"ხელისუფლებამ 1%-იანი ბარიერით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ 1%-იანი ბარიერით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო"

"დაქსაქსული ოპოზიცია ვერ იქნება კონკურენტუნარიანი "ქართული ოცნებისთვის". მით უფრო, რომ მათ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე საარჩევნო გეგმა, სტრატეგია და ხედვაც არა აქვთ. ასეთი ოპოზიციის დამარცხება ხელისუფლებას არ გაუჭირდება. ერთიც უნდა ითქვას - ისეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლა, რომლითაც საკუთარივე კოალიციის წევრს, ვაშაძეს უმკლავდებიან, ძალაუნებურად გაფიქრებინებს, ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ იყოს, სხვების სიცოცხლესაც უდიერად მოეპყრობიან"

ელისუფლებას არ სჯერა, რომ ოპოზიციური ძალები მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდებიან, "ოცნების" ლიდერთა აზრით, არჩევნებამდე დარჩენილი ხუთი თვის განმავლობაში კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ "კინო მხოლოდ ახლა იწყება... ყველანი ძალიან გავერთობით". თავად მმართველ გუნდს არც სიის და არც მაჟორიტარების შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია. პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "პროცესი დაწყებულია და სურათი, სავარაუდოდ, ერთ თვეში გამოიკვეთება". ექსპერტების აზრით, პოლიტიკაში ძალიან მწვავე პროცესები დაიწყება. მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას, ვინ შეიძლება წარადგინონ პრემიერობის კანდიდატებად, როგორი იქნება ხელისუფლების გეგმა და რა რესურსებს გამოიყენებენ პარტიები წინასაარჩევნო ბრძოლაში, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ხათუნა ლაგაზიძე: - არა მგონია, ოპოზიციამ მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ საქართველოს მასშტაბით მიაღწიოს შეთანხმებას რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - პოლიტიკური ლიდერების ამბიციები, როგორც ყოველთვის, განსხვავებულია; მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - მაჟორიტარული და პროპორციული სიის ხმები ერთმანეთზეა მიბმული. მაგალითად, თუ სამგორის ოლქში "ნაცმოძრაობა" "ლელოს" მაჟორიტარს დაუჭერს მხარს, შესაძლოა "ნაცმოძრაობამ" პროპორციული სიით ხმები დაკარგოს. როგორ? შეიძლება ამომრჩეველი დაიბნეს, გაბრაზდეს, როდესაც მისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა სხვა პარტიის წარმომადგენლის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღარ მივიდეს საარჩევნო უბანში. ამასთან, მაჟორიტარის აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე დიდად არის დამოკიდებული პარტიული ხმების მოგროვებაც მის მაჟორიტარულ ოლქში. ვთქვათ, მთაწმინდაზე "ევროპული საქართველოს" კანდიდატია ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი. ხომ ლოგიკურია კამპანიის დროს მან ამომრჩეველს "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერისკენ მოუწოდოს? დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ამ ოლქში შედარებით ნაკლებ ხმებს აიღებენ, ვიდრე მაჟორიტარის ყოლის შემთხვევაში. ამიტომაც ეს ყველაზე წონიანი არგუმენტია, რის გამოც ოპოზიცია უარს ამბობს გაერთიანებულ კანდიდატებზე; და მესამე - პარტიების ნაწილს ეშინია, რომ ამომრჩეველმა "ნაციონალებთან" გარიგებაში არ დაადანაშაულოს. ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების ფაქტორიც. მმართველ გუნდს ხელს არ აძლევს გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატები და ყველაფერს გააკეთებს მათი გაერთიანების ჩასაშლელად. შეეცდებიან, რაც შეიძლება ბევრმა წვრილმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და რაც შეიძლება ბევრი მაჟორიტარი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი ოლქებში. ამ ფორმით ოპოზიციური ხმები დაიქსაქსება და ხელისუფლებას მიეცემა ფორა, პირველივე ტურში გაიყვანოს საკუთარი კანდიდატები.

- როგორ მოახერხებს ამას ხელისუფლება?

- სატელიტი პოლიტიკური პარტიების საშუალებით. ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამოვლენ ასპარეზზე.

არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი. წარმოუდგენელია ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ ამ მოკლე პერიოდში შეძლებს საარჩევნო სტრუქტურებისა და ფინანსების იმგვარად მობილიზებასა და ხალხის მხარდაჭერას, რომ არჩევნებზე შედეგი მიიღოს ხელისუფლების ირიბი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე.

- ესე იგი, ოპოზიციურ სპექტრში სრულიად ახალ პერსონებს ვიხილავთ? - ახალი პერსონები არა, მაგრამ ახალი დაჯგუფებები კი შეიძლება ვიხილოთ. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - ხელისუფლებამ 1%-იანი ბარიერის სახით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო. ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის ეს ე.წ. ბარიერი სულაც არ იქნება იოლად გადასალახავი. თითქოს 15 000 ხმის მოგროვება მარტივია, მაგრამ თავად განსაჯეთ, როგორ ჩაიშლება ხმები, თუ არჩევნებში 100 პარტია იბრძოლებს. არ დაგვავიწყდეს, რომ "ოცნებას" თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს, ისევე როგორც "ნაცმოძრაობას", "ევროპულ საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსს", ლეიბორისტულ პარტიას თუ ბურჯანაძეს... ახლა "ლელოც" გამოვიდა ასპარეზზე. წვრილ-წვრილი პარტიებისთვის საიდანღა უნდა დარჩეს ხმები?

არჩევნებში ბევრი წვრილ-წვრილი პარტიის მონაწილეობა მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს. რაც ბევრი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას, მით ნაკლებ დეპუტატს გაიყვანენ ისინი ცალ-ცალკე და მით უფრო იაფი დაუჯდება მათი ყიდვა ხელისუფლებას.

მიკვირს, რატომ აპუტავენ ბუმბულს ერთმანეთს ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარების გამო. რამდენი პარტია გეგულებათ საქართველოში ისეთი, რომელსაც 30 ოლქში კი არა, 6-7 ოლქში, კონკურენტუნარიანზე აღარაფერს ვიტყვი, მეტ-ნაკლებად ცნობილი პირის წამოყენება შეეძლოს? დიდი-დიდი, 3 ან 4-ის. რისი იმედი აქვთ პარტიებს, რომელთა კანდიდატებს მხოლოდ საკუთარი ლიდერშიპი და ოჯახი იცნობს? ვფიქრობ, აქ ქვედინებები უნდა ვეძებოთ.

- რას გულისხმობთ? - თუ შენ აპრიორი წაგებისთვის განწირული კანდიდატების დასახელებას ცდილობ, ესე იგი, ვაჭრობ. ვაჭრობის თემა ძალიან აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირერიცხოვანი პარტიები პოლიტიკაში ფულის საკეთებლად არიან.

- თუ ამ მცირერიცხოვანი პარტიების კანდიდატები წაგებისთვის არიან განწირული, რით ივაჭრებენ? - 500 თუნდაც 1000 ხმით, რომელთაც ეს უცნობი კანდიდატები საკუთარი საარჩევნო ოლქის მასშტაბით აიღებენ.

ვინაიდან არჩევნებში ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას, მომგებიანი კანდიდატისთვის შეიძლება 100 ხმაც გადამწყვეტი გახდეს. ასე რომ, იმთავითვე წაგებისთვის განწირული კანდიდატები ვაჭრობის ერთ-ერთი საგანია: ან ვაჭრობის შედეგად პირველ ტურშივე აღარ წამოაყენებენ კანდიდატებს, ან მეორე ტურში აღუთქვამენ მხარდაჭერას ფავორიტ პოლიტიკურ ძალებს, სანაცვლოდ კი ბენეფიტებს მოსთხოვენ.

