"მამაჩემს ქართველი სიძის ყოლა სურდა, მაგრამ როცა სალემს შეხვდნენ და დაილაპარაკეს, ჩემი არჩევანით კმაყოფილები დარჩნენ"
"ჩემი ქმარი არაბული ტრადიციებისგან შორსაა"
მოდელი, პიანისტი, მომავალი ექიმი, ულამაზესი კრისტინე კეკუტია, რომელმაც საზღვარგარეთ არაერთხელ გვასახელა, უცხოელმა "მოგვტაცა". ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს და ქართველი გოგონათი მოხიბლულმა სალემმა ჯერ სამუშაო შესთავაზა კრისტინეს, შემდეგ კი საფრანგეთში ჩაიყვანა და ხელი ეიფელის კოშკის ფონზე სთხოვა.
- მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს პირველად საქართველოში შევხვდით, სამედიცინო კონგრესზე იყო ჩამოსული. თავიდან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მისი მხრიდან ყოველთვის დიდ პატივისცემას ვგრძნობდი. ერთხელაც თავის სამედიცინო კომპანიაში მუშაობის დაწყება შემომთავაზა, მეც დავთანხმდი, რადგან ასეთ გამოცდილებას ესთეტიკურ სფეროში, საქართველოში ვერ მივიღებდი და თან, მოგზაურობაც ხომ ძალიან მიყვარს (იღიმის). მოკლედ, მისი წინადადების მიღების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანაში მიწევდა ფრენა ორ კვირაში ერთხელ. ამის გამო ახლობლებს მგონი, გიჟი ვეგონე. ამ დროის განმავლობაში იშვიათად ვხედავდი სალემს, რადგან ყოველთვის დაკავებული იყო, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ხშირ-ხშირად ჩნდებოდა იქ, სადაც არ ველოდი. ზედმეტ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი, ხშირად ვსაუბრობდით; რომელ ქვეყანაშიც უნდა ჩავსულიყავი საქმეების გამო, ყველგან თვითონ მხვდებოდა... მეც სულ ვაკვირდებოდი და აღფრთოვანებული ვიყავი მისით. საბოლოოდ, მივხვდი, რომ შემიყვარდა, მაგრამ მისთვის ეს არ მითქვამს მანამ, ვიდრე თვითონ არ გამომიტყდა...
- როგორც მახსოვს, პედიატრობა გინდოდა. ესთეტიკური მედიცინით სალემის გამო დაინტერესდი?..
- კი, პედიატრობა მინდოდა, მაგრამ ერთი წელია ესთეტიკურმა მედიცინამ გამიტაცა. როცა სალემმა ისეთი სამუშაო შემომთავაზა მედიცინას რომ ეხებოდა, უარი ვერ ვუთხარი. მას მერე ვესწრები მსოფლიო კონგრესებს, დიდ პრაქტიკას ვიღებ და ისე მომწონს ეს სფერო, რომ აღფრთოვანებას ვერ ვფარავ, მომავალში ამ გზას მინდა გავყვე. ამ სფეროში რომ გადმოვინაცვლე, ჩემი მეუღლის დამსახურებაა და ვიცი, ამას არასოდეს ვინანებ...
- რა გითხრა, პირველი დანახვისთანავე შემიყვარდიო? - არა, აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ შევუყვარდი, რაც ჩემს დაწერილ კომპოზიციას მოუსმინა. ამბობს, რომ ამის მერე რაღაც "სხვა" იგრძნო და მიხვდა, რომ ძალიან ღრმა შინაგანი სამყარო მქონდა. დღემდე გიჟდება, როცა პიანინოსთან ვზივარ და ვუკრავ. ყველგან, სადაც კი ჩავდივართ, ინსტრუმენტს მახვედრებს...
- ახლა რომელ ქვეყანაში ხართ?
- კარანტინის გატარება კაიროში გვიწევს. სახლში პიანინო არ ჰქონდა და აქაც მომიტანა სიურპრიზად... მოკლედ, პარიზში მთხოვა ხელი და მეც დავთანხმდი.
- შენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ გადაწყვეტილებას, უცხოელს რომ უნდა გაჰყოლოდი? - პირველად მასზე ჩემს ძმას ვუთხარი. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი მის რეაქციაზე, მაგრამ ისე კარგად და თბილად მიიღო ჩემი საქმრო, რომ სასიამოვნოდ გამაკვირვა. ის ეგვიპტელია და ნახევრად ფრანგიც, ამიტომ განსხვავებული ხასიათი და გარეგნობა აქვს, რაც ძალიან მომწონს. ჩემს მშობლებს, განსაკუთრებით მამაჩემს, რა თქმა უნდა, ქართველი სიძის ყოლა სურდა, მაგრამ როცა შეხვდნენ და დაილაპარაკეს, ჩემი არჩევანით კმაყოფილები დარჩნენ. ძალიან შეუყვარდათ სიძე. მიხვდნენ, რომ კარგი ადამიანია.
როგორც გითხარით, ამჟამად კაიროში ვცხოვრობთ, მაგრამ მისი საქმეებიდან გამომდინარე, ხშირად უწევს ფრენა. საქართველოშიც 4 წელია ჩადის ხოლმე. პარტნიორიც არის ერთ-ერთი ცნობილი ქართული კომპანიის და ქართველებიც ძალიან უყვარს. ამიტომ მისთვის უცხო არ ყოფილა ჩემი ტრადიციები და ქვეყანა.
- როგორ მიგიღო მისმა ოჯახმა? - მეც ძალიან თბილად მიმიღეს. სამწუხაროდ, მშობლები აღარ ჰყავს. 20 წლიდან თვითონ შრომობს და უვლის და-ძმას, ამიტომაა ასეთი მიზანდასახული და შრომისმოყვარე.
- შენი მეუღლის ოჯახის განსხვავებულ ტრადიციებს როგორ შეეგუე?
- გამიმართლა, ჩემს ქმარს საკმაოდ თანამედროვე გაგება რომ აქვს და შორსაა არაბული ტრადიციებისგან, გარშემოც ასეთები ჰყავს, ამიტომ უფრო მარტივად შევეწყვე.
- კაიროზე რას გვეტყვი? როგორი სიტუაციაა ახლა მანდ?
- ძალიან მომწონს, ამოუწურავია და ულამაზესი, ხალხიც ძალზე სტუმართმოყვარე და თბილია. რაც შეეხება კარანტინს, აქაც ისეთივე რეგულაციებია, როგორიც ყველგან, კომენდანტის საათიც მკაცრად არის განსაზღვრული. ხალხიც მშვიდად, ყველანაირი პანიკის გარეშე ეგუება წესებს...
- კერძების კეთება გიწევს?
- ახლა დავიწყე კერძების მომზადება. სხვათა შორის, კარანტინი ამაში ძალიან დამეხმარა, ბევრი რამე ვისწავლე (ძირითადად ის კერძები, რაც ჩემს მეუღლეს უყვარს) და კარგადაც გამომდის, მაგრამ არასდროს მავალდებულებს რამე დავახვედრო, ამას მხოლოდ საკუთარი სურვილით თუ გავაკეთებ.
- სწავლის გაგრძელებას ვეღარ ახერხებ?
- რაც შეეხება ჩემს სწავლას, მეუღლე ყველანაირად მიწყობს ხელს. თვითონაც სამედიცინო (ესთეტიკის) სფეროშია და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. უყვარს სიურპრიზების კეთება და ყოველთვის მანებივრებს...
- სამოდელო სფეროში აქტიურობას უნდა ველოდოთ შენგან?
- ჩემი მეუღლე ამაყობს ჩემი მიღწევებით მსოფლიო კონკურსებზე, მაგრამ მოდელის კარიერაზე აღარ ვფიქრობ, საამისოდ აღარც დრო მაქვს. ძალიან მალე ექიმი ვიქნები და მირჩევნია, ეს დრო სწავლას, პრაქტიკებს მოვახმარო.
- ახლა მეტი დრო გაქვს მუსიკისთვის, არა? კომპოზიციებსაც წერ...
- კი, ასეა. ახალი მუსიკა დაწერე, რამაც სოციალურ ქსელში მოწონება დაიმსახურა - ეს მახარებს...
- ხომ არ ფიქრობ ამ მხრივ კიდევ უფრო განვითარებას?
- ვფიქრობ. სხვათა შორის, მქონდა რაღაც შემოთავაზებებიც მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის, საუნდრეკად რომ გამოეყენებინათ და ამ კუთხითაც ვმუშაობ...
- წარმატებები!
- გმადლობ. ჯანმრთელობას გისურვებთ!
ლიკა ქაჯაია ჟურნალი "გზა"