"გაურკვეველია, რატომ მოხდა ამის დაკავშირება ჩვენს ოჯახთან" - რას წერს პანკისელი უხუცესის ხასო ხანგოშვილის ქალიშვილი?
12 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. დააკავეს ერთი პირი, ეროვნებით ჩეჩენი. მოგვიანებით სამართალდამცავებმა პანკისის ხეობაში, უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს. "ძალოვნები იყვნენ, უბრალოდ მოვიდნენ, დაათვალიერეს, თავიანთი საქმე გააკეთეს და წავიდნენ. თქვენი ნაცნობი ჩეჩენი დაკავებულია და ამასთან დაკავშირებით გვინდა, რომ ვნახოთო", - განცხადა ხასო ხანგოშვილმა. მისი თქმით, სპეცოპერაციის დროს დაკავებული მისი ნაცნობია, რომელიც მის სახლში წინა დღეს იმყოფებოდა. ის ბოლოს მისმა შვილმა გააცილა თბილისში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ხასო ხანგოშვილის ვაჟი დააკავეს, რაც ტყუილი აღმოჩნდა. შექმნილ ვითარებაზე "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს უხუცესის ქალიშვილი თუმი დიშნი (ნონა ხანგოშვილი):
"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა ბრალი ედება გუშინწინ ქავთარაძეზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ჩეჩენ ახმედს, რომლის მეგობრობაც ჩემს ძმასთან იყო ერთ-ერთი ჩვეულებრივი მეგობრობა ათასობით ჩეჩენ მეგობრობათა შორის, რომლის მოწმეც ჩემი ოჯახი ყოფილა წლების მანძილზე... ჩვენი ოჯახის კარი ღია იყო ნებისმიერი სტუმარისთვის, განსაკუთრებით ომისგან ნასახიჩრევი და დევნილი ჩვენი ჩეჩნებისთვის.
ჯერ კიდევ თემირლანის ბრალდებებთან დაკავშირებით მამაჩემი ხასო ხანგოშვილი აღნიშნავდა, რომ მსგავსი მეგობრობა და დახმარება ჩეჩენი ბიჭებისთვის ჩვეულებრივი ამბავია ჩვენში და ეს გაგრძელდება კიდეც.
ყველაზე გულსატკენი მთელ ამ ამბავში ის არის, რომ ბრალი დასწამეს ჩეჩნებს ნარკოდანაშაულში და ეს ხელაღებით ჟურნალისტები ყველა არხზე რამდენჯერმე იმეორებდნენ "ეროვნებით ჩეჩენს", ბინიდან გამოტანილ დალუქულ პაკეტებზე კი, სადაც კომპიუტერი და სხვა ნივთები იყო, თქვეს რომ ეს იყო ნარკოტიკები.
მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები ცოტა უნდა დაფიქრდნენ იმაზე მაინც, რა ამოძრავებთ და არა არის მათი საქმიანობის მიზანი: დეზინფორმაციის გავრცელება თუ მეზობელ, გენეტიკურად ყველაზე ახლობელ ერთან, ჩეჩნებთან წლების მანძილზე ძალიან დიდი ძალისხმევითა და შრომით აღდგენილი ურთიერთობების დამსხვრევა?
მივმართავ ასევე ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს, ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე მოვლენების ისედაც ასეთი დაძაბულობის ფონზე, რამდენად საჭირო იყო მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება და რატომ დააკავშირეს ეს თავიდან ნარკოტიკებს. (???) ასევე გაურკვეველია, რატომ მოხდა ამის დაკავშირება ჩვენს ოჯახთან. (???)
ჩეჩნები, როდესაც დევნილები იყვნენ პანკისის ხეობაში, როცა სრული თავისუფლება იყო ნარკოტიკების რეალიზაციისა და მოხმარების, იმ დროსაც კი დღემდე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ჩეჩენი ყოფილიყო ნარკოდილერი. პირიქით ისინი ყველანაირად ხელს უწყობდნენ აღკვეთილიყო პანკისის ხეობაში ეს საშინელება.
ჩეჩნებისთვის ეს პროფესია ღირსების აყრის ტოლფასია. დღეს კი ყველაფერთან ერთად დავინახეთ ამის დაბრალების მცდელობაც.