- ყველაზე დიდი რესურსის მქონე ოპოზიციური პარტიის წევრის ნიკა მელიას ბოლოდროინდელი განცხადებები თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში 6-ის დათმობის შესახებ არ გაფიქრებინებთ, რომ შესაძლოა ოპოზიციამ ვაი-ვაგლახით, მაგრამ მაინც შეძლოს გაერთიანება? - ეს ოპოზიციური ერთიანობისთვის "ნაცმოძრაობის" სერიოზული კომპრომისია. საქართველოს მასშტაბით კი საერთო მაჟორიტარული კანდიდატები აღარ განიხილება სწორედ ზემოხსენებული ფაქტორის გამო, თუ "ნაციონალებს" თბილისის მსგავსად საქართველოს მასშტაბითაც მხოლოდ ოლქების მეოთხედში ეყოლებათ მაჟორიტარები, პარტიულ ანუ პროპორციულ ხმებსაც დაკარგავენ.

- დავუშვათ ოპოზიცია შეთანხმდა და ხელისუფლებამაც ვერ შეძლო ახალი პოლიტიკური ჯგუფების შექმნა. ასეთ ვითარებაშიც კი "ლელო", "დამოუკიდებელი დეპუტატები" და ზვიად ძიძიგური მაინც დამოუკიდებლად იბრძოლებენ. რა სურათს შექმნის ეს? - "ლელო" ის პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც არ სურს "ნაციონალებთან" თამაში დაჰბრალდეს და ამიტომ ემიჯნება ასე მკვეთრად საერთო-მაჟორიტარული კანდიდატების იდეას. თუმცა მგონია, რომ "ლელოს" ლიდერებს შორის გაურკვევლობაა. ზოგი ამბობს, ყველა ოლქში ჩვენი კანდიდატი გვეყოლებაო, ზოგი კომპრომისზე წასვლას შესაძლებლად მიიჩნევს თბილისში. მთელ ამ ამბავში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მაფიქრებს: პოლიტიკური სპექტრის მთელი ყურადღება გადატანილია მაჟორიტარ კანდიდატებზე, თანამდებობების გადანაწილებაზე, ამბიციების მოთოკვა-ვერმოთოკვაზე, ამ დროს კი უყურადღებოდ რჩება ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, ეკონომიკა, სიდუხჭირე, განათლება...

უმუშევრად დარჩენილისთვის, რომელსაც ხვალ შიმშილი ემუქრება, ეს მძიმე საყურებელია. თუმცა, მაგალითად, "ლელომ" რეგიონებში კამპანია უკვე დაიწყო.

- ოპოზიციაში უთანხმოების საგანი მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად პრემიერობის კანდიდატიც გახდა. ამ პოზიციაზე გიორგი ვაშაძის დასახელებას ოპოზიციის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ჯერ კიდევ მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფამ რა ქვედინება დაგვანახა ოპოზიციურ ერთობაში? - გაუგებარია, რამ შეაშინა ეს ხალხი? ასევე გაუგებარია, რატომ გამოიტანეს უკმაყოფილება საჯაროდ, როდესაც გვეუბნებიან, რომ "ოცნების" დამარცხებას მხოლოდ გაერთიანებული ძალებით შეძლებენ? დაქსაქსული ოპოზიცია ვერ იქნება კონკურენტუნარიანი "ქართული ოცნებისთვის". მით უფრო, რომ მათ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე საარჩევნო გეგმა, სტრატეგია და ხედვაც არა აქვთ. ასეთი ოპოზიციის დამარცხება ხელისუფლებას არ გაუჭირდება. ერთიც უნდა ითქვას - ისეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლა, რომლითაც საკუთარივე კოალიციის წევრს, ვაშაძეს უმკლავდებიან, ძალაუნებურად გაფიქრებინებს, ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ იყოს, სხვების სიცოცხლესაც უდიერად მოეპყრობიან.

