"21 წელია, რაც ქმარს გავშორდი და ამის მერე აღარც მიცდია ოჯახის შექმნა" - კვირის პალიტრა

"21 წელია, რაც ქმარს გავშორდი და ამის მერე აღარც მიცდია ოჯახის შექმნა"

"ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოცდილება იყო გიორგი შენგელაიას "მიდიოდა მატარებელი". რამდენი წიგნიც უნდა წამეკითხა, რომელ ლექციასაც უნდა დავსწრებოდი, ვერსად ვისწავლიდი იმას, რაც ამ ბუმბერაზი მსახიობებისგან ვისწავლე"

დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი მსახიობი ნატუკა გულისაშვილია. საუბარი მსახიობის ცხოვრებისა და კარიერის მნიშვნელოვან ეპიზოდებს შეეხება.

- ბედნიერი ვარ, რომ მყავს საამაყო წინაპრები. მათი სახელი, ავტორიტეტი დღემდე არ მაძლევს შეცდომის უფლებას. ყველაფერი ოჯახიდან მოდის. ისე ვიზრდებოდი, არ ვიცოდი, რა იყო აგრესია, ხმამაღალი ლაპარაკი... დღემდე ამ ფასეულობებით ვცხოვრობ.

შეიძლება ეს ვიღაცისთვის ძველმოდურია, ჩემთვის კი - მარადიული.

- დედისერთა ხართ?

- მყავდა ძმა დედას პირველი ქორწინებიდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჩემზე 16 წლით უფროსი იყო. 10 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და მას შემდეგ ძმა მედგა გვერდით. ის ჩემთვის ძმაც იყო, მამაც, დამრიგებელიც. მამის

მხრიდან კახელი ვარ, დედის მხრიდან - ქართლელი. მამა მეღვინე იყო. მათი დამსახურებაა, მიწასთან, მცენარეებთან ურთიერთობა რომ მიყვარს. არც პანდემიის პერიოდში დამიკარგავს დრო ფუჭად - აივანზე კიტრი და პომიდორი გავახარე.

ბავშვობიდან მინდოდა ხელოვნებასთან, სცენასთან მქონოდა ურთიერთობა. ვოკალური სკოლა დავამთავრე. ნოდარ ანდღულაძესთან ვსწავლობდი.

თეატრალურ ინსტიტუტში სწავლაც მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რაც უნდა მოვინდომო, მაინც ვერ მოვხვდები, იქ მხოლოდ გამხდარი, ქერათმიანი და მაღალფეხება გოგონები სწავლობენ, მე ვინ მიმიღებს-მეთქი. მიუხედავად ამისა, არ მინდოდა ბრძოლის გარეშე დანებება და მაესტროს ვუთხარი, ბედს ვცდი, თეატრალურში გამოცდებს ჩავაბარებ-მეთქი...

გამოცდებამდე ორი კვირით ადრე ჩუტყვავილა დამემართა. გამონაყარის გამო გამოცდაზე გრძელი, კოჭებამდე კაბითა და ყელამდე შეკრული პერანგით გავედი და... ჩავაბარე. მოკლედ, ვოკალი განზე გავწიე - ვაღიარებ, ჩემი სიზარმაცის გამო, რასაც დღემდე ვნანობ.

- ვინ იყვნენ თეატრალურ ინსტიტუტში თქვენი ჯგუფელები? - ზუკა პაპუაშვილი, გოგოლა კალანდაძე, ბაკურ ბურდული... ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა. სიყვარულიც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას მეწვია... ჩემი და ჩემი ყოფილი მეუღლის ურთიერთობა ძალიან სასაცილო იყო. ის ჩემი ბავშვობის მეგობართან ერთად სწავლობდა პოლიტექნიკურში. მეორე კურსზე ვიყავი, როცა გავთხოვდი. სპექტაკლებს ფეხმძიმეც კი ვთამაშობდი. რომ არა დედაჩემის დიდი ხელშეწყობა, ალბათ, თეატრალურს ვერ დავამთავრებდი.

21 წელია, რაც ქმარს გავშორდი და ამის მერე აღარც მიცდია ოჯახის შექმნა. ყოველთვის ვამბობდი, - როცა ადამიანს რაღაც აწყენს, ის აღარ უნდა შეჭამოს, თუმცა მერე გვავიწყდება ხოლმე გადატანილი... გაგრძელება