"პატრონი მე არ მყავდა... მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა" - კვირის პალიტრა

"პატრონი მე არ მყავდა... მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა"

ვინ როგორ აღწევს წარმატებას, დგას თუ არა წარმატებული მამაკაცის უკან ქალი და რა არის წარმატებისთვის აუცილებელი - ცოდნა, გარეგნობა, იღბალი თუ ვინმეს ხელის წახმარება? - ამ კითხვებს იურისტი ანა დოლიძე ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში პასუხობს:

- ძალიან დიდ გაჭირვებაში გავიზარდე, 90-იან წლებში, როდესაც საჭმელიც კი არ გვქონდა. იცით, ალბათ, როგორი იყო ეს დრო. ვფიქრობ, გადარჩენისთვის ბრძოლამ ჩამომიყალიბა ასეთი მებრძოლი ხასიათი და მიზნად დავისახე მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და წარმატება. ამერიკაში წავედი, გადავწყვიტე, რომ იქ დავიცავდი სადოქტოროს და დავიცავი. ამას შევძლებ, ვიტყოდი რამეზე და ვასრულებდი კიდეც. თუ საქმის მიყვანა ბოლომდე არ შეგიძლია, თუ მიზნის მისაღწევად სხვა, ყურადღების "წამღებ" რაღაცაზე, მაგალითად, გართობაზე, დროს ტარებაზე, რაც ახალგაზრდობას ახასიათებს, უარს არ იტყვი, არაფერი გამოგივა.

- ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა ბევრ რამეზე უარის თქმა, წარმატებისკენ მიმავალი გზა რთულია, ხომ?

- რა თქმა უნდა, იოლი არ იყო. ამერიკაში სადოქტოროს რომ ვიცავდი, მაშინ უკვე მყავდა შვილი, ვცხოვრობდი წყნარად - წიგნები, ბიბლიოთეკა და ბავშვი. ძალიან ტურბულენტური, ქაოსური ცხოვრება მქონდა აქ, ამერიკაში კი სრულ სიმშვიდეში ვცხოვრობდი. როდესაც გადავწყვიტე, რომ აქტიური ცხოვრების დრო დადგა, ჩამოვედი კიდეც საქართველოში. საერთოდ, ძალიან მაღიზიანებს ნეპოტიზმი და კლანურობა. მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა. პატრონი მე არ მყავდა, ვხედავდი, რომ ბევრი მხოლოდ კარგი კავშირების წყალობით იკავებდა მაღალ თანამდებობას. ამას ყოველთვის ვაპროტესტებდი. ახლაც ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, მათ შორის, ჩემს შვილსაც, რომ იბრძოლონ და მიაღწიონ დასახულ მიზანს, რადაც უნდა დაუჯდეთ. მე ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად სწორედ ეს არის მთავარი და სხვა არაფერი!