- საზოგადოების დიდი ნაწილი უკანასკნელ თეთრებს ითვლის. მშიერ ხალხს თავისთავად აგრესია უჩნდება ხელისუფლების მიმართ და გამოსავალს მის შეცვლაში ხედავს. რა იქნება მაშინ, თუ ეს ხალხი დაინახავს, რომ გუნდი, რომელმაც ის შიმშილისგან ვერ იხსნა, ისევ ხელისუფლებაში დარჩება? - ოპოზიცია დღევანდელი სახით ვერა, მაგრამ "ოცნებას" ეკონომიკური კრიზისი მართლაც დიდ პრობლემას შეუქმნის. მმართველ გუნდს ეკონომიკური კრიზისის სახით კლდიდან დაგორებული ქვა მოსდევს. მშიერი ზამთარი და კიდევ უფრო მშიერი გაზაფხული გველის. ერთადერთი ხსნა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ამუშავებაშია. დღეს ქობულეთი და ურეკი "მკვდარია", ტურისტების იმედზე იყვნენ კახეთი, საირმე, ბორჯომი... მთელი საქართველო. თუ ამ სექტორში დასაქმებულები სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში შიმშილის საფრთხის წინაშე დადგნენ, შესაბამისად, ხელისუფლების პოტენციური მოწინააღმდეგეები გახდებიან. ძალიან გართულდება მდგომარეობა, თუ ექსპორტზე ვერ გავა ქართული ხილი და ღვინო: ღვინის ქარხნებს ჯერ ისევ სავსე აქვთ მარაგები, შესაბამისად, ყურძენს ვეღარ შეისყიდიან, რაც კახელი გლეხისთვის დიდი დარტყმა იქნება. თქვენ სწორად შენიშნეთ,

ვთქვათ, გაიმარჯვა "ოცნებამ", სად წავა მშიერი და აგრესიული ხალხი? ალბათ, 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებზე - "ოცნებამ" ოქტომბრის არჩევნები რომც მოიგოს, კორონას გამო ეკონომიკის ჩამოშლას თუ ვერ გაუმკლავდა, მალევე შეიძლება ისეთი მასშტაბური პროტესტი მივიღოთ, რომ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობის წინაშე დავდგეთ.

- ისევ პრემიერობის კანდიდატს დავუბრუნდეთ. გასაგებია, რომ ყველა პარტიას თავისი აზრი აქვს, თუმცა არჩევნების შემდგომ შეთანხმება მაინც მოუწევთ, რა თქმა უნდა, თუ "ოცნებას" დაამარცხებენ. ვინ წარმოგიდგენიათ ოპოზიციის საერთო კანდიდატად? - დასახელება გამიჭირდება. ისეთი კანდიდატი უნდა შეარჩიონ, რომელსაც საზოგადოებაც ენდობა და კრიზისების დაძლევისა და აღმშენებლობის უნარიც აქვს. ასეთი უნარების მქონე რამდენი კანდიდატის დასახელება შეუძლია ოპოზიციას?!

ნახეთ, რამდენს ლაპარაკობენ გახარიაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას "ოცნებაში" მისი მოშორება უნდა, მაგრამ ვერ ახერხებენ. რატომ? იმიტომ, რომ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის გამო ხალხის ნდობის ლიმიტი აქვს. მომავალ პრემიერს, თუ ის ოპოზიციიდან იქნება, სწორედ ნდობის ლიმიტი დასჭირდება, რომლის იმედითაც ხალხი იმ გაჭირვებას მოითმენს, რომლის აღმოფხვრაც ერთ წელიწადშიც ვერ მოხერხდება.

- რატომ უნდათ გახარიას მოშორება, ან თუ ეს სურთ, რატომ ვერ ახერხებენ? - შეიძლება ეჭვიანობენ იმის გამო, რომ ხალხის ნდობის ლიმიტი აქვს. ლაპარაკია დასავლეთის ზეწოლაზეც ირანთან შესაძლო კავშირის გამო. თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს მძიმე ბრალდება ფეიკნიუსი იყოს, რომლის ავტორი შეიძლება "ოცნებაშიც" მოვიძიოთ. ისიც საინტერესოა, სად მიდის "ოცნება", გახარიამ რომ თქვას, 20 ივნისს ბრძანება მე არ გამიციაო და დანაშაულის თავის თავზე აღებით მხოლოდ გუნდს გადაეფარა?!