ან ყოველდღე ყველა არხზე რომ აცხადებენ ჩემი ძმის დაკავების შესახებ, როცა ის მხოლოდ რამდენიმე საათი იყო დაკითხვაზე (არანაირი ზეწოლა არ ყოფილა მასზე, ძალიან მშვიდ გარემოში დაკითხეს და გამოუშვეს) და არ შეეძლო ტელეფონისთვის ეპასუხა, რადგან ჩამოართვეს, ნუთუ პრობლემა იყო ჟურნალისტებისთვის დაერეკათ შესაბამის უწყებაში, არის თუ არა დაკავებული.
და რაც შეეხება იმას, რომ ახმედი იყო თუ არა ჩამოსული ორი დაპირისპირებულ გვარის შერიგებასთან დაკავშირებით, რასაც ჟურნალისტები ასე გულმოდგინედ გამოეკიდნენ, საინტრესოა ჰქონდა თუ არა ისეთი დიდი მნიშვნელობა, რომ TV პირველმა ეს გამოძიება მიიყვანა იქამდე, სანამ მამაჩემისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიაყენებინეს დაღუპულის ძმის მხრიდან. პირველ რიგში, უხუცესი რომც ტყუოდეს, იმაზე უფრო დიდი სირცხვილია ჩვენში, ახალგაზრდა ამას აბრალებდეს უხუცესს და ასე საუბრობდეს მასზე.
მის დაღუპულ ძმას მე უდიდეს პატივს ვცემდი და ვიცი, ეს უპატიებელი ცოდვაა ჩვენთვის, ორივე მხარისთვის, რომ ასე გაიმეტეს, მე ეს ადრეც თქვი და ახლაც ვამბობ. მაგრამ მამაჩემს მათთვის ერთი ზედმეტი სიტყვა არ უკადრებია, პირიქით ის ყველანაირად ცდილობდა მის სიკვდილამდე ეს ორი გვარი შეერიგებინა, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე.
მაგრამ ავღნიშნავ რომ, ჩვენ მაინც დამნაშავენი ვართ დაღუპულის წინაშე, რადგან ბრალდებულთა შორის ერთ-ერთი ჩვენი მოგვარე და ახლობელია და აქედან გამომდინარე, ვთვლით რომ დაზარებული ყველა შემთხვევაში მართალია.
იყო თუ არა ახმედი ამ დავის მოგვარების მცდელობისას მონაწილე, მინდა, ავუხსნა ყველას, რომ ჩვენთან ასეთ დროს, როცა მკვლელობის პატიება ითხოვენ, (რაც ნიშნავს ამ ორი გვარის შერიგებას) გარეშე პირებს ნებისმიერს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ეს დიდ მადლად ითვლება. შეიძლება ის არ იყო მთავარ შემრიგებელთა შორის, მაგრამ ის მიდიოდა ამ შერიგებაზე, როგორც ყველა დანარჩენი, თან ჩამოსული ჩეჩენი სტუმარის სტატუსით, რომ თუ საჭირო გახდებოდა მისი უშუალო დახმარებაც, დახმარებოდა კიდეც.
ზუსტად ამას ამბობდა მამაჩემი და თქვა ისიც, რომ ჩამოსული იყო უკრაინიდან და არა ჩეჩნეთიდან.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიანიჭეს ამას ამხელა მნიშვნელობა ჟურნალისტებმა.
მინდა მადლობა გადავუხადო Musa Pankiseli , Sulkhan Bordzgēr , Jarap Khangoshvili სამართლიანი მხარდაჭერისთვის და მთავარი არხი • Mtavari Arkhi, დღევანდელი სიუჟეტისათვის, რომელიც ყველა არხზე გაკეთებულ სიუჟეტებთან შედარებით ახლოს იყო სიმართლესთან.
დიდი იმედი გვაქვს ახმედი არ იქნება მორიგი მსხვერპლი, რომელიც შესაძლებელია სხვა გადაცემული ჩეჩნების მსგავსად გადასცენ რუსეთის სპეცსამსახურებს.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ეს არ ეხება ყველა ჟურნალისტს, მე ვიცნობ ჟურნალისტებს, სიმართლისთვის მებრძოლებს და ქვეყნის ინტერესების დამცველებს, ბევრი მათგანი გმირიცაა და საერთოდაც მე პატივს ვცემ ამ პროფესიას".
იხილეთ ასევე: "კავკასიის თავისუფლების საწინდარი საქართველოა" - ვინ არის ქისტი ქალი, ვინც კადიროვს საკადრისი პასუხი გასცა