"მოპარული სიყვარული" - კვირის პალიტრა

"მოპარული სიყვარული"

"წიგნისთვის ფრაზებს ყველგან ვეძებდი, ვესაუბრებოდი ადამიანებს და თან ამ ფრაზებს ფურცლებზე ვინიშნავდი. ასე გამოიცა "მოპარული სიყვარული", რომელიც მაშინვე გაყიდვადი წიგნების ათეულში მოხვდა"

გრძელდება პროექტი, რომლის საშუალებით მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად პოპულარული ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულების წიგნებს მიიღებს. ეს პროექტი კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის დროს დაიწყო. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელის ანანო თავხელიძის განცხადებით, როდესაც საქართველოში წიგნის შეძენა შეუძლებელი გახდა, არადა, მკითხველი წიგნებს ითხოვდა, გამომცემლობამ გადაწყვიტა წიგნი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ამისთვის კი გამომცემლობა "პალიტრა L" და პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულები შეიკრიბნენ და მკითხველისთვის ჟურნალ "გზასთან" ერთად გამარჯვებული ბესტსელერების მიწოდება გადაწყვიტეს. ამჯერად მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად წაიკითხავს თინათინ ბერიძის საინტერესო და სულმოუთქმელად საკითხავ რომანს "მოპარული სიყვარული".

როდესაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებმა მწერალმა კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გაიმარჯვა, ჟიურის წევრები წერდნენ: "მის წიგნში არის ყველაფერი, რაც მას საკითხავად აქცევს: ინტრიგა, ამბის დინამიკა, თხრობის სისადავე და სიუჟეტის სიმსუბუქე. ავტორს არც სითამამე აკლია, არც გონებამახვილობა და არც კეთილგონიერება, რათა იყოს დამაჯერებელი და საინტერესო... ჩვენ თვალწინ თამაშდება ინფორმატიკული მელოდრამა. ვირტუალური სივრცე მტვერსასრუტივით ისრუტავს ობიექტური რეალობის ნამსხვრევებს და შემდეგ ეს ვირტუალური სივრცე ობიექტურ რეალობად გადაიქცევა. და ბოლოს: დასაწყისში იყო სიტყვა! სამი სიტყვა, რომელმაც შეცვალა გმირების ცხოვრება!"

ეს კი მართლაც ასე იყო: ყველაფერი, როგორც ამ საინტერესო წიგნის ავტორი ამბობს, სოციალურ ქსელში "ნაპოვნი" სიტყვებით დაიწყო!

თინათინ ბერიძე: - ერთ დღეს ინტერნეტში დამაინტრიგებელ სტატუსს წავაწყდი. სულ სამი სიტყვა ეწერა: "მე ფეხმძიმედ ვარ" და მერე ასეთი რამ: "მისწერე ეს სიტყვები ნებისმიერ ტელეფონის მფლობელს მესიჯად და დაელოდე!". ჩვენ ხშირად არ ვუფიქრდებით, რა ძალა აქვს სიტყვას, მე კი იმ მომენტში იმ განწყობაზე ვიყავი, რომ დავფიქრებულიყავი, რა გავლენას მოახდენდა ეს სამი სიტყვა იმ ადამიანებზე, რომლებიც მას მესიჯად მიიღებდნენ. ასე რომ, ერთ დღეს, როდესაც მეგობრებთან ვიყავი, სწორედ ეს თემა განვიხილე და უცებ ერთმა მეგობარმა მითხრა, მოდი, ამაზე დაწერე რამეო. ეს ხუმრობით მითხრა, რადგან იცოდა ჩემი ფანტაზიის ამბავი. ისე კი არასოდეს არაფერი დამიწერია. არც სპეციალობით ვარ მწერლობასთან მიახლოებული - ფინანსების სპეციალისტი ვარ. მოკლედ, ამ ხუმრობამ ჩაიარა, მაგრამ ამ სიუჟეტმა არ მომასვენა, სულ მიტრიალებდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა "პალიტრა LL"-ის კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" და კონკურსის პირობისამებრ სწორედ ამ ამბის პირველი გვერდები გავგზავნე. ვერ მოვისვენე, ის არ ამესახა, რაც ჩემს გულში ხდებოდა, მაგრამ არ ველოდი, თუ რაიმე განსაკუთრებული მოხდებოდა.

- ამასობაში ბესტსელერის ავტორი გახდი. - ეს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დამსახურებაა. მთელი კონკურსის განმავლობაში ჩემ გვერდით იდგნენ და კიდევ მოწვეული ლიტერატორები, რომელთა ყოველი სიტყვა ჩემთვის ხელის გამოწვდენა იყო, რათა მეწერა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ბესტსელერი შემდგარიყო. წიგნისთვის ფრაზებს ყველგან ვეძებდი, მათ შორის სამსახურშიც - ვესაუბრებოდი ადამიანებს და თან ამ ფრაზებს ფურცლებზე ვინიშნავდი. ასე გამოიცა "მოპარული სიყვარული", რომელიც მაშინვე გაყიდვადი წიგნების ათეულში მოხვდა.

- დარწმუნებული ვარ, მკითხველი ამ ბესტსელერის წაკითხვით ისიამოვნებს - ჩვენს გაუხეშებულ სამყაროში არც კი ელი, იმდენად შეგძრავს წიგნში აღწერილი დრამა.

- ამ წიგნის გმირების ისტორია ზუსტად იმ საბედისწერო სიუჟეტით იშლება - იმ სამი სიტყვით განვითარებული სიუჟეტით, რამაც დამაინტრიგა. ჩემი გმირი გოგონა კრეფს ამ სიტყვებს და სრულიად უცნობ ნომერზე გზავნის. ეს კი არა მარტო მის ცხოვრებას ცვლის, არამედ იმის ცხოვრებასაც, ვისაც მესიჯი გაუგზავნა. ჩემი წიგნის გმირი ქალი ბათუმელია, ვაჟი კი თბილისელი. ის ერთ-ერთი ის რიგითია მათ შორის, ვინც დღევანდელი დღით ცხოვრობს, მაგრამ დილით ტელეფონზე მესიჯს წაიკითხავს, მისი ცხოვრება იცვლება. ცვლილება იმით იწყება, რომ ბათუმში მიდის გოგონას სანახავად. ამის მერე მოდის საერთო ტკივილი, საერთო სიხარული, რაც ამ ორს კიდევ უფრო აერთიანებს. ეს სულიერი სიყვარულია, რომანტიკული სიყვარული, რომლის დრო, ჩემი აზრით, კი არ დამთავრებულა, ახლა მოდის. ჩვენ ველით დროს, როდესაც სწორედ ასეთი სიყვარული იქნება აქტუალური, რომელიც რომანტიზმითა და სულიერებით არის სავსე.

- ასე არავინ მოგწერდა, თუ აღწერილი ამბავი მართლაც არ განიცადა. მისი მომავალი მკითხველიც უეჭველად დიდ საჩუქარს მიიღებს ამ წიგნით - გახდეს იმ სამყაროს თანაზიარი, რომელიც ყველაზე მშვენიერი გრძნობით არის სავსე.

- გამიხარდება... მე კი ადამიანური სიყვარულის დიდი ძალა ძალიან კარგად შევიგრძენი მაშინ, როდესაც ამ წიგნს ვწერდი. როდესაც მკითხველი გვერდით მედგა და მეუბნებოდა, რომ წერა გამეგრძელებინა.