"კახი ჩემზე 2 წლით უფროსია და ამის გამო, მთელი ცხოვრება მეუფროსება" - რას ყვება კახი კავსაძის ძმა? - კვირის პალიტრა

"კახი ჩემზე 2 წლით უფროსია და ამის გამო, მთელი ცხოვრება მეუფროსება" - რას ყვება კახი კავსაძის ძმა?

ბავშვობაში ძმები მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდნენ, სტიპენდიასაც იღებდნენ, მაგრამ მალე გაირკვა, ისინი "ხალხის მტრის" შვილები იყვნენ და სასწავლებელი დაატოვებინეს... "კახი ჩემზე 2 წლით უფროსია და ამის გამო, მთელი ცხოვრება მეუფროსება", - დღეს უკვე ღიმილით ამბობს იმერი კავსაძე. ყველასთვის საყვარელ მსახიობს 5 ივნისს 85 წელი შეუსრულდა. ცნობილი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის უმცროსი ძმა, იმერ კავსაძე, საოპერო მომღერალი და ცნობილი ხელოვანია. ის წლების განმავლობასი პოლონეთში, კრაკოვის თეატრის სოლისტი გახლდათ.

იმერ კავსაძე მათი ძმობის ამბავზე, წარსულზე, დღევანდელობაზე, დიდ ტკივილსა და სიყვარულზე ბატონი კახის ძმა გვესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კახის იუბილემ კარგად ჩაიარა, რამდენიმე ტორტი მიართვეს, იყო უამრავი ზარი და მილოცვა. 85 წელი ისეთი თარიღია, ადამიანმა თავის ცხოვრებას უნდა გადახედოს. კახი შემართებითაა, ფეხზე ტრავმა ჰქონდა, ეს პრობლემა მოგვარდა, ახლა გაცილებით უკეთესადაა, თავს კარგად გრძნობს..."

ძმები ფილმ 'დონ კიხოტის' გადაღებისას

"ბავშვობაში ხშირად ერთად ვიყავით, ზღვაზე ზაფხულობით ერთად დავდიოდით. ჩვენთვის უცხო იყო ფუფუნება, ღამით თავის დასადები ადგილის მეტი, არაფერი გვინდოდა. კარგ დროს ვატარებდით. კახის ისეთი აღნაგობა ჰქონდა, ასაკთან შედარებით, ყოველთვის უფროსად გამოიყურებოდა. სკოლაში რომ სწავლობდა, ამბობდა, სტუდენტი ვარო და მის ნათქვამში ეჭვი არავის შეჰქონდა..."

"ზაფხული იყო, ზღვაზე დასასვენებლად ვიყავით. ბუნებრივია, კახი იქაც დიდობდა, დადიოდა პლაჟზე რუს გოგონებთან და თურმე, სიგარეტსაც აბოლებდა. ეს რომ გავიგე, სიგარეტი დავუმალე და ამის გამო გამლახა..." იმერ და კახი კავსაძეები ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ბატონი იმერი ჰყვებოდა:

"კახი ჩემთან შედარებით ყოველთვის მაღალი იყო, მეგობარიც ყველა ასეთივე ჰყავდა. ამიტომ, მათთან შედარებით თავს პატარად ვგრძნობდი. კახი თითქოს ყოველთვის ჩემი მფარველი იყო. ერთხელ სკოლაში მომივიდა უსიამოვნება კლასის ერთ-ერთ დაჯგუფებასთან. კახისთან მივედი და შევჩივლე. სამი ბიჭი მოვიდა და კლასში რომ შემოვიდნენ, გადაირივნენ ამოდენები ვინ არიანო და ხელად ჩაწყნარდნენ. იმის შემდეგ, იმ დაჯგუფებას ჩემთვის უბატონოდ ხმა არ გაუცია".

იხილეთ ასევე: "ბელა იყო ჩემი სულიერი დასაყრდენი, ისიც რომ წავიდა, დავრჩი მარტო..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 11 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე