"დიდი ხნის უნახავი მამა იდგა მეტროსთან! გავიქეცი მისკენ პატარა ბავშვივით... მან ზურგი მაქცია და წავიდა" - კვირის პალიტრა

"დიდი ხნის უნახავი მამა იდგა მეტროსთან! გავიქეცი მისკენ პატარა ბავშვივით... მან ზურგი მაქცია და წავიდა"

"ყველა პრობლემა მაინც, მამაჩემის სახელს უკავშირდება..."

ჩემი რესპონდენტი ამჟამად ბათუმში ცხოვრობს და ორ გვარს ატარებს. ზურა ხუციშვილი-ბოხუა იმ ადამიანების თაობას ეკუთვნის, რომელსაც დაკარგულს ვეძახით, თუმცა ზურამ გაუძლო საავდრო ღრუბლებივით მის თავზე შეკრებილ ყველა პრობლემას. როგორ გაუძლო?! გაუმართლა და დედა ჰყავდა მუდამ გვერდით!

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი ცხოვრებაც მუდამ რთულდებოდა, მაგრამ ამას არასოდეს ვიმჩნევდი. ბევრი საინტერესო რამ და ტკივილიც გადამიტანია. ათი წლის ვიყავი, როდესაც ჩვენს ოჯახში მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. მამამ თითქოს ჩვეულებრივად გაიხურა კარი და წავიდა ჩვენგან. ეს არის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არ იყო შუქი, წყალი და ალბათ, არავისთვის არის გასაკვირი, ცხოვრება რომ ჭირდა..."

"არ მავიწყდება, ჩემი პირველი სერიოზული გალაშქრება უსამართლობის წინააღმდეგ მაშინ მოხდა, როდესაც დედას ერთ-ერთმა სამსახურის უფროსმა ხელფასი არ მისცა. ხელფასთან დაკავშირებით სერიოზულად დაველაპარაკე და ვხედავდი, "შეფს" თვალები როგორ უფართოვდებოდა მოულოდნელობისგან! აი, სწორედ მაშინ შემიყვარდა ეს ფრაზა, თუ კარიდან არ გიშვებენ ფანჯრიდან უნდა შეხვიდეო..."

"დილით სკოლაში მივდიოდი. დიდი ხნის უნახავი მამა იდგა მეტროსთან! როდესაც გავიქეცი პატარა ბავშვივით, რომ მივსალმებოდი, მან ზურგი მაქცია და წავიდა. ვერ აგიხსნით, მაშინ რას ვგრძნობდი. ჩავთვალე, რომ არავინ ვიყავი და არავინ იყო ჩემთვის... ვფიქრობდი, სამყარო დასრულდა, ამოიწურა სიკეთის ბოლო წვეთი, ჩაქრა უკანასკნელი მანათობელი სხივი და ამან საშინლად იმოქმედა ჩემზე. ნერვიულობის ფონზე წელს ქვემოთ მოვწყდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 11 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

როლანდ ხოჯანაშვილი