"პარლამენტარობის გამო მაღალ ანაზღაურებაზე უარი ვთქვი"
"ამ პანდემიას კი კარგად გაუმკლავდა ქვეყანა, მაგრამ მთავარი სირთულეები წინ გველის - პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც"
მინიდოსიე:
თამარ ჩუგოშვილი დაიბადა 1984 წლის 11 აგვისტოს გურჯაანში. როგორც აღნიშნა, ძალიან უყვარს იქაურობა, თუმცა ხშირად ჩასვლას ვეღარ ახერხებს. რასაც მიაღწია, თვლის, რომ მშობლების დამსახურებაა, რომლებსაც არ ენანებოდათ შვილების განათლებაში თანხის დახარჯვა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი), 2014-2015 წლებში სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში. ყველაზე დიდი გამოწვევა მისთვის 26 წლის ასაკში საიას თავმჯდომარეობა იყო. 2013-2014 წლებში გახლდათ პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის მთავარი საკონტაქტო პირი საქართველოს მთავრობასთან. ოჯახის დეკლარირებულ წევრთა შორის მოხვდნენ მეუღლე - გიორგი მიხანაშვილი და შვილი - 9 წლის ნინო მიხანაშვილი.
თამარ ჩუგოშვილის ქონებრივი დეკლარაცია არც ისეთი მსუყეა - ვერც საცხოვრებელი ბინების სიმრავლეს მივაკვლიე, ვერ აგარაკებისა და ძვირად ღირებული ნივთებისა თუ საჩუქრების ჩამონათვალს. როგორც ჩანს, პარლამენტარს და მის მეუღლეს არც ბანკში აქვთ ანაბრები და არც ჯიბეში - ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობაც 10.000 ლარს აღემატება. პარლამენტარი დაუფიქრებლად დამთანხმდა რესპონდენტობაზე და დამპირდა, ყველა კითხვაზე გულწრფელად მიპასუხებდა.
- ჩემი მშობლები პატიოსნად ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ, შვილებიც ასე აღეზარდათ. მამა პროფესიით ექიმია, დედა ფილოლოგი, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა, ერთ-ერთი პირველი საპარლამენტო კორესპონდენტი იყო. ამიტომაც ისე მოხდა, რომ ბავშვობიდანვე ვადევნებდი თვალს საპარლამენტო ცხოვრებას, ოჯახში ხშირად საუბრობდნენ პოლიტიკის შესახებ. ორივე გვიან ბრუნდებოდა შინ და მე და ჩემი ძმა ამას შეჩვეულები ვიყავით. მთავარი ღირებულება, რასაც გვასწავლიდნენ იყო ის, რომ ყველაფრისთვის მიგვეღწია შრომით და პატიოსნად გამოგვემუშავებინა ხელფასი - არ უნდა მოგეპარა, გეშრომა და შეძლებისდაგვარად დAავხმარებოდით მათ, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. ასეთები იყვნენ მათი მშობლებიც. კომუნისტების დროს ქრთამი უცხო ხილი არ გახლდათ და სულ გვესმოდა, რომ ეს სამარცხვინო საქციელი იყო. ადვილი არ არის პატიოსნად ცხოვრება, ბევრად მეტი უნდა იშრომო და იწვალო, მაგრამ...
საკმაოდ მძიმე პერიოდები მახსოვს. 90-იან წლებში მამა გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობდა. ჰყავდა კერძო პაციენტებიც, მაგრამ რასაც იღებდა, თითქმის მთელი შემოსავალი ფსიქიატრიულში, პაციენტებთან მიჰქონდა. უფრო სწორად, საკვებს ყიდულობდა მათთვის, შიმშილისგან რომ არ დახოცილიყვნენ. ვცხოვრობდი მშობლების მწირ ხელფასზე მანამ, სანამ ჩემი შემოსავალი არ გამიჩნდა.
მომავალი მეუღლე 2007 წელს საერთო მეგობრის წყალობით გაიცნო და რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ. ამ 13 წლის განმავლობაში წყვილის უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს 2013 წელს ნაყიდი, 136 კვმ ფართობის ბინა გაბაშვილის ქუჩაზე, 18 კვმ ავტოფარეხთან ერთად. ორივე მათგანის 100%-იანი მფლობელი თავად დეპუტატი გახლავთ, მისი მეუღლის საკუთრებაში კი 2018 წელს 8.000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა "ბეემვეა".
- თავდაპირველად მეუღლის ბინაში ვცხოვრობდით, მერე გავყიდეთ, კრედიტი ავიღეთ და ვიყიდეთ ეს ბინა, არანაირი დანაზოგი არ გვქონია. სხვათა შორის, პირველად რომ შევავსე დეკლარაცია, ავტოფარეხის ჩაწერა დამვიწყებია, რის გამოც დამაჯარიმეს კიდეც.
- თქვენ მანქანა არ გყავთ? დეკლარაციაში არ იყო აღნიშნული. - ვიდრე თანამდებობდან გადავდგებოდი, შარშან ნოემბრამდე სამსახურის მანქანით ვსარგებლობდი, ამ წლის დასაწყისში კი ავტომანქანა მეც ვიყიდე.
