რა სახის დახმარებას სთავაზობს ამირან გამყრელიძე სომხეთს? - კვირის პალიტრა

რა სახის დახმარებას სთავაზობს ამირან გამყრელიძე სომხეთს?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სომხეთს კორონავირუსზე მათი მოქალაქეების ანალიზების გამოკვლევას ლუგარის ლაბორატორიაში სთავაზობს, ასევე მზადაა, მეზობელ ქვეყანას 10 ათასი PCR ტესტი აჩუქოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა და განმარტა, რომ საქართველოს შეუძლია სომხეთს დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩაუტაროს.

"მე როგორც ვიცი, დღეს სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის უნდა შედგეს სატელეფონო საუბარი და სომხეთის დახმარების საკითხთან დაკავშირებული დეტალები იქ გაირკვევა. მე შემიძლია დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციით გითხრათ, რომ შეგვიძლია ტესტირებაში დახმარება. დღიურად 500-დან 1000 – PCR ტესტამდე შეგვიძლია ჩავუტაროთ სომხეთს. ჩვენ შევთავაზეთ ეს, რომ შეგვიძლია ან ტესტირება ჩავატაროთ 500-დან-1000-მდე თუ ნიმუშები გვექნება, იცით რომ 4 საათის გზაა და 24 საათში შეგვიძლია პასუხი მივცეთ ან მეორე, ვაჩუქოთ დაახლოებით 10 ათასი PCR ტესტი," - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დაეხმარება.

ინფორმაციისთვის, სომხეთში 11 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის 14 669 შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 245 პაციენტი.

"ინტერპრესნიუსი"