რას აცხადებენ ბათუმის მერიაში კომპანიაზე, რომლის სამშენებლო სამუშაოების დროს მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რას აცხადებენ ბათუმის მერიაში კომპანიაზე, რომლის სამშენებლო სამუშაოების დროს მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანია, რომლის სამშენებლო სამუშაოებიდანაც მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალურმა ინსპექციამ იანვარში 30 000 ლარით დააჯარიმა.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობს.

"მიმდინარე წლის 7 ივნისს ქ. ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 85 არსებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობის პროცესის დროს მე- 16 სართულიდან გადმოვარდა მშენებლობაზე დასაქმებული მუშა. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს ,, სი ემ სი მეზღვაური". აღნიშნული კომპანიის მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ,მიმდინარე წლის იანვრის თვეში, დაწყებულია სამშენებლო ადმინისტრაციული სამართალწარმოება უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, სამართალწარმოების ფარგლებში აღნიშნული კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა 30 000 ლარით და მიმდინარეობს საქმისწარმოება. არსებული 477 და 361 საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ინსპექცია შესაძლებლობას მოკლებულია სამუშაოების შეჩერება მოითხოვოს“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ცნობისთვის, ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"