ხედავს თუ არა საგანგებო მდგომარეობის დაბრუნების საჭიროებას თენგიზ ცერცვაძე? - კვირის პალიტრა

ხედავს თუ არა საგანგებო მდგომარეობის დაბრუნების საჭიროებას თენგიზ ცერცვაძე?

ერთნიშნა რიცხვი ან 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. დღეს რა სიტუაციაც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება საჭირო არ არის , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამკაცრება იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ საქართველოში დაფიქსირდა ის, რაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და ჩვენს სამეზობლოში ხდება.

"ჯერჯერობით გამკაცრების საჭიროება იმ თვალსაზრისით, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და რიგი შეზღუდვები დაწესდეს, არ არის. ერთნიშნა რიცხვი, ან თუნდაც 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. თუ დაფიქსირდა რაღაც იმის მსგავსი, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, ან შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენს მეზობლად; თუ დავინახეთ, რომ ასეთი რაღაცის რისკია ჩვენთან, მაშინ უნდა გამკაცრდეს ზომები. დღეს რა სიტუაციაც არის, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება საჭირო არ არის", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა არსებული წესები დავიცვათ.

"ახლა სხვა რამეა საჭირო - რა მინიმალური შეზღუდვებიც ახლა არსებობს, რომ პირბადეები ვატაროთ, სოციალური დისტანცირება დავიცვათ და ხალხმრავალ შეკრებებს თავი ავარიდოთ, ეს უნდა დავიცვათ და თუ სიტყვა გამკაცრებას ვიტყვით, სწორედ ეს უნდა გამკაცრდეს, რომ დაცული იყოს არსებული მინიმალური შეზღუდვები და არა ის, რომ "კომენდანტის საათი" დაწესდეს და ქალაქებს შორის მიმოსვლა შეწყდეს", - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"