმულიყო და პასუხებიც მოგვესმინა. კარგია, რომ დაისვა სოციალური დახმარების არაგამჭვირვალე მექანიზმებთან დაკავშირებული კითხვები. ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ხელისუფლება კრიზისის მართვის ცოდნას და უნარებს ვერ ფლობს.
მაშინაც კი, როდესაც კრიზისი არ იყო, მმართველი გუნდის "დამსახურებით" 2019 წელს რეიტინგებში, რომლებიც ეკონომიკის მდგრადობას ეხებოდა, ბოლო ადგილზე გავედით. ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად გადააჭარბა სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპმა.
მე არც ველოდი, რომ ასეთი "მიღწევების" მქონე ხელისუფლება კრიზისულ ვითარებას გაართმევდა თავს. ახლა საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ არჩევნებამდე რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას.
- ფიქრობთ, რომ ეკონომიკური ვარდნის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო ეფექტური მმართველობის წყალობით? - არა, რა თქმა უნდა. აპრილში ყველაფერი გაჩერდა და შესაბამისად, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ეკონომიკა 16%-ით შემცირდა. ეს ნამდვილად მოსალოდნელი იყო, პრობლემა ის არის, რომ არ დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ამ დარტყმის მაქსიმალურად შესარბილებლად, რათა სწრაფად დაწყებულიყო ეკონომიკური სტიმულირება. სამწუხაროდ, ხელისუფლების ნაბიჯები ფრაგმენტულია, ერთი ერთში ემთხვევა წინასაარჩევნო გრაფიკს და არაფერი აქვს საერთო ეკონომიკის გაჯანსაღებასთან.
- როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი სწრაფად ამოქოქოს ეკონომიკა, რაზე აქვს გათვლა? - ნათია თურნავას გაკეთებული თუნდაც ერთი საქმე მანახეთ. მხოლოდ პიარულ განცხადებებს აკეთებს. სიტყვა "ამოქოქვას" ხშირად იყენებს, მოსწონს პიარული თვალსაზრისით. ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრს, ისევე როგორც პრემიერს, არა აქვთ ის კომპეტენცია, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამ მძიმე გამოწვევასთან გასამკლავებლად.
ქალბატონმა თურნავამ ანაკლიის შესახებ განაცხადა, რომ თურმე ტენდერს ამზადებს, არადა, მტკნარი სიცრუეა. არც ტენდერს ამზადებს და ამ პროექტთან დაკავშირებული არც გეგმა აქვს. ამათ ინვესტორები მაშინაც კი ვერ შემოიყვანეს ქვეყანაში, როდესაც კრიზისი არ იყო. მხოლოდ მათი გაქცევა გამოსდიოდათ კარგად. ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო კრიზისშია, რომელი ტენდერის ჩატარებას შეძლებს ეს არაკომპეტენტური მთავრობა?
- დაინტერესებული საზოგადოება უკვე კარგად იცნობს "ლელოს" ანტიკრიზისულ გეგმას, თუმცა ხელისუფლება ამბობს, თქვენს ინიციატივებში ყურადსაღები არაფერიაო. რატომ ვერ მოახერხეთ ხელისუფლების დაინტერესება? - "ოცნება" არ არის მაკონსოლიდირებელი ძალა, მას არ სურს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევას ოპოზიციასთან ერთად გაუმკლავდეს. გაბედულება არა აქვთ, რომ თქვან, ახლა სიძულვილის დრო არ არის და საქმე ერთად გავაკეთოთო. სინამდვილეში ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი მათ გაიზიარეს, ვგულისხმობ სახელმწიფო გარანტიების მექანიზმებს. თუმცა განცდა დამრჩა, რომ არ იციან, როგორ მუშაობს სახელმწიფო გარანტიის მექანიზმი. ამიტომ დამახინჯებული ფორმით გადაიღეს.
- როდესაც ხელისუფლება დღევანდელ ვითარებაში პრიორიტეტს ანიჭებს ტურისტული და სამშენებლო ბიზნესის ამუშავებას, ეს რას ნიშნავს? მართლაც ამ დარგების ამოქოქვაში ხედავენ ეკონომიკის ამოქმედების შესაძლებლობას თუ ლობირებასთან გვაქვს საქმე? - ამ სექტორების მთლიანად სისტემურ გაჯანსაღებაზე კი არ ფიქრობენ, რიგ კომპანიებს მიანიჭებენ უპირატესობას. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები შემდგომ "ოცნების" დონორებად და შემომწირველებად გვევლინებიან.
ტურიზმის სექტორიც საჭიროებს დახმარებას, მაგრამ წინასწარ ვიცით, რომ საბოლოოდ მივიღებთ ანტიკრიზისული გეგმის კარიკატურას, დავხარჯავთ ფულს, მაგრამ შედეგს ვერ მივიღებთ.
- ე.ი. ანტიკრიზისული გეგმის საფარქვეშ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს? - ცხადია. ყველა ბერკეტს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
- რას უპირისპირებთ ამ მოცემულობას. - ჩვენ მხარდამჭერების იმედი გვაქვს, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი, რომ გვინდა ვიყოთ ალტერნატივა, რომელიც ჯადოსნურ წრეს გაარღვევს და მოქალაქეებს ორი პოლუსის გარდა, ახალი ძალის არჩევის საშუალება მიეცემათ. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პოლიტიკურ ძალებთან, პირებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მსოფლმხედველობას. ეს ერთობა არ ერთიანდება სიძულვილის მოტივით, ჩვენ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ვიკრიბებით.
- ანა დოლიძის მოძრაობასა და ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ პარტიასაც თქვენს გაერთიანებაში ხომ არ ვიხილავთ? - იმ პირების ვინაობას, ვისთანაც კონსულტაციები გვაქვს, მათი თანხმობის გარეშე ვერ გაგიმჟღავნებთ.
- "თავისუფალი" დეპუტატებიდანაც არის მათ შორის ვინმე? - ცოტა დრო მოგვეცით და ყველაფერს გაგიმხელთ.
ხათუნა ბახტურიძე