- თქვენი კოლეგები ხშირად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ეჭვიანობა საკუთარი გუნდის წევრებზე. მას რა უნარების მქონე პრემიერი შეიძლება აძლევდეს ხელს? - თუ ივანიშვილი მართლა ეჭვიანობს საკუთარი გუნდის ლიდერებზე, შეიძლება ხელს აძლევდეს მხოლოდ ისეთი პრემიერი, რომელსაც პოლიტიკური პერსპექტივა არ ექნება და დავალებების ტექნიკური შემსრულებელი იქნება; ხოლო თუ ეჭვიანობა არაფერ შუაშია და მართლა დასავლეთი ითხოვს გახარიას ჩანაცვლებას, "ოცნებას" ისეთი პრემიერის დანიშვნა მოუწევს, რომელიც დასავლეთისთვის მეტად მისაღებია, იმავდროულად, კორონაკრიზისსაც მართავს და არჩევნებისთვისაც მმართველ გუნდს ქულებს შემატებს.

- არჩილ თალაკვაძეზეც იყო საუბარი...

- ის იმ იშვიათთაგანია "ოცნებაში", ვისაც დასავლეთი აღიარებს და ელაპარაკება.

- გახარია წავა თუ დარჩება, "ოცნებას" მაინც მოუწევს წინასაარჩევნოდ ახალი სახეების მოძიება. სად შეიძლება მოიძიონ ისინი? - ახალ სახეებს ჭურში მოიძიებენ. ანუ ისეთებს, რომლებიც მხოლოდ იმას ამოგძახებენ, რასაც ჩასძახებ.

- რამდენად რეალურად გეჩვენებათ ინფორმაცია, რომ "ოცნების" ახალ სახეებში შესაძლოა ეპიდემიოლოგები ვიხილოთ? - რატომაც არა? ვისთან ასოცირდება დღეს წარმატება? ეპიდემიოლოგებმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს. ძალიან ლოგიკურია გამარჯვებასთან ასოცირებული სახეებით "ოცნებამ" ამომრჩევლის გულის მოგება სცადოს. მგონი, სამეულიდან რომელიმე მაინც დათანხმდება ამ შემოთავაზებას. ნიშანდობლივია, რომ ვერსია მათი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საჯაროდ მხოლოდ გამყრელიძემ უარყო. არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნებაში" ახალ სახეებად პაატა იმნაძე და ლევან რატიანი ვიხილოთ. ამომრჩეველი არაერთგვაროვანია: ნაწილს მოეწონება, ნაწილს - არა.

"ჩვენ ვმსჯელობთ სახელ-გვარებითა და პოზიციებით"

გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველოს" ლიდერი: - "ნაცმოძრაობის" ბოლო განცხადებიდან გამომდინარე, ღირსეული ნაბიჯი გადადგეს. საერთო საქმისთვის რაც საჭირო იყო, ის გადაწყვეტილება მიიღეს და ვფიქრობ, შეთანხმდებიან.

- როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები, ვის რამდენი კვოტა ერგება? - ჩვენ კვოტებით არ ვსაუბრობთ. ვმსჯელობთ სახელ-გვარებითა და პოზიციებით, ვინ, სად უკეთესია. ყველა ამომრჩეველს ექნება მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალის არჩევის საშუალება. კიდევ გადავხედავთ გვარებს, თუ სადმე კონკურენცია იქნება და ორ კანდიდატს თანაბარი შესაძლებლობა ექნება, შეიძლება ცალ-ცალკე გამოვიყვანოთ. თუმცა არა მგონია, ეს დაგვჭირდეს.

- პირადად თქვენ რას გეგმავთ?

- მე საერთო პოზიციიდან გამომდინარე ვიმოქმედებ. მაჟორიტარად კენჭისყრა უზარმაზარი შრომა და პასუხისმგებლობაა. თუ ქვეყანას დასჭირდება, ამისთვისაც მზად ვარ. თანამდებობას არასდროს გავკიდებივარ. ჩემთვის მთავარი ერთიანობაა.

- პრემიერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება როგორ წარმოგიდგენიათ, მით უმეტეს, როდესაც "ნაციონალებმა" თქვენი კანდიდატურა დაიწუნეს? - ამაზე მსჯელობა უკვე გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ფორმატში უნდა გაიმართოს. როცა ამის დრო მოვა, ამაზეც აუცილებლად ვიმსჯელებთ.

