"მიმალავდა, ვიცოდი, რომ მუცელი ჰქონდა გაბერილი და ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა" - რას ამბობს ბოდბეში ნაპოვნი ახალშობილის მამა? - კვირის პალიტრა

"მიმალავდა, ვიცოდი, რომ მუცელი ჰქონდა გაბერილი და ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა" - რას ამბობს ბოდბეში ნაპოვნი ახალშობილის მამა?

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, ბენზინგასამართ სადგურზე ნაპოვნი ახალშობილის მამა აცხადებს, რომ მან მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, ცოლი "გაზრდილ მუცელს კი ავთვისებიან სიმსივნეს აბრალებდა".

მისივე თქმით, მეუღლემ მარტო იმშობიარა და ახალშობილი მას არ უნახავს.

"მე არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო - ვიცოდი, რომ მუცელი ჰქონდა გაბერილი და ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მე მიმალავდა და არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. მე ბავშვი თვალით არ მინახავს, თვითონ იმშობიარა, დაახლოებით ერთი საათი საპირფარეშოში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა. 7 წელია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ რა ვიცი, სხვა ბავში არ გვყავს ამის გარდა. რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება არ ვიცი, ალბათ, არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა. მეუბნებოდა სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდება და საერთოდ აზრზე არ ვიყავი თუ ფეხმძიმედ იყო. რომ ვკითხე იმშობიარე თუ არაო, თავიდან მითხრა, რომ არ მიმშობიარიაო, დაგვიმალა და მერე აღიარა, რომ იმშობიარა, რატომ გააკეთა არ უთქვამს", - აცხადებს ბავშვის მამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"