"შესაძლოა ზოგიერთ ოლქში კომპრომისზეც წავიდეთ" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა ზოგიერთ ოლქში კომპრომისზეც წავიდეთ"

"ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, მოლაპარაკებები, ერთმანეთის სიყვარული და შემდეგ მტრად მოკიდება - ეს კინო ბევრჯერ მინახავს"

პოლიტიკური პარტია "ლელო" ოპოზიციურ ერთობას არ შეუერთდება და ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენას აპირებს. "ჩვენ გვაქვს ჩვენი ფერი, ჩვენი იდეოლოგია, პროგრამა და დამოუკიდებლად გავალთ არჩევნებზე... ჩვენი კარი ღიაა "ოცნების" ხალხისთვის, ვინც მართლა სული და გული ჩადო და შეცვალა წინა ხელისუფლება, ასევე, ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ "ევროპული საქართველო", - ამბობს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. რატომ ემიჯნება "ლელო" ოპოზიციის შეთანხმებას, რისთვის იბრძვის ეს გუნდი, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება.

- ჩვენ დაფუძნების დღიდან ვამბობთ, რომ დამოუკიდებელი ძალა ვართ და დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებზე. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ.

- ამ დათქმის მძევალი ხართ თუ სხვა ობიექტური მიზეზი გაქვთ, რომ მაჟორიტარ კანდიდატებთან შეთანხმებაზე უარი თქვათ?

- ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის მოვედით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ორპოლუსიანობა და ქართველ ამომრჩეველს შევუქმნათ ალტერნატივა. ჩვენ ქართულ პოლიტიკურ რუკაზე გავაჩინეთ ახალი ფერი - ყვითელი. ჩვენი მიზანია შევქმნათ ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ახალი თაობის ფორმირებას... შესაძლოა ზოგიერთ ოლქში კომპრომისზეც წავიდეთ. იმ დიდ იდეას, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა ჰქვია, ჩვენი კონტრიბუცია თუ დასჭირდება, მზად ვართ. თუმცა ვრჩებით დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად დამოუკიდებელი საარჩევნო სიებით, სტრატეგიით.

- პოლიტოლოგები ხშირად სვამენ კითხვას, რა უნდა "ლელოს", რისთვის იბრძვის, პარლამენტის მანდატისთვის, რომ შემდეგ საკუთარი ბიზნესის ლობირება შეძლოთ, თუ ქვეყანაში რეალური ცვლილებები? - ჩემი და ბადრის მიზანი პარლამენტის მანდატი არასდროს ყოფილა. ათი წლის წინაც შეგვეძლო დეპუტატები გავმხდარიყავით, მაგრამ არც გვიფიქრია. პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავით და ვართ, რომ ადამიანი პოლიტიკაში საკუთარი ბიზნესის დასაცავად მოვიდეს. როდესაც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტეთ, გადავჭერით ყველა ხაზი, რაც ბიზნესთან გვაკავშირებდა. არც ერთი კომპანიის მართვაში აღარ ვერევით. მთელი ჩვენი აქციები ახლა საერთაშორისო ტრანსში გადადის, რათა კავშირი აღარ გვქონდეს ბიზნესთან... ზოგიერთისგან განსხვავებით, ჰაერზე არ ვლაპარაკობთ. უკვე გვაქვს საქმის კეთების გამოცდილება. საკითხავი ის უფროა, ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს რა უნდათ პოლიტიკაში? ქვეყანა ძილში რაც შეიძლება დიდხანს უნდა ამყოფონ?

- ოპოზიციურ ერთობაში შექმნილ რეალობას როგორ შეაფასებთ? - ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, მოლაპარაკებები, ერთმანეთის სიყვარული და შემდეგ მტრად მოკიდება - ეს კინო ბევრჯერ მინახავს. 30 წელია ამას ვუყურებ. ჩვენ აღარ გვინდა ერთ წრეზე სიარული.

- თქვენ თქვით, რომ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის ინტერესი პირადზე წინ დაეყენებინოს. თქვენ როგორ აპირებთ არაერთხელ იმედგაცრუებული ამომრჩევლის გულის მოგებას? - არავის გულის მოგებას არ ვაპირებთ. ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელიც სამართლიან პოლიტიკურ გარემოს შექმნის. სწორედ ამ მიზნით მივუსხედით ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდას. შერეულ პროპორციულ სისტემაზე, 2024 წელს კი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ამის ერთ-ერთი გარანტიაა.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ განსაკუთრებული ვართ, ჩვენ ვამბობთ, რომ სისტემა უნდა შევცვალოთ და ხელისუფლებაში მოსული ძალა ცდუნებაში არ ჩავაგდოთ.

- თუმცა ოპოზიციის ულტიმატუმმა, გათავისუფლდეს ნიკა რურუა, შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებას კითხვის ნიშანი დაუსვას. - თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება, პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება. "ქართულ ოცნებას" საკმარისი ხმები აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმების გარეშე გაიტანოს კანონი. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას არა მარტო შიდაპოლიტიკურ ბაზარზე, არამედ ჩვენი დასავლელი მეგობრების თვალშიც.

- "ქართული ოცნების" დასამარცხებლად ყველაზე ეფექტიან ფორმულად რა მიგაჩნიათ? - ამომრჩეველს შევახსენებთ, რას დაგვპირდა "ოცნება" და რა გაგვიკეთა... მთელი 8 წლის განმავლობაში არ გაზრდილა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე. სამაგიეროდ, სამჯერ გაიზარდა საგარეო ვალი, სოფლის მეურნეობა საშინელ დღეშია, მიწების მხოლოდ 20%-ია დამუშავებული, ტურისტული ინდუსტრია ჩამოშალა... ამ ხელისუფლებამ კრიზისულ ვითარებას თავი ვერ გაართვა.

ანტიკრიზისულ გეგმად შემოგვასაღეს სოციალური დახმარება. ხალხმა აღარ უნდა დაუჯეროს მათ, ვინც უკვე არაერთხელ გააცურა.

- თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში შექმნილ კრიზისს, დანაპირების შესრულება თქვენც ხომ არ გაგიჭირდებათ? - ჩვენ არ გავცემთ ისეთ დაპირებას, რომლის შესრულების თავი არა გვაქვს. მე და ბადრი ისეთი სამყაროდან მოვედით, სადაც სიტყვას დიდი ფასი აქვს... ერთ კაცსაც ვერსად ნახავთ, ვინც იტყვის, რომ სიტყვა პირობისა და ხარისხის შესაბამისად არ შემესრულებინოს. ბიზნესში გაცილებით მკაცრი პასუხისმგებლობაა, ვიდრე პოლიტიკაში.

ჩვენ გვინდა სიტყვას ფასი დავუბრუნოთ, ხარისხი სტანდარტად ვაქციოთ. გვინდა ქვეყანას სწორი დიაგნოზი დავუსვათ და შესაბამისად ვუმკურნალოთ.

ხათუნა ბახტურიძე