- პრაიმერის იდეას თუ ემხრობით? - ვეთანხმები. ყველამ დაასახელოს თავისი პრემიერობის კანდიდატი და შემდეგ პრაიმერით გაირკვეს, ვის აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა და ისე შეირჩეს კანდიდატი.

- თუ ოპოზიციაში ვერ მოხერხდა სრული კოორდინაცია, თქვენ რას გეგმავთ?

- ამდენი პარტიაა და ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ როგორც 8 მარტის შეთანხმებაზე მოვიპოვეთ გამარჯვება, ასევე მოვიპოვებთ გამარჯვებას მაჟორიტარებზეც. მთავარია, წინ ვაყენებთ იმას, რაც ხალხს უნდა და არა რომელიმე პარტიას.

"აუცილებელი არ არის 30-ვე ოლქზე შეთანხმება"

გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" ლიდერი: - მალე თბილისის მაჟორიტარების საკითხზე შევთანხმდებით, შემდეგ რეგიონებზეც ვიმსჯელებთ. ყველას გვესმის, რომ ივანიშვილმა 30 მაჟორიტარი პრინციპულად დაიტოვა. ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, რათა "ოცნებას" არ მივცეთ ამ 30 მაჟორიტარით ამოყირავების საშუალება.

- "ნაციონალებმა" დაასახელეს 2 ოლქი, რომელთა დათმობასაც აღარ აპირებენ. რას აპირებს "ევროპული საქართველო", ვის წარადგენს თბილისის ოლქებში?

- რთული გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ კოლეგიალურობა მოითხოვს კონსულტაციების გავლას, ვინ სად იქნება. თითოეული ოლქი 3 ან 4 მუნიციპალიტეტისგან შედგება. შესაბამისად, უნდა წარვადგინოთ ისეთი მაჟორიტარი, რომელსაც ხალხი იცნობს.

ბუნებრივია, ყველა პარტიას შეუძლია არჩევნებზე მარტო გავიდეს, რაც, ჩემი აზრით, მისასალმებელია კიდეც - რაც უფრო მრავალფეროვანი არჩევანი ექნება ამომრჩეველს, მით უფრო ადვილად ამოირჩევს სასურველ კანდიდატს. ვფიქრობ, ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლის აქტიურობა რეკორდულად მაღალი იქნება.

- რამდენ კვოტას ითხოვს თბილისში "ევროპული საქართველო"?

- ამას გეტყვით მაშინ, როდესაც კონსულტაციები დასრულდება.

- პატარ-პატარა პარტიებზე რას იტყვით?

- იმის გათვალისწინებით, რომ ბარიერი 1%-იანია, პატარა პარტიისთვის პროპორციული ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ რა სურათსაც მივიღებთ, საზოგადოებისთვის მისაღები იქნება.

- პრემიერობის ერთიან კანდიდატზე როგორ წარმოგიდგენიათ შეთანხმება? - ვფიქრობ, სხვადასხვა პარტიას პრემიერობის ერთიანი კანდიდატი წინასაარჩევნოდ არ ეყოლება. პარტიებს, ბლოკებს, ყველას თავიანთი ეყოლებათ და არჩევნების მერე ვინც უმრავლესობას შეკრავს, პრემიერზეც შესაბამისი კონტექსტის გათვალისწინებით შეთანხმდებიან. თუ რომელიმე პარტია ერთპიროვნულად მოიგებს არჩევნებს, მთავრობასაც ის დააკომპლექტებს, მაგრამ ალბათობა იმისა, რომელიმე პარტიამ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა, ნულის ტოლია.

- თუ მაჟორიტარებზე ვერ მოხერხდა მოლაპარაკება, რას აპირებს "ევროპული საქართველო"? - შეთანხმება პრაქტიკულად შემდგარია. ეს "ნაციონალების" განცხადებამაც დაადასტურა.

- მოლაპარაკებაში კიდევ ბევრი პარტია მონაწილეობს, რომლებსაც ჯერ თავიანთი აზრი არ დაუფიქსირებიათ. - დარწმუნებული ვარ, ყველაფერზე შევთანხმდებით. აუცილებელი არ არის 30-ვე ოლქზე შეთანხმება. ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია...