- 2016-2018 წლებში სამჯერ სამომხმარებლო სესხიც გამოგიტანიათ - 50.000 ლარი თქვენ, ხოლო მეუღლეს - 36.000 დოლარი და 40.000 ლარი. ეს თანხაც ბინის გასაახლებლად და მოსაწყობად ხომ არ გჭირდებოდათ? - არა, ბინა არც გადაგვიკეთებია, როგორიც იყო, ისეთში გადავედით. ეგ თანხა თავისი საქმისთვის დასჭირდა მეუღლეს, გარდა ამისა, გვქონდა ოჯახური პრობლემებიც და ამიტომ ვარჩიეთ ბანკიდან სესხის აღება. დეკლარაციაში ჩავწერე ისიც, რომ 2018-ში განვადებით გამოვიტანეთ ტელევიზორი, რომელშიც სულ 5.089 ლარი გადავიხადეთ. გიორგის ტექნიკა უყვარს, თანაც მისი შემოსავალია და როგორც უნდა, ისე დახარჯავს (გიორგი მიხანაშვილი პროფესიით გეოლოგია, მაგრამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მონიტორინგის მენეჯერად მუშაობს და მისი წლიური შემოსავალი 42.600 ლარია. - ავტ.).
- "საქართველოს ბანკში" თქვენს სახელფასო ანგარიშზე 8.592 ლარია, ხოლო თქვენი მეუღლის ანგარიშზე - 2.672 ლარი. ბანკის ანგარიშებს თუ ვენდობით, გამოდის, თქვენ უფრო შეგიძლიათ თანხის დაგროვება და შენახვა, ვიდრე მეუღლეს. ასეა?
- საერთოდ, ერთად ვწყვეტთ, ფული რაში დავხარჯოთ, ორივე ვიხდით ხარჯებსაც და კრედიტებსაც. ანაბარი კი ახლა გავხსენი და ჯერ 2.185 ლარი მაქვს.
- პირველი ანაზღაურებაც გაიხსენეთ... - სტუდენტობის დროს საიაში მოვხვდი სტაჟიორად და პირველი საქმე, რომელშიც ჩავერთე, იყო ანტიკორუფციული მონიტორინგი, რამაც დიდი გამოცდილებაც მომცა.
საიას თავმჯდომარეობა 2010-2012 წლებში გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. იმ მძიმე წლებში ბევრი უსამართლობა ხდებოდა, ბევრი დაზარალებული მოდიოდა ჩვენთან, ვაკვირდებოდით არჩევნებსაც, რომელიც ასევე რთული იყო. ამ ორმა წელმა განსაზღვრა, რომ სახელმწიფოს მართვა, ადმინისტრირება და პოლიტიკა უფრო მაინტერესებდა, ვიდრე წმინდა იურისპრუდენცია. ასე ამოვყავი თავი პოლიტიკაში.
პირველი ანაზღაურება საიას არ უკავშირდება. არის ასეთი ფონდი "თაობა", რომელიც ხანდაზმულებს ეხმარება და იქ მდივან-რეფერენტად ვმუშაობდი. ჩემი პირველი ხელფასი კი 120 ლარი იყო. ეს კარგად მახსოვს, თუმცა რაში დავხარჯე, მაგას ვეღარ ვიხსენებ. 18 წლის სტუდენტისთვის საკმარისი იყო.
- ამჟამად საკმაოდ მაღალი ანაზღაურება გაქვთ - წელიწადში 62.556 ლარი, რაც თვეში დაახლოებით 5.213 ლარია... - პარლამენტამდე ბოლო სამსახურში დეპუტატის ხელფასზე სამჯერ მეტი ანაზღაურება მქონდა. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ პარლამენტარობის გამო მაღალ ანაზღაურებაზე უარი ვთქვი. მქონდა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება, ვიყავი საჯარო მოხელეც, ასევე ვიმუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაში და ჩავთვალე, რომ პოლიტიკა მომცემდა საშუალებას, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე მეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის... თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შემოსავლის კუთხით ჩემი წინა სამსახური უფრო მაღალანაზღაურებადი იყო. რთულია ამაზე უარის თქმა, ზოგჯერ ნანობ კიდეც, მაგრამ ქვეყნის სამსახურში ყოფნას კიდევ უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს სირთულეებსა და გამოწვევებთან ერთად.
- რაში ამჯობინებთ ფულის დახარჯვას? - ჩვენი გოგონა ჯერ პატარაა, მაგრამ გვინდა გარკვეული თანხის გადანახვა, რათა ხარისხიანი განათლება მივცეთ. წიგნებშიც არ მენანება ფული. ძალიან ძვირად ღირებული ნივთები არ მაქვს, არც ძვირფას საჩუქრებს ვიღებ. თუ ოფიციალური საჩუქარი 300 ლარს აღემატება, ვაბარებ პარლამენტს მუზეუმში განსათავსებლად ან უბრალოდ, არ ვიღებ. ისე, მიყვარს ახლობლებისთვის საჩუქრების კეთება.
- ქველმოქმედება თუ გიწევთ... - არასრულწლოვანი შშმ პირებისთვის ამ კარანტინში კოლეგებმა შევაგროვეთ პირველადი მოხმარების საგნები, ყოველთვიურადაც ვრიცხავ ფონდში 50, 100 ან 200 ლარს, რამდენის საშუალებაც მაქვს. გარდა ამისა, ხელფასიდან სოლიდარობის ფონდში ავტომატურად ვრიცხავ 50 ლარს. ჩემს მეუღლეს უფრო ხშირად სთხოვენ დახმარებას, განსაკუთრებით ახლა, რადგან ბევრი უმუშევრად დარჩა. ამ პანდემიას კი კარგად გაუმკლავდა ქვეყანა, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი სირთულეები წინ გველის - პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც.
ნინო ჯავახიშვილი