"ჩვენ ვიმსჯელებთ, ვინ იქნება ოპოზიციის კანდიდატი"

ზაალ უდუმაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი: - ჩვენ მნიშვნელოვანი განცხადება უკვე გავაკეთეთ - მთავარი ოპოზიციური ძალა თბილისის მაჟორიტარული ოლქების თითქმის 80%-ზე უარს ამბობს. თბილისში 6 ოლქი სამართლიანად უნდა გადანაწილდეს. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელთაც ძლიერი კანდიდატი ჰყავთ, თბილისში წარმოდგენილი უნდა იყოს. იმედია, ოპოზიციური პარტიები შეძლებენ შეთანხმებას და თბილისში წარვადგენთ ერთიან ძლიერ გუნდს.

- რეგიონულ ოლქებში რამდენ კვოტას მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობა"?

- წარმოუდგენელია 30-ვე ოლქზე ასეთი შეთანხმება თუნდაც იმ მიზეზით, რომ ზოგიერთ ოლქს თავისი სპეციფიკა აქვს. ზოგიერთ რეგიონში შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს რამდენიმე კანდიდატის წარდგენა, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ რომელიმე პარტიას ჰყავს ძლიერი კანდიდატი მაჟორიტარულ ოლქში, ჩვენ არ წამოვაყენებთ კანდიდატს. საკონსულტაციო მაგიდასთან გამოჩნდება, ვინ არის მზად, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მოხდეს შეთანხმება.

- პრემიერობის ერთიან კანდიდატზე როგორ აპირებთ შეთანხმებას? - არა მგონია, საზოგადოებას აინტერესებდეს, ვინ იქნება ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი. ამას თავისი დრო და შერჩევის წესი აქვს. ამაზე ვიმსჯელებთ დიდი ოპოზიციის ფორმატში თუ არა, გაერთიანებულ ოპოზიციაში მაინც.

- გიორგი ვაშაძის კანდიდატურას მაშინაც დაიწუნებთ? - ჩვენ ვიმსჯელებთ, ვინ იქნება ოპოზიციის კანდიდატი.

- პრაიმერზე რას ფიქრობთ? - პრაიმერი დიდ რესურსსა და დროს მოითხოვს. არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ის ხალხთან სასაუბროდ უნდა გამოვიყენოთ. შემდეგ ხალხი გვიკარნახებს, ვინ უნდა იყოს პრემიერი.

"ჩემს პარტიას ჯერ არ უთქვამს, რამეს ვთმობთ თუ არა"

თაკო ჩარკვიანი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე:

- რას ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, ხმებს დავთმობთო? ვის ხმებს თმობენ, ამომრჩევლის? ხმები ბურჯანაძესა და ბოკერიას უნდა აჩუქონ?

- რას აპირებთ, რა ბედი ეწევათ პატარ-პატარა პარტიებს? - წვრილი პარტია არ არსებობს. აგერ ბოკერიას ეგონა, რომ მსხვილ პარტიას წარმოადგენს, მაგრამ ნახეთ, როგორ დაიწია მისმა რეიტინგმა. ამას არჩევნები აჩვენებს და ისიც გამოჩნდება, ვინ რას თმობს... არავინ არ დაიჩაგრება.""ძალა ერთობაშია" მიიღებს გადაწყვეტილებას. ბოკერიამ განაცხადა, პრემიერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" უნდა იყოსო და გიორგი ვაშაძის კანდიდატურა იმიტომ დაიწუნეს. მას არ აწყობს პრაიმერი, ხალხის ჩართულობის გარეშე სურს პრემიერობის კანდიდატის შერჩევა. პირადად მე ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა კოლეგები დავარწმუნო, რომ უკეთესი ხალხის ჩართულობა იქნება.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ საკითხზე ჩემს პარტიას ჯერ არ უთქვამს, რამეს ვთმობთ თუ არა. არც ერთი მანდატის დათმობას არ ვაპირებ პუტინის სასარგებლოდ - ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა საქართველოსთვის.

ხათუნა ბახტურიძე